"ქალისთვის მთავარია ოჯახი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"ქალისთვის მთავარია ოჯახი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე?

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. სპორტსმენს ყოფილ ცოლზე ძალადობა ბრალდება და ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ცნობილი სპორტსმენის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, შსს-მ ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ბასილაშვილს საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გთავაზობთ ნეკა დოროკაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან შარშან გაზეთ "კვირის პალიტრას" მისცა.

"ქალისთვის მთავარია ოჯახი"

სტუდენტობისას "მის უნივერსიტეტი" გავხდი. შემდეგ მალევე გავთხოვდი, თავი დავანებე მოდელობაზე ფიქრს და ჯიპაში ჩავაბარე პიარის განხრით. ლუკასი ახლა სამი წლის არის და დროა, დავუბრუნდე მოდელობას. ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ, მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, იმას ავირჩევ. ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები - ეს არის ჩემი მიმართულება.

"ნიკას წარმატება ჩემი წარმატებაა"

- მე და ნიკამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავქორწინდით. იმ პერიოდში იწყებოდა მისი კარიერის აღმავლობა. პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია"ბორშჩი, ტკბილეულიდან "ცხელი ბრაუნი" გამომდის კარგად. წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

"გაფუჭებული მანქანით 12 საათი ვიარეთ"

4 წლის წინ მე და ნიკა ტურნირზე გავემგზავრეთ. თვე-ნახევარი გვიწევდა ევროპაში ყოფნა და მანქანის ყიდვა გადავწყვიტეთ, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქში თავად გვევლო. შესახედავად იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ, როცა იტალიიდან საფრანგეთში მივდიოდით, უცებ, ღამის 4 საათზე, სადღაც გზაზე გაჩერდა. გამთენიისას წვალებით დავქოქეთ და 12 საათი გაფუჭებული მანქანით ვიარეთ. მაშინ სიცილის თავი სად გვქონდა, ახლა კი ხალისით ვიხსენებთ. გაგრძელება