"ზოგი სევდას აგროვებს, ზოგი დარდს, ადამიანს გააჩნია, ვინ დარდობს და ვინ ილხენს" - კვირის პალიტრა

"ზოგი სევდას აგროვებს, ზოგი დარდს, ადამიანს გააჩნია, ვინ დარდობს და ვინ ილხენს"

"გვიან მოვინათლე. მამა სერაფიმემ მომნათლა მდინარე მაჭახელაში, სადაც ჩვენს წინაპრებს, მათ, ვინც სარწმუნოებას არ შეიცვლიდნენ, თავებს კვეთდნენ"

"დღეს ყველაფერს გვკარნახობენ აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან და რა ვიცი, კიდევ საიდან... დიდგორობის აღნიშვნა, ასევე ბათუმში თავისუფლების მემორიალის დადგმა რომ გვინდოდა, გამოვდიოდით, მათ შორის მეც ვიყავი მიტინგზე და ჩემი ლექსი წავიკითხე: "ვინიშნები საქართველოს კარისკაცად, ისტორიას ცრემლის სხივით ვქარგავ, თურქს არ ახსოვს, რაც ოსმალომ წარიტაცა, სამწუხაროდ, გამხსენებიც არ ჰყავს"... სიბრძნით თუ დავიცავთ ჩვენს საქართველოს, თორემ ჩვენ გარშემო ისეთი ძლიერი ქვეყნებია, იმდენი "დევი", რომ ძალით მათ ვერაფერს დავაკლებთ. პირობას გაძლევთ, ბოლომდე ვიქნები საქართველოს ერთგული კარისკაცი!" - გვეუბნება პოეტი, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრი დავით თედორაძე.

- ბატონო დავით, თქვენი კრებულების სათაურებისა არ იყოს, "გაგვიავდრდა" და "ბეწვის ხიდზე გავდივართ" და ვინ იცის, მერამდენედ...

- მუდმივად ასე იყო - ჩვენი წინაპრები სულ ბეწვის ხიდზე გადიოდნენ, სამშობლო რომ შეენარჩუნებინათ. ახლაც ასე ვართ, ახლაც სამშობლოსთვის გვიწევს ქარტეხილების გადავლა...

- "ლიქნამ კაცობა წაბილწა და პირფერობამ - ღირსება"... როგორც ღირსების ორდენოსანს, რა მიგაჩნიათ ადამიანის მთავარ ღირსებად? - ადამიანის მთავარი ღირსება თავმოყვარეობა და ყველაფერ იმის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც ქართველობისთვის მიუღებელია.

- "ბაღში ვდგავარ და დარდს ვყიდი" რომ ამბობთ, რა გაქვთ სადარდებელი? ზოგი სევდას აგროვებს, თქვენ დარდს ყიდით, გგონიათ, გამოჩნდება მყიდველი, როცა სხვებს ისედაც ოხრად აქვთ საკუთარი? - ქართველ კაცს სადარდებელს რა გამოულევს? ჩემი მთავარი დარდია მიმდინარე პროცესები, რაც დღეს გვჭირს და რაც გუშინ გვჭირდა - სამშობლოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კეთილდღეობა... ეს ყველაფერი დარდია. დარდს არავინ იყიდის, ის შიგნიდან მომდინარეობს და სულიერი მდგომარეობაა, ზოგი სევდას აგროვებს, ზოგი დარდს, ადამიანს გააჩნია, ვინ დარდობს და ვინ ილხენს.

- დღეს ვინ ილხენს? - "არ არსებულა, არ თქმულა, ზღვა ამოევსოს მდინარეს, მელაპარაკე ქართულად, გუმბათი ეტყვის მინარეთს.... ქედს ნუ მოვიდრეკთ დევებთან, მელაპარაკე ქართულად"...

- დევებში ვის გულისხმობთ? - საქართველოს ირგვლივ ხომ "დევები" აკრავს, მუსლიმანური სამყარო და მასზე უარესი - რუსეთი. ეგენი არიან "დევები" და მათ ქედი არ უნდა მოვუხაროთ. რომ ვამბობ, ქართულად ვილაპარაკოთ და ვიაზროვნოთ-მეთქი, მარტო ენა და ლაპარაკი კი არ იგულისხმება, ამაში მთელი ყოფაა ჩადებული: ჩვენი ქცევა, კულტურა, ტრადიცია, მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება ქართლისა.

