მცურავი საავადმყოფოები ვირუსის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

მცურავი საავადმყოფოები ვირუსის წინააღმდეგ

საზღვაო ჰოსპიტალი აქამდეც არაერთხელ გამხდარა საჭირო, თუმცა წელს პირველად ხდება, რომ ე.წ. მცურავ საავადმყოფოებს არა ომის ან ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, არამედ პანდემიასთან საბრძოლველად იყენებენ. დღეს სწორედ რამდენიმე ასეთ ხომალდს გაგაცნობთ:

ტანკერიდან ჰოსპიტლამდე

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლაში მცურავი ჰოსპიტალების ჩაბმა სხვებზე ადრე გადაწყვიტა აშშ-მა, რომელიც არა მარტო ყველაზე მძლავრი სამხედრო-საზღვაო ფლოტის, არამედ მსოფლიოში უდიდესი გემი-ჰოსპიტალების - Mercy-ისა და Comfort-ის პატრონიც არის. ეს ხომალდები ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გამოჩნდნენ ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის პორტებში. თავდაპირველი გეგმის თანახმად, Comfort-ს ჩვეულებრივი ჰოსპიტლის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და მეგაპოლისის სხვა კლინიკები განეტვირთა, თუმცა ნიუ-იორკში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გადაწყდა, რომ მცურავ ჰოსპიტალზე არსებული 1000 საწოლის ნახევარი "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულებისთვის დაეთმოთ. ასი საწოლი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით აღჭურვეს, გემის ეკიპაჟის 71 წევრი კი იზოლირებული იქნა ხომალდის ჰოსპიტალური ნაწილიდან.

Mercy და Comfort-ი 1970-იანი წლების შუახანებში ააგეს და ორივე მათგანი ნავთობმზიდი ტანკერის ფუნქციას ასრულებდა. რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა კავშირთან "ცივი ომის" მდგომარეობაში მყოფმა აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შესაძლო სრულმასშტაბიან კონფლიქტს მომზადებული შეხვედროდა და ფლოტისთვის გემი-ჰოსპიტალებიც დაემატებინა, თანაც, ახალი ხომალდების აგების ნაცვლად, ამერიკელებმა შედარებით იაფ საშუალებას მიმართეს და საზღვაო ჰოსპიტალებად ნავთობმზიდი ტანკერები გადააკეთეს.

ტრანსფორმაციას წელიწად-ნახევარი და 416 მილიონი დოლარი დასჭირდა. შედეგად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა მიიღო ორი მსოფლიოში უდიდესი მცურავი ჰოსპიტალი: წყალწყვით 69 400 ტონა, სიგრძით - 272 მეტრი, სიგანით 32.

თითოეული მცურავი ჰოსპიტლის შტატი 950 სამედიცინო მოსამსახურისგან შედგება. გემზე 1000 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი, ჰოსპიტალს აქვს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი 12 საოპერაციო და ჟანგბადის გამომუშავებაც კი დამოუკიდებლად შეუძლია! Mercy-სა და Comfort-ს მსოფლიო მასშტაბით უამრავ სამხედრო და ჰუმანიტარულ მისიაში მიუღიათ მონაწილეობა და ექსპლუატაციის განმავლობაში 550 ათასზე მეტ პაციენტს დახმარებიან. მათ შორის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისა და ქარიშხალ "კატრინას" შემდეგ და სხვ. ამჟამად ორივე მცურავი ჰოსპიტალი მთლიანად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა დახმარებაზეა გადართული.

ავადმყოფობისა და ხანძრის წინააღმდეგ

2001 წელს ესპანეთის ფლოტი შეივსო ხომალდი-ჰოსპიტლით Esperanza Del Mar-ი, რომელმაც ამავე დასახელების უკვე მოძველებული წინამორბედი შეცვალა. დღესდღეობით ეს არის მსოფლიოში ყველაზე კომპაქტური გემი-ჰოსპიტალი: წყალწყვა 5000 ტონა, სიგრძე 97 მეტრი, სიგანე 17. ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა 41 გახლავთ, გარდა ამისა, ბორტზე შესაძლებელია 50-მდე პაციენტის მკურნალობაც.

როგორც მიხვდით, გაბარიტებიდან გამომდინარე, Esperanza Del Mar-ი არ გამოდგება ეპიდემიის წინააღმდეგ სრულფასოვანი, მასშტაბური ბრძოლისთვის, თუმცა შესაძლებლობისამებრ "კოვიდ-19"-ს ისიც უპირისპირდება: აპრილის დამდეგს ესპანური სეინერ Ribel Tercero-ს ეკიპაჟის წევრი ახალი კორონავირუსით დაავადდა და დანარჩენი მეზღვაურებისგან მისი სასწრაფო იზოლირება სწორედ Esperanza Del Mar-ის შესაბამის პალატაში მოხდა. მოგვიანებით, დაავადებული მეზღვაური ვიგოში, მიწაზე მყარად მდგარ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, "იმედი ზღვიდან" (ესპანურიდან სწორედ ასე ითარგმნება გემის სახელი Esperanza Del Mar) კი მას შემდეგაც აგრძელებს ესპანურ თევზმჭერ გემებზე ეკიპაჟის კოვიდ-პოზიტიური წევრების გამოვლენასა და პირველად მკურნალობას.

