როცა ამპარტავნობა გიპყრობს!.. - კვირის პალიტრა

როცა ამპარტავნობა გიპყრობს!..

"ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა", - ამას მიიჩნევდა პოეტის მოვალეობად ილია ჭავჭავაძე, ტიციან ტაბიძემ კი - "ერის სული მწერლობაში ლაპარაკობსო". მწერალი ერის გულშემატკივრის, პატრიოტის სინონიმად აღიქმებოდა საქართველოში.

თანამედროვე მწერლებს არავინ სწამებს, რომ ეს თვისებები მოაკლდათ, მაგრამ საწყენია, რომ დღეს ერთმანეთის ლანძღვა და ტალახის შესხმა უქცევიათ უფრო საშურ საქმედ. "შე არაკაცო!", "ჩამშვებო!", "37-იანი წლების ჩეკისტებს მაგონებ", - ასე ამკობდნენ ქართველი მწერლები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ. რატომ? მიზეზი არცთუ საზოგადო მნიშვნელობის: ფინანსები, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის ოჯახის წევრებისა და სამეგობროს უცხოური მივლინებები (და ბევრი სხვა რამ) გახდა, საბაბი კი ერთი კაცის თანამდებობიდან  მოხსნა. როგორ არ ჰგავს ეს  XIX საუკუნის "მამათა და შვილთა ბრძოლის" მიზეზს, როდესაც მწერლები არანაკლები სიმწვავით კამათობდნენ, მაგრამ მიზეზი მაშინ საქართველო და მისი მომავალი იყო. დღეს კი, თუ ერთ-ერთი მწერლის არგუმენტს დავუჯერებთ, მწერალთა კავშირი პარტიად ჩამოყალიბებულა, სადაც არის პოლიტბიურო, რომელიც გარეშეთა აზრს არ იზიარებს.

მწერალთა კავშირში შექმნილი დაპირისპირების შეფასება ვთხოვეთ აკადემიკოს შოთა ნადირაშვილს, რომელიც ახლახან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა:

- მწერალთა კავშირი და მწერლები, რომლებიც ერის სულიერებას გამოხატავენ,  უფრო შეკავშირებული და ერთსულოვანი უნდა იყვნენ, ვიდრე Dდღეს არიან. ეტყობა, ჩვენი საზოგადოების გახლეჩა, მისი მთლიანობის დარღვევა და ამ რეალობის წარმომადგენელთა ურთიერთდაპირისპირება იმდენად დიდია, რომ ეს მწერლებშიც გავრცელდა.

სამწუხაროდ, ჩვენთან ეროვნული მთლიანობა დაირღვა. დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ეროვნულ ჩარჩოებს გასცდა. გაძლიერდა დაპირისპირება ერსა და პიროვნებას შორის. კანონზომიერება, რომ ერი წამყვანი უნდა იყოს და პიროვნება მას უნდა გაჰყვეს, დაირღვა. როდესაც პიროვნება ხდება წამყვანი და ერი მას უნდა წაჰყვეს, ეს ქმნის წინააღმდეგობას, რაც, როგორც ვხედავთ, პიროვნებათა შორის (ამჯერად - მწერალთა) დაპირისპირებით გამოიხატა, რაც თანდათან  მდგომარეობის მოპოვებისა და მმართველ ორგანოში ადგილის დაკავებისათვის ბრძოლად იქცა. ამ მატერიალურმა მიზეზებმა დაარღვია მთლიანობა.

ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე და ქართველი ერი ერთ მთლიანობად აღიქმება. თუ ადრე მწერლობა ერის მთლიანობას გამოხატავდა,  დღეს  ახალ თაობაში (რომლისთვისაც ეროვნულმა ღირებულებებმა, ცოტა არ იყოს, ფასი დაკარგა) ზედაპირულმა, მატერიალურმა მოთხოვნებმა დაჩრდილა ეროვნული ღირებულებები და ამან გააჩინა პიროვნებათა შორის ბრძოლის არე.

ამ დაპირისპირებაში მონაწილე თითოეული მხარე კამათისას აცხადებდა, რომ ეროვნულობის (ერისათვის მნიშვნელოვანი საქმის) მომხრეა, მაგრამ იმ საქმეზე ლაპარაკის დროს, რომელიც ეხება ეროვნულობასა და ერს, მმართველი მდგომარეობის მოპოვებას მეტი ღირებულება მიანიჭეს. ისინი ვარაუდობენ, ჩემს პიროვნულ ღირსებასთან ერთად ეროვნულ ღირებულებებსაც დავიცავო, მაგრამ როდესაც ამ ორ რამეს აურევ, ეროვნულს ვეღარ დაიცავ და ამპარტავნობაში გადადიხარ. ამპარტავნობა კი, როგორც წესი, მეტ უფლებას მოითხოვს.

განდიდების ან მდგომარეობის მოპოვების სურვილი მეტ ზიანს ამის მსურველს უფრო აყენებს, ვიდრე მის მოწინააღმდეგეებს. წარმოქმნილი დაძაბულობის დასაძლევად კი საჭიროა ეროვნული გაერთიანება.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან

"წმიდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს".

მარი ზანდუკელი