"ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან ბოდიში მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე არსენ ტოროსიანს პასუხობს - კვირის პალიტრა

"ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან ბოდიში მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე არსენ ტოროსიანს პასუხობს

22 მაისს სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ონლაინ-საუბრის დროს საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ილაპარაკა და ისიც თქვა, რომ ქართული სტატისტიკა აეჭვებს.

"განსაჯეთ, როცა ჩვენ საქართველოს გავლით სომხეთში მოსულ პირებს, ქართველი მძღოლების ჩათვლით, დიაგნოსტიკას ვუკეთებთ, ვიღებთ დადებით ტესტებს და თან ძალიან დიდი რაოდენობით. განა შეიძლება ამის შემდეგ ჩაითვალოს, რომ საქართველოში, როცა დღეში მხოლოდ ერთი ან ორი, თუნდაც ექვსი შემთხვევა ცხადდება, ყველა საბოლოდ დასტურდება და სტატისტიკად იქცევა? საბოლოო პასუხი არც ამაზე არ მაქვს", - განცახდა მან.  იხილეთ სრულად

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს. ბატონმა თენგიზმა წერილი  "კვირის პალიტრას" მიაწოდა:

"ა.წ. 22 მაისს, საღამოს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნმა არსენ ტოროსიანმა გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ რიგი არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. კერძოდ მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში COVID-19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორე და გააკეთა დასკვნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია?! კერძოდ მან სიტყვა-სიტყვით სთქვა - "საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია"?! - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.

ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID-19-ის 723 დადასტურებული შემთხვევა , მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 5928 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 74 გარდაიცვალა.

ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

რაც შეეხება ბ-ნი ტოროსიანის კითხვებს, გავნმარტავთ, რომ საქართველოში ფუქნციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის "ლუგარის" სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით (სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად.

საქართველოს ნაციონალური პროტოკოლების და ალგორითმების თანახმად PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადექვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში.

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის

გენერალური დირექტორი

პროფესორი"

"ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ქართული სტატისტიკა აეჭვებს