"ამ პერიოდმა რაღაცებზე უფრო დამაფიქრა, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე"
23-05-2020
"ამ პერიოდმა რაღაცებზე უფრო დამაფიქრა, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე"
"ლევანი ძალიან ბედნიერი იყო, სახლში რომ მხედავდა"

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილსა და მის მსახიობ მეუღლეს, ლევან ხურციას საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი მუდმივად დატვირთულ დღის რეჟიმში ცხოვრობენ. მარიამს ხშირად უწევს ბრალდებულების დაცვა და არაერთი სკანდალური და ხმაურიანი საქმის განხილვაში მონაწილეობა. აღიარებს, რომ მოუცლელობის გამო ოჯახური ცხოვრებისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. შვილები დედას მონატრებულები იყვნენ და დღეს თურმე, ყველაზე ბედნიერები თვითიზოლაციით ისინი არიან.

- მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ნაკლებ დროს ვხარჯავ ჩაცმაში, მაკიაჟში,
ტრანსპორტით გადაადგილებაში, ქუჩაში გასვლაში, უფრო მობილიზებული გავხდი, მეტ დროს ვუთმობ სამუშაოს, ამავდროულად, საკუთარ თავს და ოჯახს, ბევრად პროგრესული ვარ. ბევრად ნაყოფიერია ჩემი სამუშაო დღე.
ყველაფერს მაქსიმალურად ვიცავ. თუ ძალიან აუცილებელი არ არის, საერთოდ არ გავდივარ გარეთ. ყველა წესს ვიცავ, პირბადით სიარულიდან და ხელთათმანებიდან დაწყებული. ეს
იქნება სადეზინფექციო საშუალებებით ყველაფრის დამუშავება თუ სხვა რამე, მართლა ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებ. ვფიქრობ, ასე დაცული ვარ.

- თქვენი დღის რეჟიმი ყოველთვის დატვირთული იყო. თვითიზოლაციაში ყოფნა ალბათ, გარკვეულწილად კარგიც იყო, რადგან ოჯახთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გაქვთ. როგორი იყო თვითიზოლაციაში მარიამ კუბლაშვილის ოჯახური ცხოვრება?
- წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი რამ გადავახარისხე, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა. რაც მთავარია, დავწყნარდი, გამოვიძინე. წავიკითხე წიგნები, რომლის წაკითხვაზე დიდხანს ვოცნებობდი. დრო მართლა არ დამიკარგავს განვითარების კუთხითაც. მგონი, ამ რეჟიმში ყველა სამზარეულოშია. კულინარია ჩემთვის ყოველთვის ჰობი იყო, ახლა კი განსაკუთრებით ხშირად ვტრიალებ სამზარეულოში, აზარტული გავხდი ამ საქმეშიც და განსაკუთრებული შედევრები შევქმენი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინე და გადავახარისხე, ჩემი გარდერობია. საერთოდ, ჩაცმულობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ამიტომ გადავსებულია გარდერობი. გადავახარისხე ყველაფერი და შედეგად, აღარაფერი შემრჩა. აღმოჩნდა, რომ ბევრ რამეს აღარ ვიყენებ და ამ დროს, რამდენს უჭირს. ჰოდა, ბევრი რამ გავაჩუქე. ყოველთვის ვცდილობდი ადამიანის დახმარებას, მაგრამ ამ პერიოდმა რაღაცებზე უფრო დამაფიქრა, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ვფიქრობ, ადამიანები მეტად კეთილშობილები გავხდით. რაც მთავარია, ჩემი ოჯახიც დავინახე სხვა თვალით. ახლა დამშვიდებული და დაწყნარებული ვარ.

- როგორც ამბობთ, კულინარიას უთმობთ დიდ დროს. ბევრი წუხს, რომ წონაში მოიმატა თვითიზოლაციის პირობებში, თქვენც შეგექმნათ ეს პრობლემა?
- ეს პრობლემა მეც მაქვს, წონაში აშკარად მოვიმატე, მაგრამ პრობლემა გლობალურია და თავს ვიმშვიდებ (იცინის). არაა კატასტროფა, ჩვეულებრივი ამბავია. სახლში დავიწყე ვარჯიში, მაგრამ იმდენი გონებრივი სამუშაო მაქვს, ვიფიტები.

- თქვენს მეუღლეს, ლევან ხურციას ხომ არ გაუჭირდა თვითიზოლაციაში ყოფნა?
- ლევანი ძალიან ბედნიერი იყო, სახლში რომ მხედავდა, რადგან ყოველთვის განიცდიდა, ნაკლები დრო რომ მქონდა ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის. ერთადერთი, თუკი რამეზე უთანხმოება გვქონია, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. მართლაც, ხშირად ისეთი დაღლილი მოვდივარ სახლში, ბავშვთან თამაშის კი არა, აღარც რაიმეს კითხვის, სიცილის, არაფრის თავი არ მაქვს, მხოლოდ ძილი მინდა. ცხადია, ლევანს ეს არ მოსწონდა. ახლა ამბობს, რა კარგია ეს კარანტინი, ორივე 9 საათზე სახლში ვიქნებითო. ასე რომ დარჩეს, მგონი, ბევრი ოჯახი ბედნიერი იქნება... სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მომწონს შინ ყოფნა და სიტუაცია, როცა საქმიანობის პარალელურად, ოჯახისთვისაც გრჩება დრო. ჩვენი ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან, კაცმა არ იცის, როგორ განიცდიან ამას და ეს ყველაფერი როგორ აისახება სამომავლოდ მათზე, როგორი ფსიქიკა ექნებათ. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ასეთი ურთიერთობები და დრო გამოინახოს ოჯახისთვის.
ბავშვებიც ბედნიერები არიან. ადრე მათ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდით, რადგან გადაღლილი მოვდიოდით მეც და ლევანიც. ჩვენი პატარა, რომელიც 4 წლის გახდება, საოცრად გახარებულია, შინ ამდენ ხანს რომ გვხედავს. უფროსი ვაჟი, რომელიც 15 წლისაა, აქამდე სულ ამბობდა, - დედა, მე უკვე ნევროზი მაქვს იმის გამო, რომ უნდა გკითხო, როდის მოხვალ სახლშიო. მას მერე, რაც თვითიზოლაციაში გვიწევს ყოფნა, ყოველ დილას მეკითხებოდა, - დედა, მიდიხარო? რატომ მეკითხები, ხომ იცი, არსად მივდივარ-მეთქი. - ვერ წარმომიდგენია, რომ არ მიდიხარო. მერე გამოტყდა, - დედაჩემი რომ არ მიდის სახლიდან, ძალიან ბედნიერი ვარო. (იხილეთ სრულად)

ვახო
24 მაისი 2020 11:42
მართლაც ძალიან საყვარელი და პოზიტიური გოგოა, წარმატებები

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები