არსებობს რისკი ზღვაში ბანაობის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირების და შესაძლოა თუ არა ვირუსის გადამტანი კოღოც იყოს? - რას ამბობს ინფექციონისტი? - კვირის პალიტრა

არსებობს რისკი ზღვაში ბანაობის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირების და შესაძლოა თუ არა ვირუსის გადამტანი კოღოც იყოს? - რას ამბობს ინფექციონისტი?

მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება სულ მალე ტურისტულ სეზონის გახსნას აანონსებს. ზღვა კი არა მარტო უცხოელების, არამედ აქაურებისთვისაც განსაკუთრებით საყვარელი ადგილია. ხომ არ არის რისკი ბანაობის შედეგად დაინფიცირების და შესაძლოა თუ არა კორონავირუსის გადამტანი კოღოც იყოს? - ამ კითხვებს ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს:

- ზღვა საშიში არ არის. ამასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაადასტურა, რომ ზღვიდან კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე არსებობს. ზღვა - არა, მაგრამ სახიფათო შეიძლება იყოს პლაჟი, სადაც აუცილებელი იქნება დისტანცირება.

- არც მდინარეზე ბანაობაა საშიში?

- არა. არც გამდინარე წყალია საშიში და არც - სასმელი, რადგან სასმელ წყალს ქლორით სტერილიზაცია უკეთდება, ქლორი კი ადვილად კლავს კორონავირუსს.

- ზაფხულში მომრავლებული კოღო თუ შეიძლება გახდეს კორონავირუსის გადამტანი?

- არა, ჯერჯერობით კორონავირუსული ინფექციის ტრანსმისიული გზით, ანუ კბენით გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- კორონავირუსის ეს სეზონი როდის დასრულდება?

- პანდემიის პირველი ტალღა, ალბათ, ივნისი-ივლისისთვის დასრულდება, თუმცა კორონავირუსი არსად წავა. ის იქნება ჩვენთან ერთად, ოღონდ არა - ასეთი აგრესიული სახით. რაც შეეხება მეორე ტალღას, რომელიც შეიძლება შემოდგომაზე ან ზამთარში აგორდეს, იქნება უფრო მსუბუქი და ამასობაში, იმედია, ვაქცინაც წამოგვეწევა. იხილეთ სტატია სრულად