როგორ ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად - კვირის პალიტრა

როგორ ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად

"ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა სტატია იმ ქვეყნებზე, რომელთაც დიდმა და განვითარებულმა სახელმწიფოებმა უნდა მიჰბაძონ და მისაბაძი ქვეყნების ჩამონათვალში პირველი საქართველო ეწერა. იმედია, ამ სტატუსს შევინარჩუნებთ"

საქართველოში აღდგა სილამაზის სალონების მუშაობა, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება, მოიხსნა კომენდანტის საათი, შეზღუდვა ავტომანქანაში...

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნის შესახებ შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებაში კი გაუქმდეს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

დღეს გვიწევს ცხოვრება კორონავირუსთან აუცილებელი შეზღუდვების თანხლებით. კოვიდსიტუაციაზე მსოფლიოსა და საქართველოში, სიახლეებსა და პერსპექტივებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრება.

- 21 მაისს მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. კორეაში მძიმე ვითარებაა, აშშ-ში, ბრაზილიაში, ჩვენს მეზობელ რუსეთში, სომხეთში დაავადებულთა რაოდენობა იმატებს. ანუ მეორე ტალღა დაიწყო?

- არა, ეს პირველი ტალღაა, ოღონდ სხვადასხვა ქვეყანაში პიკური სიტუაცია სხვადასხვა დროს იქმნება და სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. აშშ-ში ვითარება ნელ-ნელა მსუბუქდება, ბრაზილიაში ჯერ არ ყოფილა პიკი, რუსეთში ახლა დადგა... სომხეთშიც იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ახლა ისინიც პიკის პერიოდში არიან. ალბათ, ერთი-ორი კვირის შემდეგ ნაკლები შემთხვევა იქნება.

- იმედი გვქონდა, დათბებოდა და ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ბრაზილიაში ახლა გართულდა სიტუაცია... - დიახ, მაგრამ ბრაზილიაში ახლა იწყება ზამთრის პერიოდი. ტემპერატურა 45 გრადუსიდან 27 გრადუსამდე შემცირდა და შემთხვევებმაც იმატა, თუმცა ზუსტად არ ვიცით - შეიძლება ეს საზოგადოებრივი გავრცელებაა და ტემპერატურას სულაც არ უკავშირდება.

პანდემიებზე ტემპერატურული გავლენა უფრო მაშინ ჩნდება, როცა ერთი ეპიზოდი ჩაცხრება, ანუ პანდემია დამთავრდება და მერე მობრუნდება. ასეთ დროს კანონზომიერება უკეთ ჩანს. გრიპის შემთხვევაში ასე იყო. 2009-ში პანდემიური გრიპი მარტში დაიწყო და მექსიკაში, ამერიკასა და ინგლისში შუა ზაფხულში გავრცელდა. პირველად ვირუსებს სეზონურობა არ ახასიათებს.

- მეორე ტალღა როგორი შეიძლება იყოს? - მეორე ტალღის სცენარი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. შეიძლება ერთმა ტალღამ გადაიაროს და ამის შემდეგ მსუბუქი ტალღები წამოვიდეს; შეიძლება იყოს უფრო ძლიერიც, მაგალითად, 1918 წელს დაწყებული ესპანური გრიპის უფრო ძლიერი ტალღა 1919 წელს დაფიქსირდა, უკვე ზამთრის პერიოდში. ეს წინასწარ არავინ იცის. შეიძლება ნელ-ნელა გაგრძელდეს, არ იყოს ძლიერი აფეთქება და 5 მილიონი ახალი შემთხვევა, არამედ იყოს გაფანტულად სხვადასხვა ქვეყანაში.

ამ ვირუსის ფენომენი და მისი დამაზიანებელი ეფექტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მსოფლიოში სიკვდილიანობა არის 6.6%, მაგრამ ქვეყნების შემზღუდავი ღონისძიებები ძალიან განსხვავდება. მაგალითად, შევადაროთ, პირობითად შვედეთი, ბელორუსია და სინგაპური. ამ სამივე ქვეყანაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანია დაავადებული. ბელორუსიაში სიკვდილიანობა 0.55%-ია (საქართველოში - 1.66%, ანუ სამჯერ მეტი), შვედეთში ინფიცირებულთა 12% გარდაიცვალა, ხოლო სინგაპურში 30 ათასი კაციდან - მხოლოდ 22 ადამიანი, ანუ 0.07%. საოცრებაა, როგორი განსხვავებულია გავრცელება და სიკვდილიანობა სხვადასხვა რეგიონში! ეს აუხსნელი ფენომენია, ყოველ შემთხვევაში, მე ამის ახსნა ჯერ არსად წამიკითხავს.

