"დავუშვი ერთი, უნებლიე შეცდომა" - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ? - კვირის პალიტრა

"დავუშვი ერთი, უნებლიე შეცდომა" - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ?

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდ-19-ზე გამოკვლეულების შესახებ გაკეთებულ მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მან უნებლიე, ტექნიკური შეცდომა დაუშვა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, ტარდება მცირე კვლევა ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული.

"მე გუშინ "კავკასიის" ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ვთქვი ისიც, რომ ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი, უნებლიე, ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10 პროცენტი, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, გვყავს 6 ადამიანი, დანარჩენი 4-ის შედეგები ზუსტდება.

ჩვენ კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ თბილისში, დედაქალაქის მოზრდილ მოსახლეობაში. ანუ, 860 000 კაციან ქალაქში ჩატარდა კვლევა 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის ექსტრაპოლაცია, ანუ გადათვლა მთელს მოსახლეობაზე", - განაცხადა ცერცვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევას, რომლის თანახმად, პრეპარატი პლაქვენილი სიკვდილობის რისკს დაახლოებით 18 %-ით ზრდის.

"დიახ, მათთან პლაქვენილი გამოვიყენეთ, რამდენადაც ეს იყო მძიმე პაციენტები, მაგრამ ყველა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გამოცხადებული და ისტორიაში აღნიშნულია. გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა იყო უამრავი თანმხლები დაავადებებით. ყველა ეს პაციენტი, რომელიც საქართველოში გარდაიცვალა იყო ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. რაც შეეხება პლაქველინს, არცერთი სერიოზული გართულება ჩვენთან არ დაფიქსირებულა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მედიკამენტმა არ შეიძლება მოგვცეს გართულებები ისევე როგორც ნებისმიერმა მედიკამენტმა," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, პლაქვენილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების კვლევიდან დროებით ამოღებულია და საქართველოშიც მანამდე არ იქნება ჩართული, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"დღეს ფავორიტად მიჩნეული რემდესივირი, რომელიც ყველაზე იმედისმომცემ პრეპარატად ითვლება მის კვლევებშიც უამრავი გვერდითი მოვლენები ფიქსირდება. არსად არ თქმულა, რომ პლაქველინი იყო გარდაცვალების მიზეზი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი სწავლობს თუ რამდენიმე გართულება იყო, რამდენად სერიოზული იყო და რამდენად არის ეს მიზეზი იმისთვის, რომ პლაქვენილი ამოღებული იყოს ამ კვლევიდან, ჯერჯერობით ის დროებით არის ამოღებული. საქართველოში პლაქვენილი კვლევაში ჩართული არ იქნება, ვიდრე არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"