"მოგვიწევს შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო" - კვირის პალიტრა

"მოგვიწევს შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც.

"მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებითაც ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

"ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო. მე პირადად გახლავართ იმ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება და ყველაფერი მაქსიმალურად დაცულად ჩატარდება. რაც შეეხება სწავლის პროცესს, ამაზეც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, თუ რა, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ეს ცნობილი იქნება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.",-განაცხადა პაატა იმნაძემ.