"Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე "პლაქვენილით" მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ" - კვირის პალიტრა

"Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე "პლაქვენილით" მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ"

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე "პლაქვენილით" მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტ "ჰიდროქსიქლოროქინის" ("პლაქვენილი") დროებით ამოიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება იმას, რა მედიკამენტებზე ჩატარდება საქართველოში "სოლიდარობის კვლევა", რომლისთვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოც შეარჩია, გამყრელიძის თქმით, კვლევის დიზაინზე, მის პროტოკოლზე, ავადმყოფთა ჩართვისა და არ ჩართვის კრიტერიუმებზე ჯერ კიდევ მიდის საუბარი.

"ჯერ ეს კვლევა, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, არ დაწყებულა, მხოლოდ საუბარია კვლევის დიზაინზე, ანუ როგორი დიზაინით უნდა გაკეთდეს კვლევა, მის პროტოკოლზე, ავადმყოფთა ჩართვისა და არ ჩართვის კრიტერიუმებზე. "პლაქვენილი" ჩვენთან დიდი ხანია გამოიყენება, ისევე როგორც ბევრი ქვეყნის პროტოკოლებსა და გაიდლაინებში შედის. მხოლოდ ერთი კვლევის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საპატივცემულო და მაღალრეიტინგული ჟურნალია "ლანცეტი", სადაც გამოქვეყნდა გარკვეული მასალები, საბოლოო დასკვა ჯერ არ არის საერთაშორისო საზოგადოებაში გაკეთებული. მე რა ინფორმაციაც მაქვს, დაავადებაა კონტროლის ცენტრი ფლობს ინფორმაციას, რა თქმა უნდა, უფრო ზუსტი აქვთ კლინიცისტებს, მაგრამ ზოგადი ეპიდსიტუაცია გვაქვს ჩვენ და არავითარი გართულება "პლაქვენილის" გამოყენებასთან დაკავშირებით არ ყოფილა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, მსოფლიოში, სხვადასხვა უნივერსიტეტში ბევრი კვლევა ტარდება, სადაც "პლაქვენილი" განიხილება როგორც სამკურნალო საშუალება.

"სანამ სერიოზული ინფორმაცია და მტკიცებულებები არ დაგროვდება, მანამდე არ მგონია იყოს მკაცრი გადაწყვეტილებები გამოყენებასთან ან არ გამოყენებასთან დაკავშირებით. უნდა დაგროვდეს შესაბამისი მასალა. ეს მასალა გამოქვეყნებულია "ლანცეტში", ეს შედის მსოფლიოში ჟურნალთა სამეულში. "ლანცეტის" სტატია არის რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით, ამის გარდა კიდევ ტარდება რამდენიმე ათეული კვლევა მსოფლიოში, როგორც გითხარით. შემდგომში ეს ყველაფერი შეჯერდება და იქნება ერთიანი რეკომენდაციები. მედიცინის არცერთ პრეპარატზე, გარდა გამონაკლისებისა, ერთგვაროვანი შეფასება არ არის ხოლმე. "პლაქვენილი" არის ერთ-ერთი ძველი პრეპარატი, ეს არ არის ახალი," - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტი "ჰიდროქსიქლოროქინი" ("პლაქვენილი") დროებით ამოიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ინფორმაციით, სამედიცინო გაზეთ "ლანცეტში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ იმ ადამიანების გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდებოდა, ვინც "პლაქვენილს" იღებდნენ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორად ამ ინფორმაციის გამო პრეპარატის კვლევებში ჩართვა დროებით შეჩერდა.

"ინტერპრესნიუსი"