"ხო ლამაზად ვკვდები, ხო არ გავფუჭდი, წიქავო?"
"ხო ლამაზად ვკვდები, ხო არ გავფუჭდი, წიქავო?"
ფოტო:თაია ჭინჭარაული
"ხევსურებისთვის სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდებოდა. სიკვდილის შემდეგაც იქ სიცოცხლე ეგულებოდათ, სადაც ლამაზად უნდა წასულიყვნენ"

რისთვისაც უნდა იბრძოდეს ადამიანი, მისი მთავარი გამარჯვება სიკვდილის შიშთან გამარჯვებაა, მაგრამ იშვიათად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც ამას შეძლებდა. ჩვენს წინაპარს, რომელსაც ყოვლისშემძლე ტექნოლოგიები არც დაესიზმრებოდა, ეს შიში დათრგუნვილი ჰქონია. შორს რომ არ წავიდეთ, რეზო ინანიშვილის მოთხრობა "ჩაჩაურის წასვლას" გავიხსენებ - ჩაჩაურმა სიკვდილის წინ ჰაერი რომ ჩაიგროვა, ამოისუნთქა და მოულოდნელი რიხით იკითხა: - ხო ლამაზად ვკვდები, ხო
არ გავფუჭდი, წიქავო? - არა, არ გაფუჭებულხარ, ჩაჩაუროო! - უპასუხა წიქამაც და ჩაჩაური მშვიდად მიიცვალა. ამ თემამ, თუ როგორ ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები ამ შიშის გადალახვას, სწორედ "ჩაჩაურის" შთამომავალი, თაია ჭინჭარაული მომაძებნინა. მისი ნაამბობი ყველაზე მთავარს შეგვახსენებს - რამდენადაც მეტად ვართ მიდრეკილი სულიერი და არა მატერიალური
ღირებულებებისაკენ, მით მეტად ძლიერები ვართ ნებისმიერი შიშის და მათ შორის, სიკვდილის შიშის წინაშე.

"ჩაჩაური" შატილის მკვიდრი იყო, ყაწილ ჭინჭარაული. წიქაც მისი ძმისშვილი, ცნობილი მეცნიერი ალექსი ჭინჭარაული გახლდათ. "ჩაჩაურს" ორი ძმა ჰყავდა: მიხა და ლეკო. თაია ჭინჭარაული ლეკოს შვილიშვილია. ამბობს, მხოლოდ პაპაჩემები კი არა, მთელი ხევსურეთი ასე კვდებოდა, სიკვდილის წინაშე მხოლოდ სიტყვით კი არა, სრული სულიერი შეგნებულობით არ იხრიდნენ ქედს, სიკვდილის რომ შეშინებოდათ, ან წამდაუწუმ შემოსეული მტრისთვის ან ხშირად დარეული დაავადებებისთვის როგორ უნდა გაეძლოთო.

- გეთანხმებით. მთაში რომ სიკვდილის შეშინებოდათ, მაშინ შატილიც უნდა აყრილიყო და გადასახლებულიყო, ისინი კი იქვე იყვნენ და იბრძოდნენ. ერთ-ერთ ბოლო ბრძოლაში ამ ერთმა სოფელმა შამილის 5000-კაციანი რაზმი 70 მეომრით დაამარცხა.
- ხევსურები სიკვდილთან შეუპოვრობას ჯერ კიდევ აკვანში სწავლობდნენ, როცა შინიდან ყოველი გასვლა შინ დაუბრუნებლობას ნიშნავდა. ამიტომაც ან სიკვდილი უნდა გაეშინაურებინათ, ანდა წამხდარიყვნენ... და განა მარტო მრავალრიცხოვანი მტერი - მთაში ერთ ოჯახში გაჩენილი დაავადება მაშინვე მეორეში გადადიოდა და სულ სიკვდილიანობა იყო. სწორედ ამიტომაც შეიქმნა მათ დაუწერელ კანონებში ისეთი "მუხლები", რაც მათ სიცოცხლის გაგრძელებას ავალებდა. ასე იყვნენ ყველანი და მათ შორის პაპაჩემი ლეკო ჭინჭარაული და მისი ძმები ყაწილი და მიხა. პაპაჩემ ლეკოსა და "მის დიაცს", ჩემს ბებოს მექიას, შვიდი შვილიდან ოთხი გარდაცვლილი ჰყავდათ. ბავშვები საღ-სალამათი დაიბადნენ, მაგრამ გაჩნდებოდა რაიმე ინფექცია და იხოცებოდნენ ბავშვები. როგორი იყო ამის გაძლება?! მათ კი ევალებოდათ, უნდა გაეძლოთ. გლოვასაც ვერ შეამჩნევინებდნენ სხვებს, სისუსტის მაგალითი რომ არ მიეცათ.

