"დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ..." - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ..." - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში COVID19-ის ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის.

მისი თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად ერთეული ახალი შემთხვევები ფიქსირდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია მშვიდდება.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის პრევენციისთვის არსებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაბიჯები გადადგა, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ არსებობს, მიზეზი კი მეზობელ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის გამო არსებული ვითარებაა.

"ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, ეს იქნება ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ჩვენი უშუალო მეზობლები: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ სომხეთი, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა. მზარდი ეპიდემიაა თურქეთის გარდა, სადაც ეპიდტალღა ოდნავ ქვევით წავიდა. დანარჩენ ქვეყნებში კი აღმავალია. ამიტომ, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ისიც, რაც გლობალურად ხდება. ამიტომ, ყველა ის შემზღუდველი, ე.წ. თვითშეგნებაზე დამყარებული ღინისძიებები უნდა გავატაროთ. მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო ტრანსპორტი, ამიტომ პრევენციისთვის აუცილებელია ტრანსპორტში მგზავრებმა პირბადეები გამოიყენონ.

"აუცილებელია თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრის ადგილებს. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ და მეტად ხშირად დავიბანოთ ხელები, სანიტაიზერებით, სადეზინფექციო ხსნარებით დავიმუშაოთ, რაც მთავარია, 10 კაცზე მეტი თავშეყრის არიდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"