სამედიცინო დახმარების გარდა, Esperanza Del Mar-ი სხვა უნიკალური თვისებებითაც გამოირჩევა: შეუძლია ჩააქროს ხანძარი სხვა გემებზე, ბუქსირით წაიყვანოს უახლოეს პორტამდე, გაწმინდოს წყლის ზედაპირის გარკვეულ ფართობზე დაღვრილი ნავთობი, აქვს სპეციალური აპარატურა გარემოს მონიტორინგისთვის და ა.შ.

"მდინარეები" ოკეანეში

მცურავი ჰოსპიტალები რუსებსაც აქვთ: "პროექტ 320"-ის ფარგლებში 1979-1990 წლებში აიგო ოთხი ხომალდი მდინარეების სახელებით: "ობი", "ენისეი", "სვირი" და "ირტიში". ამჟამად, თანამედროვე მოთხოვნებს მხოლოდ "ირტიში" აკმაყოფილებს (2016 წელს ჩატარებული მოდერნიზაციის წყალობით) "ობი" წლების წინ ჩინეთს მიჰყიდეს, დანარჩენი ორი კი მოძველებულია როგორც ტექნიკურად, ისე "მორალურად" და თუ მოდერნიზაციაც არ ჩაუტარდათ, სრულფასოვან მცურავ ჰოსპიტალებად ვეღარასდროს იმუშავებენ. აპრილის შუა რიცხვებში წყნარი ოკეანის ფლოტის ერთადერთი მოქმედი გემი-ჰოსპიტალი "ირტიში" სასწრაფოდ დააბრუნეს მისთვის ძირითად პორტ ვლადივოსტოკში. იმ დროისთვის რუსეთი თანდათანობით ყალიბდებოდა "კოვიდ-19"-ის ერთ-ერთ მთავარ კერად და ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მკურნალობაში ხომალდი და მისი ეკიპაჟიც ჩაერთო. ბორტზე საწოლების მაქსიმალური რაოდენობა 450-ია, "ირტიშს" აქვს ქირურგიული, რეანიმაციული, ინფექციური და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

ჰოსპიტალში მედიცინის 83 მუშაკია, გემის ეკიპაჟი კი 124 თანამშრომელს შეადგენს. 11 600 ტონა წყალწყვის ხომალდის სიგრძე 152 მეტრია, სიგანე - 19 მეტრი.

"მსოფლიო კიდობანი" ოკეანის შუაგულში

Daishan Dao ("მსოფლიოს კიდობანი") ჩინეთში აგებული პირველი მცურავი ჰოსპიტალია. მანამდე ჩინური ფლოტი გფრ-სა და სსრკ-ში წარმოებულ გემ-ჰოსპიტალებს იყენებდა, 2008 წელს კი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ჩინელი ინჟინრების შექმნილი ხომალდი შეემატა. Daishan Dao 14 000 ტონა წყალწყვის, 178 მეტრი სიგრძისა და 24 მეტრი სიგანის გემია 135-კაციანი პერსონალით.

ხომალდზე განთავსებულ რვა საოპერაციოში დღეში 40 ოპერაციის ჩატარებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალს 300 პაციენტის მიღების რესურსი აქვს, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციებში საწოლების რაოდენობის გაორმაგებაც ხერხდება. ჰოსპიტალი უმაღლესი დონის აპარატურით არის აღჭურვილი, განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს კი გემზე მყოფ ექიმებს კონსულტაციის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიდეოკონფერენციით შეუძლიათ.

ჩინურ "კიდობანს" ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარებამ 2013 წელს მოუწია, როცა ქარიშხალ "ჰაიანის" შედეგად დაზარალებულ ფილიპინელებს ეხმარებოდა. რაც შეეხება ხომალდის ამჟამინდელ აქტივობას, იმის მიუხედავად, რომ ახალი კორონავირუსის პირველი ტალღა სწორედ ჩინეთმა მიიღო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე Daishan Dao "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაურთავთ.

Dr. Soeharso

2003 წელს ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შეივსო სამხრეთ კორეაში აგებული სადესანტო ხომალდით, რომელიც ოთხ წელიწადში გადაკეთდა მცურავ ჰოსპიტლად და სახელიც ახალი დაირქვა - Dr. Soeharso. გემს მოკრძალებული მახასიათებლები აქვს: (წყალწყვა - 11 400 ტონა, სიგრძე - 122 მეტრი, სიგანე - 22) და არც განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა.

რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, მოდერნიზაციის შემდეგ, ხომალდზე არის სამი საოპერაციო, ასევე რეანიმაციული, ინფექციური და თერაპიული განყოფილებები, რომელთაც, ჯამში, 40 პაციენტის (ექსტრემალურ ვითარებაში გაცილების მეტისაც) მიღება შეუძლიათ. სადესანტო ხომალდის "ნარჩენებიდან" შემორჩენილია ანგარი და მცირე ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში Dr. Soeharso კარგა ხნის წინ ჩაერთო: ჯერ ინდონეზიის 188 მოქალაქე მიიღო ლაინერიდან World Dream-ი, რომლის ბორტზეც კორონავირუსი გავრცელდა, მოგვიანებით კი ლაინერ Diamond Princess-ის მგზავრებსაც "უმასპინძლა".

მცურავი ჰოსპიტლის ბორტზე ეკიპაჟის 126 წევრი და მედიცინის 51 მუშაკია. ბოლო პერიოდამდე გემი აქტიურად ასრულებდა მობილური ჰოსპიტლის ფუნქციას და ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულების მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევდა. 2020 პანდემიის გამოცხადების შემდეგ კი მთლიანად კოვიდინფექციასთან ბრძოლაზე გადაერთო და ბორტზე არსებული საწოლების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაზარდა.