"ყველაფერს საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს ეკლესია და ხალხი გადაწყვეტს" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს ეკლესია და ხალხი გადაწყვეტს"

ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ქართველი ბაგრატიონების შთამომავალთა - ანა გრუზინსკისა და დავით მუხრანელის ოჯახი საგურამოში, საკუთარ სახლში იცხოვრებს. სანდო წყაროს ცნობით, ექვსმა ადგილობრივმა მოსახლემ დავით ბაგრატიონს აჩუქა სამი ათასი კვადრატული მეტრი მიწა, სადაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგრატიონები სხვადასხვა სამეფო ოჯახის წევრთა საზეიმო მიღებასაც გამართავენ.

ამ ინფორმაციის გადამოწმება "სამეფო სახლის" წარმომადგენლებთან ვცადეთ. ერთ-ერთმა მათგანმა, სიმონ კოპაძემ საგურამოს სახლის ამბავი არც დაგვიდასტურა და არც უარყო.

სიმონ კოპაძეს ვთხოვეთ, აეხსნა, რას ნიშნავს სოციალური ქსელის - "ფეისბუქის" გვერდზე მისი კომენტარი, რომ ბაგრატიონები ერთმანეთს არასოდეს დაშორდებიან.

სიმონ კოპაძე: - ბაგრატიონები არათუ არ დაშორებიან, უბრალო კონფლიქტიც კი არ ყოფილა. მეტს ვერაფერს გეტყვით.

- ჩვენი ინფორმაციით, სახლში, სადაც ახალდაქორწინებულებს უნდა ეცხოვრათ, მათი უსაფრთხოება სათანადოდ დაცული ვერ იქნებოდა, რა საფრთხე ემუქრებოდა მათ?

- მე არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რასაც ყველა ხედავდა, რომ ახალ ოჯახს ძალიან ბევრი მტერი გამოუჩნდა და ყველანაირად ცდილობდნენ მათ შევიწროებას. ამავე პერიოდს დაემთხვა შორენა ბეგაშვილის "აღიარებითი" სატელევიზიო ჩვენება, რომ ის თითქოს დავით ბაგრატიონის საყვარელი იყო და ანა ბაგრატიონთან დაქორწინების შემდეგაც ხვდებოდა მას. მათ გარშემო შექმნილი დაძაბული ვითარების გამო დავითმა და ანამ გადაწყვიტეს, მათი დაშორების შესახებ ხმებს დუმილით შეხვედროდნენ. სინამდვილეში ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ავის მოსურნეთათვის თვალის ახვევის მიზნით ცდილობდნენ, კავშირი გაესაიდუმლოებინათ. მოგვიანებით ევროპაში გაემგზავრნენ და როგორც დავითს განზრახული ჰქონდა, მეუღლე სამეფო ოჯახებსა და ნათესავებს წარუდგინა.

- "კვირის პალიტრას" სანდო წყარომ აცნობა, რომ ბაგრატიონები პოლიტიკურ შეხვედრებსაც მართავენ. ეს რას ნიშნავს, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას აპირებენ?

- ბაგრატიონების ასეთი აქტიურობა არ არის დაკავშირებული მომავალში მათ პოლიტიკურ გააქტიურებასთან, თუმცა ვფიქრობ, ვითარება მწიფდება საიმისოდ, რომ ამ ქვეყანაში როგორმე მოისპოს არჩევნების გაყალბების მექანიზმი და ძლიერი პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის პირობებში შესუსტდეს პრეზიდენტის ძალაუფლება. შემდგომ ახალი სისტემის ოთხწლიანი პერიოდი გვიჩვენებს, ღირს თუ არა უუფლებო პრეზიდენტის კონსტიტუციური მონარქით ჩანაცვლება.

- ფიქრობთ, რომ ეს უახლოესი ხუთი ან ათი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება?

- ვფიქრობ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება და ჩიხში რომ არ აღმოვჩნდეთ, სწორი გზა არის მოსაძებნი. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური მონარქია გახდება მყარი სახელმწიფოს გარანტი და ქვეყნის გეოპოლიტიკური დოქტრინის ქვაკუთხედი. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ერთმანეთშია არეული პოლიტიკურ ძალთა პირადი და სახელმწიფოებრივი ინტერესები, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია სახელმწიფოს სათავეში პოლიტიკურად ნეიტრალური პირის ყოფნა, რომელიც ერთი მხრივ იქნება სახელმწიფოს სიმბოლო, მეორე მხრივ - არბიტრი პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის; მხოლოდ მირონცხებულ მეფეს შეუძლია იყოს ურღვევი ხიდი ერის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.

- ვინ უნდა გახდეს მეფე, დავით ბაგრატიონი?

- ამაზე საუბარი ნაადრევია. ყველაფერს დრო, საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს ეკლესია და ხალხი გადაწყვეტს.