"თუ ვნახეთ, რომ გვერდითი მოვლენები სერიოზულია, მედიკამენტის გამოყენებას შევწყვეტთ" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "პლაქვენილზე" - კვირის პალიტრა

"თუ ვნახეთ, რომ გვერდითი მოვლენები სერიოზულია, მედიკამენტის გამოყენებას შევწყვეტთ" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "პლაქვენილზე"

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევაში" "პლაქვენილის" გამოყენება წონიანი მიზეზის გამო შეაჩერა, მედიკამენტს კოვიდ19-ის მქონე პაციენტებში, არც კვლევის მიღმა არ გამოვიყენებთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტი "ჰიდროქსიქლოროქინის" ("პლაქვენილი") დროებით ამოღებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იქნება იმ ფორმატში, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს.

"გააჩნია, რა დასკვნას დადებს ჯანმო, რამდენად წონიანი მიზეზის გამო შეაჩერა მედიკამენტის კვლევაში გამოყენება. თუ შეჩერების მიზეზი არის წონიანი, ჩვენ გავეცნობით. გავეცნობით იმასაც, რამდენი გვერდითი მოვლენა იყო და რა სახის, ჩვენთან არ ყოფილა არცერთი. ჩვენთან პაციენტებიც ცოტა იყო, იქ ათასები. თუ ვნახეთ, რომ ეს გვერდითი მოვლენები სერიოზულია, ჩვენ შევწყვეტთ კვლევის მიღმა ამ მედიკამენტის გამოყენებას. არ გამოვიყენებთ, მაგრამ თუ ვნახეთ, რომ ის გვერდითი მოვლენები არც ისეთი მნიშვნელოვანია, მაშინ შესაბამისად მოვიქცევით. გარდა ამისა, ვეკონტაქტებით ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს, მათ ვკითხავთ, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე ეს გვერდითი მოვლენები, რამდენად სერიოზული იქნება. ამის მერე, გადაწყვეტთ ამოვიღოთ თუ დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მობილურები ვართ. როცა ითვლებოდა, რომ "პლაქვენილი" კარგი, ჩვენ მას ვიყენებდით, თუ გამოჩნდება რომ უარყოფითი დასკვნები იქნა წონადი და არგუმენტირებული, მაშინვე შევწყვეტთ მის გამოყენებას", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, გვერდითი მოვლენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"პირიქით, ყველა შემთხვევა იყო ძალიან წარმატებული. ფაქტები ამაზე საუბრობს. ისიც რომ საქართველოში კრიტიკული პაციენტები იყო უფრო ნაკლები, ვიდრე მსოფლიოს საშუალო სტატისტიკაა, რაშიც შესაძლოა, იყო "პლაქვენილის" დამსახურება, ჩვენ არ გვქონია არც ერთი გვერდითი მოვლენა. სტატიაში საუბარია "პლაქვენილის" მხოლოდ დროებით ამოღებაზე, სანამ ჯანმო-ს ჯგუფი შეისწავლის გვერდით მოვლენებს. ამის პარალელურად ჯერჯერობით, მსოფლიოს არცერთი წამყვანი უნივერსიტეტს არ ამოუღია თავისი გაიდლაინებიდან და პროტოკოლებიდან "პლაქვენილი". შეისწავლიან ამ გვერდით მოვლენებს და მერე განიხილავენ დააბრუნონ თუ არა კვლევაში. ამასთან, რამდენიმე კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა "პლაქვენილის", როგორც პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებადი მედიკამენტის შესახებ, ისინიც არ შეჩერებულა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, როდის ჩაერთვება საქართველო "სოლიდარობის" კვლევაში, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერჯერობით ტექნიკური დეტალები კვლავაც მოსაგვარებელია.

"საქართველო იქნება ულაპარაკოდ იმ ფორმატში, რასაც ჯანმო გადაწყვეტს. "პლაქვენილთან" დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიცია პოზიტიური. მას გვერდითი მოვლენები ჩვენთან არ ჰქონია და ეფექტი კარგი ჰქონდა. მაგრამ მე მთლიანად დავემორჩილები და დავეყრდნობი დიდი კვლევების პოზიციას. ჩვენ ცოტა ავადმყოფი გვყავდა და იქიდან ნახევარი იღებდა ამ "პლაქვენილს". თუ დაიდება დასკვნა, რომ მას აქვს გვერდითი მოვლენები, ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც ხელს უშლის მის გამოყენებას, ჩვენ შევწყვეტთ მის ხმარებას, მაგრამ ჯერჯერობით პირადად ჩვენს მაგალითზე ამის არავითარი საფუძველი არ გვქონია. რევმატოლოგები მას თვეობით და წლობით ხმარობენ. ჩემი პირადი მოსაზრება "პლაქვენილის" მიმართ რჩება დადებითი. ეს არ არის განსაკურნებელი წამალი, არასდროს მითქვამს, არც არავის უთქვამს, რომ "პლაქვენილი" არის კოვიდ-19-ის განსაკურნებელი წამალი. მაგრამ იმ წამლებს შორის, რომელიც გამოიყენება, ერთ -ერთი ესეც არის, ის დადებით გავლენას ახდენდა დაავადებაზე," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტი "ჰიდროქსიქლოროქინი" ("პლაქვენილი") დროებით ამოიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ინფორმაციით, სამედიცინო გაზეთ "ლანცეტში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, ვინც "პლაქვენილს" იღებდნენ, გულის პრობლემებით მათი გარდაცვალების რისკი იზრდებოდა. უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორად ამ ინფორმაციის გამო პრეპარატის კვლევებში ჩართვა დროებით შეჩერდა.

"ინტერპრესნიუსი"