საშეღავათო პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებობდა, დღეს დასრულდა - კვირის პალიტრა

საშეღავათო პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებობდა, დღეს დასრულდა

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.

მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი სრულად იცავს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეებს 50-მდე საპოლიციო სერვისს ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, "ერთი ფანჯრის" პრინციპით შესთავაზებენ.

ამასთანავე, შენარჩუნდება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური მომსახურება, რომლითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე - 2414242 ან ელექტრონული ვებგვერდის - www.police.ge-ის მეშვეობით.

1 ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც "ერთი ფანჯრის" პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.