"მეგრელების ჯგუფის" გადაღებები სხვა ჯგუფებისას არ ემთხვევა, ამიტომ "ვაკელებს" მოედანზე ვერ ვხვდებით" - კვირის პალიტრა

"მეგრელების ჯგუფის" გადაღებები სხვა ჯგუფებისას არ ემთხვევა, ამიტომ "ვაკელებს" მოედანზე ვერ ვხვდებით"

"ტონი კარგი ადამიანია, მაგრამ სერიალში ისე ჩანს, თითქოს ცოლის გავლენას განიცდის. ტონისა და დოჩისგან განსხვავებით, მე და ლელას დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ოჯახში გენდერული თანასწორობა დაცულია"

მიუხედავად იმისა, რომ თეატრში 40-ზე მეტი როლი ითამაშა, საზოგადოება გიორგი სურმავას მაინც სერიალში შესრულებული როლით იცნობს. ქუჩაში ტონის მეძახიან, ზოგი მეფერება, ზოგი კომპლიმენტებით მავსებს და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებს, ეს რა ძალა ჰქონია ტელევიზორსო, ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც ფოთში დავუკავშირდით.

- როგორ გაატარეთ ფოთელებმა პანდემიის დღეები?

- საშინელება იყო, მაგრამ ფოთელები კანონმორჩილები ვართ და ვასრულებდით ყველა რეკომენდაციას. იზოლაციაში ვიყავი მეუღლესთან, დედასთან და შვილებთან - 8 წლის ბარბარესა და 8 თვის ივანესთან ერთად. ადრე ბინაში ვცხოვრობდით, ახლა ეზოიან სახლში გადმოვედით, რომ ჰაერზე იყვნენ ბავშვები. მეც ეზოში ვჩხირკედელაობ და გამყავს დრო. ორთვე-ნახევარი ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის და არამარტო ჩემთვის. 40 წლის ვარ და ამდენ ხანს სახლში არასდროს ვმჯდარვარ... რთულია, მაგრამ რას იზამ! კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ბუნება მბრძანებელია. პანდემიის გამო თეატრს, სერიალს მოვწყდით, ყველას აერია გეგმები... გადაღებებზე რეგიონებიდან თბილისში ჩასვლას ვერ ვახერხებდით. ამბობენ, რომ თვის ბოლოს ნელ-ნელა დავიწყებთ მუშაობას. ვნახოთ...

მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ხშირად დავდიოდი თეატრში. ათი წლის ვიყავი, როცა პატარა ბიჭის როლი შემომთავაზეს და, რომ იტყვიან, მაშინ მოვიწამლე. თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანის სახელოსნო დავამთავრე. ჩემი ჯგუფელები იყვნენ კახა კინწურაშვილი, მარიამ ჯოლოგუა... ჯანო იზორია ჯგუფელი არ ყოფილა - ის რეზო ჩხეიძის სახელოსნოში სწავლობდა, მაგრამ ორი ფოთელი ერთ პერიოდში ვიყავით სტუდენტები და ბინასაც ერთად ვქირაობდით. მერე კი მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი.

- თქვენი და ჯანოს მეგობრობაზე ბევრი მსმენია... - დიახ, პარალელურ კლასებში ვსწავლობდით, სტუდენტური ცხოვრებაც ერთად გამოვიარეთ, ახლა კი ერთ თეატრში ვმუშაობთ. ის ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა. მოკლედ, როგორც ზოგჯერ ჯანო ხუმრობს, მთელი ცხოვრება ეტლში შებმული ცხენებივით ერთად მოვდივართო. რა თქმა უნდა, ბევრი საერთო ისტორიაც გვაქვს.

სტუდენტობისას მთაწმინდაზე ვქირაობდით ბინას. ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით, ძირითადად, კარტოფილს ვჭამდით - შემწვარს, მოხარშულს... თუ გახსოვთ, ორიათასიანების დასაწყისში მიწისძვრა მოხდა. ამ დროს მე შინ ვიწექი სიცხიანი და ჯანო მივლიდა. საღამოს მოიყვანა პატარა ზაზუნა, გამახარა... მოვიჩვიეთ, მოვეფერეთ, ვაჭამეთ, ჩავსვით სამლიტრიან ქილაში... მოკლედ, ჩვენიანად ვაგრძნობინეთ თავი. ცოტა ხანში ამ ჩვენიანმა ზაზუნამ გიჟივით სირბილი და ხტუნვა დაიწყო, გაუხეშდა, ქილიდან ამოხტა... ჯანო გამოუდგა და უცებ საშინელი ხმაც გაისმა. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და სახლის კიბე მთლიანად ჩამოინგრა. გადავხტი და ფეხი ვიტკინე. ასე, ნახევარ საათში სიტუაცია ჩაწყნარდა.

თურმე ზაზუნები მიწისძვრას წინასწარ გრძნობენ... მომდევნო დღეებში განმეორებითი ბიძგები იყო და წინასწარ რომ გვცოდნოდა, სადაც დავდიოდით, ყველგან თან დაგვყავდა სამლიტრიანი ქილით. ფორიაქს რომ დაიწყებდა, ვიცოდით, რომ შენობიდან უნდა გამოვსულიყავით.

- სერიალში როგორ მოხვდით? - სენაკში იყო გადაღებები. ღამის 11 საათი იყო, როცა დამირეკეს. ეძებდნენ დოჩის საქმროს. ჩემი მეგობარი ლექსო ენდის როლს თამაშობს სერიალში და მას უთქვამს ჩემზე, ტონის როლზე კარგი კანდიდატურააო. ისე ჩავედი სენაკში, არც ვიცოდი, ვინ უნდა მეთამაშა. რეჟისორმა მნახა. ჩააცვითო, თქვა და დაიწყო. იმის მერე გრძელდება და გრძელდება...

ჯგუფიც ისეთია და რეჟისორიც, ყველა ხელს გვიწყობს. სცენარიც ისეთი მოდის, ალღო იოლად ავუღეთ. მოგვწონს მუშაობა და ხალხსაც მოსწონს სერიალი.

- სერიალში სასაცილო სახელი გქვიათ... - დიახ. ტონი ოჩიგავა პასპორტით ანატოლია, მაგრამ ტონის ეძახიან. ამ სერიალის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მეძახის ტონის. ტელევიზია ძალიან ბევრს აკეთებს. დიდი ხანია, თეატრში ვმუშაობ, მაგრამ აღიარება ტელევიზიამ მომიტანა...

- მსახიობებიდან ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობთ? - "მეგრელების ჯგუფის" გადაღებები სხვა ჯგუფების გადაღებებს არ ემთხვევა, ამიტომ "ვაკელებს" და სხვებს გადასაღებ მოედანზე ვერ ვხვდებით, თუმცა ყველას ვიცნობ და ვმეგობრობთ.

ეკრანული მეუღლისგან განსხვავებით, ჩემი მეუღლე ლელა ბერაია საბანკო სექტორში მუშაობს, თუმცა ამჟამად პატარას უვლის. ისიც ფოთელია. მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდი, დავოჯახდით და დღემდე ბედნიერად მოვდივართ.

- ტონის გავხართ რამით? - ტონი კარგი ადამიანია, მაგრამ სერიალში ისე ჩანს, თითქოს ცოლის გავლენას განიცდის. ტონისა და დოჩისგან განსხვავებით, მე და ლელას დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ოჯახში გენდერული თანასწორობა დაცულია.