"ვევედროთ უფალს, რომ სიყვარულითა და ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე" - კვირის პალიტრა

"ვევედროთ უფალს, რომ სიყვარულითა და ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე"

"ვევედროთ უფალს, რომ მოგვეცეს ეს სინანული, რათა სიყვარულითა და ერთობით კვლავ მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად სიყვარულით შევხვდეთ და ვიზეიმოთ ეს დღე", - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა.

"ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხვასა და მოლოცვას.

თქვენ იცით, რომ მან ეს დღე დაადგინა, როგორც აფხაზეთის დღესასწაული, ვინაიდან წმინდა სვიმონ კანანელმა იქადაგა აფხაზეთში და არის განმანათლებელი ჩვენი ქვეყნისა და აფხაზეთისა. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენი ერი არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ჩვენს ქვეყანაში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. ვმადლობთ დღეს უფალს ამისთვის, ვინაიდან ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი აქვს და ჰქონდა საქართველოს; ეს არის უფლის სიტყვა, მისი ეკლესია და მადლი სულისა წმინდისა და როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება".

ხშირად ადამიანები ვფიქრობთ, თუ რა არის ეს გზა, რა არის ჭეშმარიტება, როგორი უნდა იყოს ცხოვრება? ამაზე პასუხია ის, რომ ჩვენი ვალი, მისია ქართველი ერისა - ეს არის ამ ჭეშმარიტების ერთგულება, ამ გზით სიარული, ამ ცხოვრების დაცვა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ვევედროთ წმინდა სვიმონ კანანელს, რომ შევძლოთ ამ სიწმინდის დაცვა და ამ გზით სიარული, ეს არის ჩვენი ერის გადარჩენის გზა.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ამ სიხარულთან და ზეიმთან ერთად გვაქვს მწუხარებაც, ვინაიდან ვიხსენებთ იმ დიდ ტრაგადიას, ძმათა მკვლელ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ჩავდივართ აფხაზეთში, რომ იქ ვიზეიმოთ ეს დღე წმინდა სვიმონ კანანელის საფლავთან აფხაზებთან, ჩვენს ძმებთან ერთად", - აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც მან ქადაგებისას განაცხადა, გარეშე ძალებმა მოახერხეს ჩვენ შორის მტრობის ჩამოგდება, მაგრამ გარეშე ძალებთან ერთად, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვალი ამ ყველაფერში.

"მის უწმინდესობასა და უნეტრესობას მრავალჯერ უთქვამს, რომ ჩვენს შორის იყო საოცარი ურთიერთობა და სიყვარული. სამწუხაროდ, გარეშე ძალებმა მოახერხეს ჩვენ შორის მტრობის ჩამოგდება, მაგრამ გარეშე ძალებთან ერთად, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვალი ამ ყველაფერში. ქრისტიანულ სწვალებაში არის ის დებულება, რომ როდესაც მოყვასებს შორის არის კონფლიქტი, მით უმეტეს, ძმათა შორის, მით უმეტეს, ისეთი კონფლიქტი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, რომელსაც ძმათა მკვლელი ომი ეწოდება, შეუძლებელია, ერთი მხარე იყოს მართალი და მეორე - მტყუანი. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ასეთ დროს ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე, ყოველთვის ორივემ უნდა მონახოს თავისი ბრალეულობა იმისთვის, რომ ეს ჩატეხილი ხიდი გამთლიანდეს და ისევ აღდგეს ურთიერთსიყვარული, რომლისთვისაც დღეს ჩვენ ვლოცულობთ.

უფალმა ინებოს, წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, რომ მოგვმადლოს ეს სინანული, ვევედროთ უფალს, რომ მოგვეცეს ეს სინანული, რათა სიყვარულითა და ერთობით კვლავ მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად სიყვარულით შევხვდეთ და ვიზეიმოთ ეს დღე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას, უფალმა ინებოს, რომ მისი ლოცვითა და მადლით მოვესწროთ გამთლიანებულ საქართველოს და ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან აღდგენას იმ სიყვარულისა და ძმობისა, რომელიც ჩვენ ოდითგანვე გვქონდა და გვექნება ღვთის მადლით, ამინ", - განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

მეუფე შიოს ქადაგების ტექსტს საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.