"ტოჩინოშინი საქართველოში ჩემი კონკურენტი იყო, გამოვექეცი იაპონიაში და აქაც გამომეკიდა... სად გავექცე, აღარ ვიცი" - კვირის პალიტრა

"ტოჩინოშინი საქართველოში ჩემი კონკურენტი იყო, გამოვექეცი იაპონიაში და აქაც გამომეკიდა... სად გავექცე, აღარ ვიცი"

სუმო იაპონური ყოფის განსაკუთრებული ნაწილია და საამაყოა, რომ სპორტის ამ პოპულარული სახეობის ისტორიაში ქართველი სუმოისტების სახელებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ლევან ცაგურიას (კოკაი), ლევან გორგაძესა (ტოჩინოშინი) და თემურ ჯუღელს (გაგამარუ) ყველა იცნობს. იაპონიაში სწორედ გაგამარუს დავუკავშირდით.

- ათი წელი ისე ვიჭიდავე, არ ვიცოდი, ტრავმა რა იყო. შარშან შეჯიბრებაზე დარტყმისას ცერა თითთან ძვალი გამიტყდა. ბოლომდე მაინც ვიბრძოლე, ამიტომ ამხელა მასა მეორე ფეხს დააწვა და ორივე მუხლი დამიზიანდა. ხუთ ექიმთან ვიყავი და ყველა მეუბნება, თუ გინდა იარო, სპორტს თავი დაანებეო... ყველა ნაბიჯის გადადგმაზე ვგრძნობ, რომ ძვალი ძვალს ეხება და ძალიან მიჭირს. ოპერაციას მირჩევენ - უნდა დაიკლო წონა და შეძლებ სიარულს, მაგრამ სპორტული კარიერის გაგრძელება ოპერაციის შემდეგაც არ გამოვაო.

- გადაწყვიტეთ სპორტიდან წასვლა? - გული მწყდება, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას ცხოვრებაში დგება ეს მომენტი... მეც ვფიქრობ, თუმცა სანამ ფედერაციაში არ განვაცხადებ, ეს ოფიციალური გადაწყვეტილება არ არის.

შარშან უიღბლო წელი მქონდა - დედა გარდამეცვალა და სპორტისთვისაც თავის დანებებას ვაპირებდი, არადა ქართველები ისეთ წერილებს მწერდნენ, ამდენი გულშემატკივარი მაშინ რომ მყოლოდა, როცა ჯანმრთელი ვიყავი, არ ვიცი, რას ვიზამდი... ისეთ გულმხურვალე მესიჯებს ვიღებდი, ცრემლიც კი წამომსვლია...

- იაპონიაში როგორ მოხვდით? - 2005 წლის მაისში სუმოს მოყვარულთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ჭაბუკებს შორის და რამდენიმე მონაწილე ჩამოგვიყვანეს. 18 წლის ვიყავი. მაშინ მნახა ჩემი კლუბის პრეზიდენტმა და საცდელად გადამიყვანეს კლუბში - ვნახოთ, როგორ გაძლებსო. იაპონელებისთვისაც კი ძნელია აქ გაჩერება - 100 წლის წინ როგორც ცხოვრობდნენ, ისე არიან დღესაც...

- როგორ? ვხედავ, ინტერნეტი გაქვთ, ფაფუკი დივანი, სავარძელი, ტელევიზორი... - ამას მიღწევა უნდა... სუმოში ექვსი საფეხურია. მე-5 და მე-6 საფეხურზე ანუ ელიტაში თუ გადახვედი, გაძლევენ უფლებას, იცხოვრო ისე, როგორც გინდა... ხელფასიც გენიშნება... მაგრამ პირველ ოთხ საფეხურზე კლუბიდან გასვლის უფლება არ გაქვს, თვითონ აკეთებ საჭმელს, ალაგებ, ტელეფონიც კი არ გაქვს... კლუბიდან გასვლის უფლება მხოლოდ საღამოს 7-დან 10 საათამდე გვქონდა, ისიც - ახლომახლო. ჩემგან ლევანის, ანუ ტოჩინოშინის კლუბამდე 200 მეტრი იყო და შუაში, პარკში ვხვდებოდით ერთმანეთს.

- ლევანს ეძახით თუ ტოჩინოშინს? - მე - ლევანს, ის - გაგას.

- არადა თემური გქვიათ... - მამას უნდოდა, თემური დაერქმია, მეგობრის სახელი. დედას უთქვამს, რაც გინდა, ის ჩაწერე მოწმობაში, მე გაგას დავუძახებო... აქაც მოეწონათ ჟღერადობა - უცხო იყო და ადვილად წარმოსათქმელი, თან მაშინ ლედი გაგაც არ არსებობდა... ჰოდა, მიამატეს იაპონურად მარუ და გავხდი გაგამარუ.