- მესამე, მეოთხე ტალღაც იქნებაო... - არ ვიცი... ეს წინასწარ ვინ იცის?! შეიძლება არც იყოს... აშშ-ის მთავრობამ მილიარდ 200 მილიონი დოლარი მისცა კომპანია "ასტრაზენეკას", რადგან ისინი ყველაზე ეფექტიანი ვაქცინის დამზადებასთან ძალიან ახლოს არიან. ეს ბრიტანული კომპანიაა, რომელსაც საქართველოშიც აქვს ფილიალი. სექტემბერში 30 000 ამერიკელს უნდა გაუკეთონ პირველადი ვაქცინა და შეიძლება ის ისეთი აღმოჩნდეს, ამ ტალღებზე ლაპარაკი საჭირო აღარც იყოს...

- ანტივირუსულ პრეპარატთან დაკავშირებით არის სიახლე? - ჯერჯერობით ჰორიზონტზე არც ახალი წამალი ჩანს და არც - ამის იმედი. წამლის გამოგონებას წლები სჭირდება - 5-7-10 წელი, უცებ ვერ შეიქმნება. ახლა მიმდინარეობს ძველი წამლების გამოცდა იმის დასადგენად, გამოდგება თუ არა ამ დაავადების სამკურნალოდ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 100%-იანი წამალი არ არის. კი არის ჩ ჰეპატიტის წამალი, რომელიც 99.8%-ით კურნავს, მაგრამ ასეთი წამალი თითზე ჩამოსათვლელია.

- ჩვენ ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა შემსუბუქდა და ველით სხვა შეზღუდვების მოხსნასაც. "დარჩი სახლში" აღარ არის ჩვენი ყოველდღიური სლოგანი. დღევანდელი სლოგანი როგორია? - როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგვიწოდებს - "ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად", ანუ კორონავირუსი იქნება ჩვენთან, როგორც ერთ-ერთი ინფექცია, რომელსაც აქვს გავრცელების შესაძლებლობა და ჯერჯერობით, სანამ წამალი და ვაქცინა არ გვაქვს, უნდა დავიცვათ სათანადო წესები - შევინარჩუნოთ დისტანცია, ყველა დახურულ სივრცეში ვიაროთ ნიღბით, დიდი ღონისძიებები ჩატარდეს ონლაინრეჟიმით და ა.შ. ცხადია, სულ სახლში ვეღარ ვიქნებით - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისედაც სუსტია და მთლად თავზე დაგვექცევა ქვეყანა, მაგრამ უნდა გაიზარდოს ჩვენი პასუხისმგებლობა. როგორც კი სახელმწიფო შეზღუდვებს შეგვიმსუბუქებს, ჩვენც მაშინვე მოვეშვებით, ეს ინფექცია აუცილებლად შეგვახსენებს თავს და არცთუ მსუბუქად!

- ტრანსპორტის საკითხი მტკივნეულია მათთვის, ვისაც საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს და ვერც იმის უფლებას მისცემს თავს, ტაქსით იმგზავროს. ტრანსპორტის აღდგენაზე რას ფიქრობთ? - ტრასპორტის აღდგენა, ვფიქრობ, მაისს არ უნდა გადასცდეს, რადგან სამსახურები გაიხსნა და ყველა, ვისაც მაქანა არ ჰყავს, მართლაც ვერ იმგზავრებს ტაქსით. ეს გამოიწვევს სხვადასხვა დაწესებულების გაუმართავად მუშაობას - შეიძლება ვიღაცას დროულად ვერ აღმოვუჩინოთ სამედიცინო დახმარება, ვიღაც საცხობში ვერ მივიდეს და პური ვერ გამოაცხოს... ეს არის პრობლემა, რომელიც დიდხანს მოუგვარებელი ვერ იქნება. შეზღუდვების დაწესება შედარებით იოლია, მაგრამ მათი მოხსნა და თან სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება ძალიან რთულია. რაც გავაკეთეთ, იყო ხისტი, მამაპაპისეული მეთოდები. კარანტინი საუკუნოვანი მეთოდია. ახლა ჩვენ გვჭირდება გონივრული ინოვაციური მეთოდები, რომ ისევ გავაკვირვოთ მსოფლიო.

- როგორ წარმოგიდგენიათ ავტობუსით უსაფრთხოდ მგზავრობა? - აუცილებლად ნიღაბით. ავტობუსში მძღოლთან ერთად უნდა იყოს თანაშემწე, რომელსაც ხელფასი უნდა დაუნიშნოს მერიამ. მან უნდა აკონტროლოს სოციალური დისტანცია, თავისუფალ ადგილებზე ადამიანთა დასხდომა, დათვალოს მგზავრების რაოდენობა...

- მეტროში როგორ შეიძლება გავაკონტროლოთ მგზავრების ნაკადი? - ეს, რასაკვირველია, ცოტა რთულია, ამიტომ მეტრო უფრო გვიან უნდა გაიხსნას, მაშინ, როცა ეპიდემია განულდება და შემთხვევათა რაოდენობა მინიმალური იქნება - ალბათ, ერთი-ორი კვირის შემდეგ.

- სექტემბერში სკოლები და ბაღები გაიხსნება. საფრთხეს უნდა ველოდეთ? - რა თქმა უნდა, აქ ჰიგიენა უნდა იყოს დაცული. აქამდე საპირფარეშოში საპონი არ იყო და ზოგან წყალიც არ მოდიოდა. ახლა ეს უნდა გამოსწორდეს. ალბათ, სახელმწიფო შეძლებს, რომ სანიტაიზერი ყველა საკლასო ოთახში იდგეს. ბავშვების კონტროლი არც ისე იოლია, მაგრამ უნდა შევძლოთ. აუცილებელია თერმოსკრინინგიც და ყველა ნიღბით უნდა დადიოდეს. ალბათ, ბავშვები დისტანციურად უნდა დასხდნენ. საფრანგეთმა რამდენიმე პროვინციაში სკოლები გახსნის შემდეგ მალევე დახურა, რადგან ბავშვთა ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, ამიტომ აქ სიფრთხილე აუცილებელია. მაგალითად, უხანშიც სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები დისტანციურად სხედან.

- ტურისტული სეზონის გახსნა იმოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე?

- ტურიზმს ახლავს საფრთხე, მაგრამ რა უნდა ვქნათ?! ჩვენი კარგი სიტუაცია გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება, ანალიზის ჩატარება, საზღვარზევე შემოწმება, სწრაფი ანტიგენის ტესტები რისკს მინიმუმამდე შეამცირებს. უნდა მივიღოთ მხოლოდ ჯანმრთელი ტურისტი. შეიძლება ჩვენ ჩავუტაროთ კვლევა და ამაში მინიმალური თანხა გადავახდევინოთ, შეიძლება ეს ტურისტული პაკეტის ნაწილი იყოს... ამაზე სათანადო ორგანოები იფიქრებენ.

- რა არის კოვიდვირუსთან ბრძოლის ქართული წარმატების საიდუმლო? - ჩემი აზრით, ქართული საიდუმლო არის ადრე დაწყებული შემზღუდავი ღონისძიებები საზღვარზე, ფრენებზე... მე 28 იანვარს შვეიცარიაში კონფერენციაზე ვიყავი, ერთ-ერთ სამთო კურორტზე. 2 თებერვალს ჩამოვედი და თბილისის აეროპორტში თერმოსკრინინგი ჩამიტარეს. მაშინ არცერთ აეროპორტში არავის ამოწმებდნენ. არავინ გეკითხებოდა, საიდან მოხვედი, ვინ ხარ, სიცხე ხომ არ გაქვსო... არც პირბადე ეკეთათ, არც ხელთათმანი ეცვათ და მიიღეს კიდეც შედეგი - შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. იმ სამთო-სათხილამურო კურორტზე ყოველი მეორე ტურისტი ჩინელი იყო. სასტუმროს მეპატრონე მეუბნებოდა, ჯერ ჩინეთშია ეგ ეპიდემია და აქაურობას ხომ არ დავკეტავთო - სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, ამ დროს კი ჩვენები ხელებდაკაპიწებული უკვე საქმეს აკეთებდნენ.

- გეგმა როგორია? - შევინარჩუნოთ მართვადი ეპიდემია. ყოველდღე ინფიცირებულთა რაოდენობა ორი, ხუთი ან ათი თუ იქნება, ან 20-ს თუ მაინც არ გადააჭარბებს, ჩვენს ქვეყანას ამის მოვლა შეუძლია. შეზღუდვებმა, ვირუსის გავრცელების ტემპის ხელოვნურად შემცირებამ, კარანტინის პირობებმა მოგვცა საშუალება, რომ ყველა პაციენტისთვის კლინიკებში მოგვევლო, იმის მიუხედავად, ეს ავადმყოფი მსუბუქი იყო თუ კრიტიკული. სახელმწიფოს ღონისძიებები, ჯანდაცვის სექტორის მობილიზება და მოსახლეობის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაა მიზეზი დღევანდელი შედეგისა, ამიტომ არის ვირუსთან ბრძოლის ჩვენი სტრატეგია სამაგალითო. "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა სტატია იმ ქვეყნებზე, რომელთაც დიდმა და განვითარებულმა სახელმწიფოებმა უნდა მიჰბაძონ და მისაბაძი ქვეყნების ჩამონათვალში პირველი საქართველო ეწერა. იმედია, ამ სტატუსს შევინარჩუნებთ.