- რადგან "დევებს" შევეხეთ, რა პრობლემებია ამ მხრივ თქვენს რეგიონში. - აჭარაში მწვავედ იგრძნობა ეს პრობლემა. მოსახლეობის ერთი ჯგუფი ითხოვს, რომ ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს, წლებია ამისთვის იბრძვიან, მაგრამ ბათუმში ერთი კი არა, 6 მეჩეთია.

დაახლოებით 4-5 წლის წინ ბათუმში ჩავატარეთ გამოკითხვა, ვინ იყო თანახმა ქალაქში მეჩეთი აშენებულიყო. გამოიკითხა 67 ათასი ბათუმელი და მათგან 93%-მა ეს საჭიროდ არ ჩათვალა, 3% ითხოვდა მეჩეთის აშენებას, 3%-მა კი თავი შეიკავა. აქ მარტო სარწმუნოებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ გავლენის სფეროების გაფართოებაზე.

დღეს თურქული ინვესტიციები არა მარტო აჭარაში, მთელ საქართველოშია ჩადებული. თბილისში, აღმაშენებელზეც გამივლია და მინახავს, ძირითადად, თურქული დაწესებულებებია. მათ შორის ბათუმშიც ბევრია თურქების სავაჭრო ობიექტი, სასტუმროები, სახლები...

- პოეზია და პოლიტიკა ჰარმონიაშია ერთმანეთთან? - პოეზია და პოლიტიკა კარგად რომ ეწყობა ერთმანეთს, ამისი მაგალითია თუნდაც ბუმბერაზი ილია ჭავჭავაძე, რომელიც დუმის წევრი იყო და ეს არ უშლიდა ხელს, მთელი ერის ტვირთი ეზიდა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შეიძლება ხელისუფლებისგან დღეს ქართულ მწერლობას იმდენი დახმარება და ხელის შეწყობა არა აქვს, მაგრამ ხალხს უყვარს ქართული მწერლობა და მის წარმომადგენლებთან კონტაქტი. პირადად მე ძალიან იოლად ვნახულობ მათთან ენას, ჩემგანაც დიდ სიყვარულს გრძნობენ და მეც მათგან.

- ხელვაჩაურში, თქვენს სოფელ ერგეში ეკლესია აგიშენებიათ, რის შემდეგაც მოსახლეობა ქრისტიანულად მონათლულა. - ჩემი ოცნება იყო, ჩემს სოფელში ეკლესია ყოფილიყო. გადმოცემით ვიცოდი, რომ ერგეში დავით აღმაშენებლის დროს აშენებულა დიდი ეკლესია, რომელიც თურქებმა დაანგრიეს და მის ადგილას მეჩეთი ააშენეს, რომელიც კომუნისტების დროს მთლიანად დაინგრა. ოთხი ძმანი ვართ და გადავწყვიტეთ იმ ადგილას მღვდელი თევდორე კველთელის სახელობის ეკლესია აგვეშენებინა. მეუფე დიმიტრისგან მივიღეთ კურთხევა და ავაშენეთ ეკლესია, სადაც დღეს წირვა-ლოცვა მიდის და ნათლობებიც იმართება. მოსახლეობის უმრავლესობა უკვე მონათლულია. მეც გვიან მოვინათლე და ჩემი ნათლია მღვდელი მამა სერაფიმე გახლდათ. მან მომნათლა მდინარე მაჭახელაში, სადაც ჩვენს წინაპრებს, მათ, ვინც სარწმუნოებას არ შეიცვლიდნენ, თავებს კვეთდნენ.

90-იან წლებში ბათუმში ტაძარი გაიხსნა, ჩვენი პატრიარქი ჩამობრძანდა და საყოველთაო-სახალხო ნათლობა ჩატარდა. მთელი ჩემი გვარი პატრიარქმა მონათლა. იმხანად არ გახლდით აჭარაში, ჩამოვედი და გული დამწყდა, რომ ჩემ გარდა, ჩემიანები ყველანი მონათლული იყვნენ. ეს იმით გამოვასწორე, რომ მაჭახელაში მოვინათლე. დაახლოებით 32 წლისა ვიყავი მაშინ.