- ელიტაში გადასვლას დიდი ხანი სჭირდება? - ეს შენს სპორტულ წარმატებაზეა დამოკიდებული. მე ორ წელიწადზე მეტი დამჭირდა... რომ ჩამოვედი, ლევან ცაგურია - კოკაი უკვე აქ იყო. მის ოჯახს კარგად ვიცნობდი, კოკაი კი აქ გავიცანი. ის უკვე ელიტაში იყო. ტოჩინოშინის კი საქართველოდან ვიცნობდი - ერთ წონაში ვჭიდაობდით. საქართველოშიც ჩემი კონკურენტი იყო, გამოვექეცი იაპონიაში და აქაც გამომეკიდა... რა ვქნა, სად გავექცე, აღარ ვიცი... ხუმრობა იქით იყოს და, ლევანმა აქ ყოფნა მართლაც შემიმსუბუქა.

- ახლაც ერთ ქალაქში ხართ?

- დიახ, ორივე ტოკიოში ვართ. ლევანი ჩემი კორპუსის პირდაპირ ცხოვრობს. ხშირად ვართ ერთად. ლევანმა, ბევრ შეფ-მზარეულს რომ შეშურდება, ისეთი მომზადება იცის, მე კი არ გამომდის. ლევანი ამბობს, სტრესის დროს საჭმლის კეთებას ვიწყებ, გულს ვაყოლებო, მე კი სამზარეულოში რომ შევდივარ, სტრესი მაშინ მეწყება. მხოლოდ ჩაის ვადუღებ კარგად. გვეიმედება ერთმანეთი. ალბათ, ის რომ არ იყოს, აქ ვერ გავძლებდი.

- სუმოისტები ქორწინდებიან? - როცა ელიტაში გადახვალ, მაშინ კი, მანამდე - არა. ლევანს მეუღლე ჰყავს და ორი წლის ანასტასიაც. მე ჯერ არ ვჩქარობ.

- სპორტულ კარიერას რომ დაასრულებთ, საქართველოში დაბრუნდებით? - დავფიქრდები, სად უფრო გამოვადგები ჩემს სამშობლოს... აქ ისეთი ქართველები ხვდებიან - სპორტსმენები, ხელოვანები, მეცნიერები - იაპონელებს ვერ წამოუდგენიათ, როგორ უნდა თქვან საქართველოზე ცუდი. რუსეთმა რომ ტურისტები არ გამოუშვა საქართველოში, მაშინ "ტვიტერზე" დავწერე, ძალიან ლამაზი ქვეყანაა საქართველო და თუ ვინმე გეგმავთ მოგზაურობას, გირჩევთ, იქ წახვიდეთ-მეთქი. მას შემდეგ ათი კაცი შემხვდა, შენი პოსტი წავიკითხეთ, ვიყავით საქართველოში და მართლაც ძალიან ლამაზი ყოფილაო. ამას რომ მეუბნებიან, სიამაყით ვივსები. დიახ, ჩემი სამშობლო განუმეორებელია.

- სუმოისტისთვის წონის სტანდარტი არსებობს? - სუმოში წონის ან ასაკის მიხედვით არ იგეგმება შებრძოლება. ერთმანეთს მხოლოდ ერთი რანგის სუმოისტები ხვდებიან. რომ ჩამოვედი, 130 კილო ვიყავი. სიმაღლით 1.87 სმ ვარ. მერე ვიყავი 215 კილო, ახლა 195 ვარ. კორონამდე 185 კილომდე დავიკელი, მაგრამ მერე სახლში დავჯექი და... მინდა 120 კილომდე დავიკლო.

- ამბობენ, იაპონიაში შქმერულის ბუმიაო. - კი, მოსწონთ. ვინც გაიგო, რომ ქართულია, გაგას მონატრებული ექნებაო და თავიდან მიგზავნიდნენ და მიგზავნიდნენ. ერთი კვირა ნივრის სუნი ამდიოდა...

- კორონავირუსი როგორ გადაიტანეთ იაპონიაში? - იაპონელების 80% ისედაც ნიღბით დადის და ამიტომ ადვილად გადაიტანეს. აქ რომ დაიწყო, საქართველოში ჯერ არ იყო კორონავირუსი და ვფიქრობდი, ნეტავ როგორ გადაიტანენ-მეთქი - ხომ ვიცით ჩვენი ჩახუტება-კოცნის ამბავი... მაგრამ ყველას რომ შეშურდება, ისე შეხვდით ამ სენს საქართველოში. ყოჩაღ! გენაცვალეთ, ჩემო ქართველებო!