ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და შედეგი გამოიღო - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და შედეგი გამოიღო - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 34 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

"დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული - 4, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე არის 72%. ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის საკარანტინე ზონიდან, დადასტურებულთან კონტაქტი. ჩვენთან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვრჩება. ახალი პაციენტი ჩვენთან არ შემოსულა გუშინ. ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია, პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით, დინამიკა გაუმჯობესებულია და ალბათ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ მძიმე პაციენტთან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობა მოხდა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. "ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე", - აღნიშნა ეზუგბაიამ

იხილეთ ვიდეო