ქალაქ გდანსკსში პოლონელ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან - კვირის პალიტრა

ქალაქ გდანსკსში პოლონელ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ დღეს ქართულ ენას პოლონეთში ასწავლიან (სხვათა შორის, ეს პოლონეთის ტელევიზიამაც გააშუქა), თანაც ძალზე საინტერესო ქალაქში, გდანსკსში, რომელიც მტრის ხელში ჩვენსავით არაერთხელ მოხვედრილა... აი, სწორედ ამ ქალაქის ერთ-ერთ ძველსა და პრესტიჟულ სკოლაში ასწავლიან ქართულს. მეც ამ სკოლის მასწავლებელს, ჭკვიანსა და ლამაზ ქართველ გოგონას, ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტს, ანანო შეყლაშვილსა და ამ სკოლის დირექტორს, პანი ანა ლისტევნიკს ვესაუბრე. ანა ლისტევნიკი საქართველოში 2012 წელს ოჯახით ჩამოვიდა ტურისტად და მაშინვე გააცნობიერა, რომ რაღაც ისეთში აღმოჩნდა, რის მსგავსიც არაფერი ენახა.

ანა ლისტევნიკი: - როდესაც საქართველოში მოვფრინავდით, ვცდილობდით თვითმფრინავში ვინმე ისეთს გამოვლაპარაკებოდით, რომელიც გაგვაგებინებდა, სად მივდიოდით, როგორ ქვეყანაში. სწორედ მაშინ შევხვდი ანანოს მამას თემურს. ამ უცნობმა ადამიანმა, პირველმა ქართველმა, რომელსაც ვესაუბრე, საოცარი სამყარო გაგვიხსნა. განათლებასთან ერთად, მას აღმოაჩნდა უნარი, კომუნიკაბელურობითა და გულითადობით მოვეხიბლეთ. რა თქმა უნდა, ერთი ნახვით საუბარი არაფერზე შეიძლება, მაგრამ როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვედით, მას დავემშვიდობეთ და საქართველოს პატარა ნაწილი მოვიარეთ, ქართული ანბანიც გავიცანი, ქუთაისში შევხვდი ბავშვებს, რომლებიც ბრწყინვალედ ფლობდნენ ინგლისურ ენას და დავრწმუნდი, რომ საოცარ ქვეყანაში მოვხვდი.

მომხიბლავი ქალაქები, ანბანი - ულამაზესი, რომელიც არავის ანბანს არ ჰგავს, ენა კი ერთადერთია, რომლის მსგავსზე არავინ საუბრობს. სწორედ მაშინ გადავწყვიტე - ჩავიდოდი თუ არა პოლონეთში, შევუთანხმდებოდი სახელმწიფოს და აუცილებლად მოვიფიქრებდი პროგრამას, რომლის საშუალებით პოლონელ ბავშვებს ქართული ენა უნდა ესწავლათ. ასეც მოვიქეცი. თემურის ოჯახთან კი ურთიერთობა გავაგრძელეთ. მას შემდეგ კიდევ ორჯერ ვიყავი საქართველოში, წელს კი სკოლაში ქართული ენის სწავლება დავიწყეთ. ამას ისიც დაემთხვა, რომ თემურის ქალიშვილმა ანანომ ვარშავის უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. მეც ის მოვიწვიე ქართულის მასწავლებლად. საინტერესო და გონიერი მასწავლებელი აღმოჩნდა. ჩვენს ბავშვებს ქართულს შერეული სისტემით ასწავლის, ხან ონლაინ, ხან სკოლაში გაკვეთილებს უტარებს. ამ გოგომ კიდევ უფრო გამიღრმავა იმაზე წარმოდგენა, რომ ქართველები ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ხალხი ხართ...

ანანო შეყლაშვილი: - პოლონელ ბავშვებს ძალიან მოსწონთ ქართული ენის შესწავლა. სწავლება ნებაყოფლობითია და გაკვეთილებს ბავშვები უფრო და უფრო ემატებიან.

- რა საინტერესოა, რომ სრულიად უცხო ენის მიმართ ასეთ დაინტერესებას იჩენენ.

- მეუბნებიან, არც ერთ ენას არ ჰგავსო. განსაკუთრებით ანბანი მოსწონთ, რა ლამაზი ანბანი გაქვთ, ყველა ანბანისგან გამოირჩევაო.

- უთუოდ იმასაც ეუბნები, რომ ჩვენ უძველესი კულტურის ერი ვართ... - რა თქმა უნდა. მაგალითად, ღვინოსა და სიტყვა "ღვინოზე" ვესაუბრე - რომ საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა, რომ სიტყვა "ღვინო" ევროპულ ენებში, სავარაუდოდ, ქართველური ენებიდან შევიდა.

ამ მანძილიდან მეც სხვა თვალით შევხედე ჩემს სამშობლოს, რომელსაც ჩემთვის შეუცნობელი ხიბლი ჰქონია. მახარებს, რომ პოლონელებს ქართველები ძალიან უყვართ. პოლონელი დედების ხასიათი კი ჩემთვის აღმოჩენაა - მეგონა, თინეიჯერობის ასაკში აქ შედარებით მეტად იქნებოდნენ შვილები დამოუკიდებელი, ვიდრე საქართველოში, მაგრამ პირიქით, ანა ლისტევნიკი დედაჩემის სრული ასლი გამოდგა - ზუსტად ისევე აკონტროლებს თავის შვილს, როგორც დედაჩემი გვაკონტროლებდა, რაიმე არ შეეშალოთო. ასე რომ, პოლონეთში ქართველისთვის ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. მთავარია, ჩვენ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები.