პათეტიკისაგან დაცლილი, საამაყო და გაუზვიადებელი... - კვირის პალიტრა

პათეტიკისაგან დაცლილი, საამაყო და გაუზვიადებელი...

ის აკეთებდა მნიშვნელოვან საქმეს და არასოდეს ითხოვდა საგანგებო უკუგებას. ელგუჯა მაღრაძე არის მწერალი, რომელმაც არაერთი საინტერესო ნაშრომი დაგვიტოვა. მის ირგვლივ ყოველთვის იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ეპოქის სახეს.

ლაღი თბილისელები იყვნენ, თავიანთი კაცთმოყვარეობით ბევრისმთქმელები. სულ სხვაგვარი იყო მათგან მოსმენილი წარსულის ამბები - პათეტიკისაგან დაცლილი, საამაყო და გაუზვიადებელი...

ხუთშაბათს ჟურნალ "გზას" და ელგუჯა მაღრაძის "გრიგოლ ორბელიანს" ერთად მიიღებს მკითხველი.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან:

"გრიგოლ ორბელიანისათვის ყველაფერზე ძვირფასი საკუთარი სამშობლოა. მისთვის კოჯრის ნიავი უფრო საამოა, ვიდრე თვალუწვდენელი ტრამალების პატრონობა და მფლობელობა. ეს ჩანს თუნდაც მისი ერთ-ერთი წერილიდან, სადაც ეკატერინე ჭავჭავაძეს სთხოვს, რადაც უნდა დაგიჯდეს, მშობლიურ კუთხეში დააბრუნე შენი შვილიო.

გრიგოლს მუდამ აღელვებს ქართველთა ბედი, სადაც უნდა იყვნენ ისინი. 1855 წლის 7 ივნისს სვიმონ შალიკაშვილს სთხოვს: ჩვენი ინგილოების - ახალი ქრისტიანების ამბავი მომწერე, როგორ არიან, შიში ნურაფრისა ექნებათ, არავის დავაჩაგვრინებთო.

ვინ არ მოუხიბლავს გრიგოლ ორბელიანის "იარალის", მის შესანიშნავ ლირიკულ ქმნილებებს: "ჩემს დას ეფემიას", უმშვენიერეს "საღამო გამოსალმებისას", მის მუხამბაზებს?..

ცნობილ პოემაში "სადღეგრძელო" მრავალი მშვენიერი სტრიქონია, საერთოდ კი იგი საკმაოდ მძიმე და გაჭიანურებული ლექსია, რიტმი და მარცვალთა რაოდენობაც კი არაა ყველგან დაცული, და მაინც ეს არის მძლავრი ორბელიანისეული პოეტური ლოდი, დიდია მისი ზემოქმედებითი ძალა..."

1842 წლის 20 მაისს გრიგოლი ქუთაისიდან სწერს ძმას, ზაქარიას:

"ქუთაისში მინისტრის ბრძანებით განათავისუფლეს გურულები, ბუნტისათვის დაჭერილნი. უნდა გენახა ამათი ტირილი და სიხარული, პირჯვრის წერა და დალოცვა. - მხოლოდ ერთი გაგზავნეს ციმბირში, შალიკაშვილი, რომელიც უწინდელს ბუნტშიაც ერია.

სამხედრო მინისტრმა ჩერნიშოვმა მართლა ბრძანა მეამბოხე გურულთა გათავისუფლება. ის სარევიზიოდ იყო გამოგზავნილი პოზენთან ერთად, განის რეფორმების და მისი შედეგების შესამოწმებლად. ამ შემოწმების შედეგად სენატმა უარყო რუსეთის გუბერნიების წესების ბრმად გადმოღების განისეული მეთოდი და შეიმუშავა ახალი წესები: გრიგოლიც დიდ იმედს ამყარებს ჩერნიშოვსა და პოზენზე.

გურული გლეხების შეწყალებაც ახალი წესების შემოღებასთან იყო დაკავშირებული და გრიგოლიც გახარებული ჩანს.

მაგრამ პოეტს უფრო სასიხარულო ამბავიც მოსდის: მისმა ძმამ, ზაქარია ორბელიანმა მაღალაშვილთან და ყორღანაშვილთან ერთად, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლეკებთან ბრძოლაში ყაზი-ყუმუხის საზღვარზე, მოიგო რიჭის ბრძოლა, აიღო ეს აული და თავისთვის პოდპოლკოვნიკის ხარისხიც უზრუნველყო.

მაგრამ ხარისხებს ვინ დაეძებს! ზაქარია გადარჩა "საშინელის ომისაგან", არ წაახდინა ღმერთმა ორბელიანთა გვარი და "უწინდელი წმინდა სისხლი აღმოჩნდა" მის ძარღვებში! გრიგოლი აღტაცებულია და ომახიანად იძახის:

- ახ! რატომ მეც მანდ არ ვარო. - ეს მეომრული სურვილი მალე აუსრულდა. გრიგოლი მალე "იქნება მანდ", ხუთმეტ-ჩვიდმეტი წლის განმავლობაში იძიებს შურს ქართველთა მაოხრებელ ლეკებზე.

საერთოდ, მომავალ გენერალს სიმამაცე მუდამ აღაფრთოვანებს, სიმხდალე კი აღაშფოთებს. ყორღანოვი და მაღალოვი ჩამიკოცნე, დღეს დაიხურეს მაგათ ქუდებიო, სწერს ზაქარიას, და აფრთხილებს - გაქცეულებს ცალი წვერ-ულვაში მოჰპარსეო."