"არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს - ჭკვიანად უნდა იყვნენ!" - კვირის პალიტრა

"არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს - ჭკვიანად უნდა იყვნენ!"

მე არ ვიმუქრები,უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილზე საუბრისას განუცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პოლიტიკოსები "ჭკვიანად უნდა იყვნენ“.

"მე არ ვიმუქრები,უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა. ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ილაპარაკოთ ჩემს ცუდ საქციელზე. აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო, არადა, ძალიან უნდოდათ ვიღაცებს და პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი ეგ. ჭკვიანად უნდა იყვნენ! რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე გამოვა, რომ ვიღაცები, პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება. ხალხი სხვანაირად შეხედავს. რომ ვთქვა რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან კითხვის პასუხად განმარტა, ის ოპოზიციას გულისხმობს. "აბა, მთავრობა რატომ უნდა ვიგულისხმო? მთავრობასთან ჩვენ რაც გვაქვს, პირდაპირ ჩანს ხოლმე. მთავრობა ბოლომდე შეეცადა წირვები არ ჩატარებულიყო, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო. რომ არ ჩატარებულიყო, ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა საქართველოში, მსოფლიოში რაც ხდებოდა იცით. მძიმე ავადმყოფებიც არ გვყოლია, ხომ ხედავთ როგორ იოლად მიდის. მადლობა ღმერთს ექიმებმაც ისწავლეს ბრძოლა. ისევ ოპოზიცია იკბინება, თუმცა ოპოზიციური ფრონტიდან ყველას არ ვიძახი. ძალიან ბევრი ეკლესიაშიც მოდიოდა, ძალიან ბევრი გაემიჯნა. ხომ გახსოვთ, საგანგებო წესებს რომ იღებდნენ, ბევრმა გახარებულმა მისცა ხმა საგანგებო მდგომარეობას, ეგონათ, რომ ეკლესიას ჩაკეტავდნენ. ნახეს რომ გაბრიყვდნენ და ისიც იცით, როგორ იქცევიან. ერთი რამ მინდა იცოდეთ, იმათ თუ უსმენენ, მეც მისმენენ. თუ ძალიან უნდათ, შემიძლია მათაც მოვუწყო შეხვედრა საზღვარგარეთ, რომ გაიხსნება. დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და ნახავენ როგორც დაელაპარაკებიან. არ შეიძლება, 3 წელია პარტიული ტელევიზიები და სხვები გვიტევენ და გვიტევენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობას, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მათთან "ჩვეულებრივი ურთიერთობა“ აქვს.

"აქეთ იშვიათად ვარ, ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, გამარჯობა-გაგიმარჯოს და დღესასწაულებზე შევხვდებით ხოლმე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.