- ნათლობის მაგალითი ფრიდონ ხალვაშმა მისცა აჭარლებს... - ფრიდონი დიდი ადამიანი იყო. მისი ქრისტიანულად მონათვლა შემთხვევითი არ ყოფილა, მან მართლაც მაგალითი მისცა ჩვენს კუთხეს, დაარწმუნა, რომ ჩვენი მომავალი ქრისტიანობაშია. ფრიდონთან ერთად მაქვს შემოვლილი მთელი საქართველო და სულ ვგრძნობდი ყველგან, ქალაქებში, სოფლებში, დაბებში, როგორ პატივს სცემდნენ პოეტს, როგორ უყვარდათ. ფრიდონი გოგლა ლეონიძესთან მეგობრობდა. სხვათა შორის, ერგეშიც ბევრი ლეონიძეა და გოგლა ხშირად სტუმრობდა მათ. კომუნისტების, ჯერ კიდევ მჟავანაძის დროს, საქართველოს მწერალთა კავშირის ყრილობაზე ფრიდონმა დააყენა საკითხი აჭარლების მესხეთში ჩასახლების შესახებ. ყრილობას ცეკას მთელი ბიურო ესწრებოდა, შესვენებაზე დაუძახეს ფრიდონს და გამოჰკითხეს, მოსახლეობა როგორ შეხვდება ამ ამბავს, ხალხთან თუ იმუშავებთო. შეჰპირდა ფრიდონი, ჩემზე იყოსო და, იქვე გადაწყდა, რომ მოსახლეობა მესხეთში ჩასახლებულიყო. დღეს იქ ბევრი სოფელი რომ არის აღორძინებული, ეს ფრიდონ ხალვაშის დამსახურებაა.

- პოლიტიკურ პროცესებს როგორ შეაფასებთ, 20/20-ის არჩევნებში რა შანსი აქვთ უმრავლესობასა და ოპოზიციას? - აჭარაში "ოცნება" დიდი პროცენტით გაიმარჯვებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს მოსახლეობაზე ხელისუფლების ზრუნვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი იმდენი სიბინძურე დათესა, რომ აღმოსაფხვრელად ათეული წლები დაგვჭირდება.

- რას გულისხმობთ? მიხეილ სააკაშვილი დღემდე ამაყობს ბათუმის აღორძინებით და ამას ვერც დაუკარგავთ... - კი ბატონო, ბევრი რამ აშენდა, მაგრამ ვისთვის, საკითხავი ეს არის. მიშას თანხმობით 1 ლარად გაიცემოდა საუკეთესო მიწები თურქეთის მოქალაქეებზე. ძველ ბათუმში ერთი უბანი გვაქვს (მეჩეთის გარშემო) და ტრაპიზონში უფრო მეტ ქართულს და საქართველოს იგრძნობ, ვიდრე იქ. მიშამ, ფაქტობრივად, აჭარის მოსახლეობა გაძარცვა. მოვიკითხოთ, ვინ ცხოვრობს იმ შენობებში, რომლებიც მიშას დროს აშენდა. 30-40-სართულიან სახლებში ბინებს, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ.

- ექსპრეზიდენტს ბევრჯერ უთქვამს, ჩემს შემდეგ ბათუმში არაფერი გაკეთებულაო... - როგორ არ გაკეთებულა - მას შემდეგ აშენდა სტადიონი, ასევე უზარმაზარი გადასასვლელი ხიდი, რომელიც ასლანის დროს დაინგრა, ბათუმის თეატრს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და ბიძინა ივანიშვილის სახსრებით 17 მილიონი დაიხარჯა. მან მწერალთა სახლიც გაგვირემონტა, ახალი ავეჯი გვიყიდა. მწერალთა სახლის წინ არის მოსწავლეთა და ახალგაზრდობის პარკი, რომელიც მიშას მმართველობის დროს ბიძინამ გააკეთა.

- დალოცვილი ვაჟას მერე სიგლახემ იმატაო, წუხხართ... და კითხულობთ, მშრომელი კაცი სიმშვიდეს როდის ეღირსებაო. ახლა როგორაა საქმე, როდის ეღირსება ქართველ კაცს და საქართველოს სიმშვიდე? - ქვეყანა თანდათან ძლიერდება. მაგალითად, ზემო და ქვემო აჭარაშიც, ყველა სოფელში ასფალტის და ბეტონის ცენტრალური გზები კეთდება, შენდება სკოლები... ერთ დღეში არაფერი აშენებულა და ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე ჩვენ გვექნება ნამდვილი ქვეყანა, სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი.

დღეს ყველაფერს გვკარნახობენ აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და რა ვიცი, კიდევ საიდან... სიბრძნით თუ დავიცავთ ჩვენს საქართველოს, თორემ ჩვენ გარშემო ისეთი ძლიერი ქვეყნებია, ძალით მათ ვერაფერს დავაკლებთ.