მექია ბებო

- თურმე პაპათქვენ ლეკოზეა გადაღებული გოდერძი ჩოხელის ფილმი "ცოდვის შვილები". სულისშემძვრელი ფილმია, თუ როგორ იკლავს თავს ხევსური ტყვის მიმართ უდიერად მოპყრობის გამო.
- ფილმი მართლაც პაპაჩემ ლეკოზეა გადაღებული. თუმცა გოდერძიმ სცენარი რეჟისორულად შეცვალა. ხევსურებში ტყვესთან ღირსეულად მოქცევაც დაუწერელი კანონი იყო, რადგან როგორც მიიჩნევდნენ, სიკვდილზე უარესი ღირსების შელახვა იყო, თავად ტყვესაც არ შეულახავ­დ­ნენ ღირსებას. მიუხედავად იმისა, რომ ქისტებსა და ხევსურებს გამუდმებული ომი ჰქონდათ, არც ხევსურები და არც ქისტები ტყვეს ცუდს არაფერს აკადრებდნენ. ხევსურები ქისტებს იმის გამო ატყვევებდნენ, რომ მათ ნაძარცვი დაებრუნებინათ. შატილიდან სულ 2-3 საათის სავალზეა ქისტების სოფელი ჯარეგო, რომელზეც ვაჟა ფშაველამ "სტუმარ-მასპინძელი" დაწერა. ხევსურები სავაჭროდ ქისტეთში გადადიოდნენ, იქ პირუტყვსა და რძის ნაწარმს ყიდდნენ, ადგილზე კი შაქარს, მარილსა და მისთანებს ყიდულობდნენ. ერთხელაც შინ დაბრუნებისას ხევსურებს ქისტები დაეცნენ და მთელი ნავაჭრი წაართვეს ცხენებიანად. ამას შატილიონები ვერ აიტანდნენ, ნაძარცვი უკან უნდა დაებრუნებინათ, თორემ სხვა თუ არაფერი, ახალგაზრდა ქალები გაუმწარებდნენ სიცოცხლეს კაფიებში წაკბენით, ლაჩრებოო. ამისთვის ერთი გზა კი ტყვედ რომელიმე ქისტის აყვანა და სანაცვლოდ ნავაჭრის უკან დაბრუნება იყო. ჰოდა, ერთ დღესაც პაპაჩემ ლეკოს ძმას, მიხას საძოვრებზე ცხვარი დაუტოვებია, შინ დაბრუნებულა და ქისტეთში გალაშქრებისთვის თოფის გაწმენდას შესდგომია.

პაპაჩემი ლეკო, რომელიც მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო, უფროს ძმას თოფის წმენდისას წაადგა, თოფს რად წმენდო.
მიხამ უთხრა, დამიჟანგდაო, მაგრამ ლეკო დაემუქრა, ვიცი, სადაც მიდიხარ, თუ არ წამიყვან, მთელ სოფელს შევატყობინებო, სოფელი კი ყმაწვილს სასიკვდილოდ არ გაუშვებდა, ამიტომ მიხამ უკან დაიხია, ორივე რომ დაგვხოცონ, რა ვქნა­თო? მაგრამ პაპამ არ დაიშალა და ძმას გაჰყვა, თან ძარცვის გამო გაალმასებული ორი ხევსურიც იახლეს. მოკლედ, გამთენიისას წასულები ქისტების სოფელს შუადღისას მიადგნენ და ტყეში ხის საჭრელად გამოსული ახალგაზრდა ქისტიც ნახეს, ასანი ერქვა თურმე. შეესვენა, ფეხსაცმელები გაეხადა და თავის წესზე ფეხშიშველა ლოცულობდა. რაღა თქმა უნდა, ამათაც ქისტი ასე ფეხშიშველადვე შეიპყრეს და წამოიყვანეს. გზაში ლეკომ ბანდულები წაიძრო ფეხიდან და ტყვეს მიუგდო, ჩაიცვიო. მაგრამ ტყვეც არ აღმოჩნდა სუსტი და ბანდულებს არ მიეკარა, არ მინდა, არ ჩავიცვამო! მაშინ უკვე მიხამ უბრძანა, ჩაიცვი, შენს ნებაზე ვერ ვივლით, ჩემი ძმა უფეხსაცმლოდ გაძლებს, შენ კი ვერაო. ეს გაძლებს და მე ვერაო, დამცინავად იკითხა თურმე ქისტმა, მაგრამ მიხამ უკვე წყნარად უპასუხა, ლეკო ობლობაშია გაზრდილი, მუდამ ფეხშიშველა დადიოდა და სიპებზე არ გაუჭირდებაო. მოკლედ, ტყვე შატილში დაღამებულზე მიიყვანეს და ყველაზე შეძლებულ ოჯახში დააბინავეს; ლეკოს კი ერთი კვირა უშუშებდნენ სიპზე დასერილ ფეხებს ცხვრის დუმით...



- მართლა საოცარი ამბავია.
- დიახ. ეს კი არა, ტყვე ლეკოს იმდენად შეეჩვია, ხანდახან ეხვეწებოდა კიდეც, მეჭიდავე, უქმად ყოფნით დავძაბუნდიო, ლეკოც, რაც უნდა დაღლილი ყოფილიყო, უარს ვერ ეუბნებოდა, აბა, ტყვეს უარი როგორ ვუთხრაო. ერთ დღესაც მიხას დაუძახეს, ჩქარა მოდი, ტყვე ტირისო. მიხაც გაიქცა და რას ხედავს, ტყვე სოფლის სალოცავს გასცქერის და მუშტს გულში იცემს. სალოცავზე კი ქისტი მოსულა და თან გამოსასყიდად ხარი მოუყვანია. ტყვემ მიხა რომ დაინახა, შეევედრა, ჩემს გამოსასყიდად მამაჩემის მკვლელი გამოუგზავნიათ, ჩანს, ჩემს სოფელს ჩვენი შერიგება სწადია და ნუ გამატან, მამის მკვლელის შერიგებას სიკვდილი მირჩევნიაო! ეს იმ დროს, როცა სალოცავზე გამოსასყიდით მოსული კაცის უარით გასტუმრება ცოდვად ითვლებოდა. ორ ცეცხლშუა ჩამდგარ მიხას მაინც ეს არჩევანი გაუკეთებია - არ წაგახდენ და მამის მკვლელს არ გაგატან. ვიტყვი, რომ გამოსასყიდზე ყაბულს არა ვარ, მთელი ნაძარცვის დაბრუნებას მოვითხოვო. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, როდესაც ტყვე გაუშვეს პაპაჩემებმა, ტყვეს იქით გაატანეს ხარი. ცოტა ხანში ქისტეთიდან ცნობა მოვიდა, ქისტმა მამამისის სისხლი აიღოო. ამ ტყვესა და მის ოჯახთან ჩემს სამივე პაპას სიკვდილამდე ჰქონდათ ურთიერთობა.

- ყაწილსაც, რომელმაც თქვა, ხომ ლამაზად ვკვდებიო?
- ცხადია. ერთი ძმის ძმადნაფიცი დანარჩენი ძმებისთვისაც ძმადნაფიცი იყო. ყაწილი 1940 წელს გარდაიცვალა თავის ჭრილობით. სიკვდილის წინ ოჯახი მასთან ყოფილა, მათ შორის ძმისშვილიც, ბიძაჩემი ალექსი ჭინჭარაული, და სწორედ მან უამბო რეზო ინანიშვილს, ყაწილი რომ სიკვდილის წინაც დარდობდა, ხომ ლამაზად ვკვდებიო!

ხევსურებისთვის სიცოცხლე სიკვდილით სულაც არ მთავრდებოდა. სიკვდილის შემდეგაც იქ სიცოცხლე ეგულებოდათ, სადაც ლამაზად უნდა წასულიყვნენ.
გარდაცვლილებთანაც თითქოს არასოდეს წყდებოდა კავშირი - ყველაფერი სამყაროს უწყვეტი ჯაჭვივით იყო. ისე, ქორწილებზეც კი ათიდან რვა სადღეგრძელო გარდაცვლილებისა იყო.

ამ შემეცნებამ, რომელიც ზოგჯერ ჩემთვისაც აუხსნელია, ჩვენი წინაპრის ფიზიკური გადარჩენაც განაპირობა. სიკვდილის დაძლევისა და სისუსტის დათრგუნვის მიზნით მთაში დედებს შვილების დატირებაც ეკრძალებოდათ, სანთელივით უტყვად უნდა ყოფილიყვნენ. ჩემი ბებო, რომელსაც 4 შვილი ჰყავდა გარდაცვლილი, ხანდახან გაიხსენებდა ხოლმე, შვილებს დღისით რომ ვერ ვტიროდი, ღამით ნაცართან დავჯდებოდი, ნაპერწკალს ვჩხრეკდი და იმათ ჩავტიროდიო.

ხევსური ქალები ქმრებს ზოგჯერ შვილების სიკვდილსაც უმალავდნენ, რომ ომის გაგრძელებაში არ შეშლოდათ ხელი.

დღეს ბევრმა ხევსურმა იცის ერთი შატილიონი ქალის ამბავი, აკვანში ტყვიით მოკლული ჩვილი რომ დაუმალა ქმარს. ის ერთი ბეწო გოგო იყო, როდესაც სოფელს მტერი შემოესია და მისი ქმარი სათოფურებში დადგა მოსაგერიებლად, ქალმა აკვანი კოშკის კუთხეში მიდგა და თავად ტყვია-წამალს აწვდიდა ქმარს. ამ დროს ფანჯრიდან შევარდნილმა ბრმა ტყვიამ შვილი მოუკლა. ქალმა შვილის აკვანზე სისხლი დაინახა თუ არა, უსულო ჩვილს ერთი დახედა და ისევ ტყვია-წამლის მიწოდება განაგრძო. როდესაც სოფელმა მტერი მოიგერია და ქმარმა იკითხა, ბალღის ხმა რატომ არ ისმისო, მხოლოდ მაშინ უთხრა, აღარ გვყავს, რომ მეთქვა, ხელი აგიკანკალდებოდაო.

ასეთებს რა სიკვდილის შიში მოერეოდათ? სამაგიეროდ, თავიანთი მიკუთვნებული სიცოცხლით იყვნენ კმაყოფილები და ბედნიერები. სიცოცხლის საზრისიც სწორედ ასეთი ბედნიერება მგონია.
მოგზაური
08 ივნისი 2020 23:02
ამ ერთ სტატიაში რამდენიმე ფილმის მზა სცენარია ადამიანურ მარადიულ ღირებულებებზე, თუმცა არა... ჩვენს დროში ხომ სულ სხვა ტიპის ღირებულების მქონე ფილმები იგებენ ნომინაციებს...
გია
08 ივნისი 2020 10:13
ხევსურებოოო, გენაცვალეთ ჯიგარში
დალი
08 ივნისი 2020 01:01
ვენაცვალე ჩემს ქართულ, სულით ძლიერ ჯიშსა და ჯილაგს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?