"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე... " - როგორია გრძნობს თავს თემურ წიკლაური ინსულტის გადატანის შემდეგ - კვირის პალიტრა

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე... " - როგორია გრძნობს თავს თემურ წიკლაური ინსულტის გადატანის შემდეგ

წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად ინსულტი დაემართა და როგორც თავად ამბობს, დიდი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა. "დღეს არც სახე მაქვს მოღრეცილი და არც ტვინი", - ასე ხუმრობს ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური.

თბილისურ რუტინას გაექცა და მისაქციელში, ულამაზეს ხის კოტეჯში არჩია ცხოვრება. ეს სახლიც მეგობრებმა აუშენეს. არაგვისხეობიდან 500 მეტრში ქუჩას, რომელიც თემურ წიკლაურის სახლთან მიგიყვანთ, არწივის ქუჩა ჰქვია და ამის დამადასტურებელი ნიშანი სოფელში ნამდვილად დაგხვდებათ.

როგორია მომღერლის ახალი ცხოვრება, ამის შესახებ ბატონ თემურს AMBEBI.GE ესაუბრა:

- ახლა საუკეთესოდ ვარ, ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ალბათ გაგიგიათ, რომ მედიცინაში არსებობს ერთ-ერთი მიმართულება, რომლის მიხედვითაც, შიმშილით მკურნალობენ ადამიანებს. კონცერტები როცა არ არის, შიმშილობს ხომ ადამიანი?! - რეალურად არ ვშიმშილობ, ვიხუმრე, მაგრამ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით.15 წლის წინ როდესაც ჯემალ ბაღაშვილი "ფიროსმანს" დგამდა, გადავწყვიტე, რომ უფრო მეტად რომ დავმსგავსებოდი ცნობილ მხატვარს და უფრო ახლოს მივსულიყავი მის მდგომარეობასთან, მეშიმშილა. მაშინ 60-61 წლის ვიყავი. დავიდე თავთან წიგნები ფიროსმანის შესახებ და ვკითხულობდი, დავდიოდი ჯემალ ბაღაშვილთან და ვსაუბრობდი. ასევე ჩემი სოფლიდან, კოჯრიდან წყალი მომქონდა და მხოლოდ იმ წყალს ვსვამდი.

თემურ წიკლაური მეუღლესთან - ლილი ზღვაურთან ერთად

თავიდან ჩავიფიქრე, რომ 40 დღის მანძილზე მეშიმშილა, მაგრამ არ გამოდიოდა. რადგან შიმშილის შემთხვევაში რამდენი დღეც შიმშილობ, იმდენივე დღე უნდა საკვებით ძველებურ რეჟიმში დაბრუნება. მე კი ვერ ვასწრებდი, რადგან შემდეგ კონცერტები მიწევდა. მივეცი ბრძანება გონს, რომ 21 დღე ეშიმშილა. დავიწყე ერთად და მარტო წყალს ვსვამდი. მეოცე დღეს გონი და სხეული ერთიანად ამიჯანყდა. 21-ე დღეს 1 ჩაის კოვზი გახეხილი ვაშლი მივიღე, საღამოს 2 ჩაის კოვზი, მესამე დღეს კარტოფილი და ასე გამოვედი ნელ-ნელა მდგომარეობიდან.

- ბატონო თემურ, როგორც ვიცი, დიდ დროს ქალაქგარეთ ატარებთ.

- დიახ, მისაქციელში ვცხოვრობ, თუმცა თბილისში სახლი მაქვს და ძველებურად მივდივარ იქ. რამდენიმე ხნის წინ ჩემი მეგობრების, ნოდარ ბერიძისა და ვასილ ბოლაშვილის დახმარებით, შემიძინეს მიწის ნაკვეთი და ჩამიდგეს ხის სახლი. ჩემთვის ვარ, ვმღერი, ყელს ხომ ვარჯიში უნდა. ერთი ონლაინ კონცერტი 9 აპრილს გავაკეთე, ასევე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მისაქციელის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირი ეთერით გადავეცი მსოფლიოს, რომ ხალხნო, დამოუკიდებლობა მარტო ქაღალდზე დაწერილს არ ნიშნავს, სულიერად უნდა იყო დამოუკიდებელი.

- ინსულტი გადაიტანეთ...

- დიახ, მარცხენა ხელი და ფეხი ვერ მქონდა კარგ მდგომარეობაში. ტვინის მარჯვენა მხარეს ჩამექცა ალბათ სისხლი და მარცხენა გაითიშა (იცინის). ვიბრძოლე და ექიმ სანდრო ცისკარიძის დახმარებით გადავიტანე. ათი დღე ვიწექი საავადმყოფოში და როდესაც გამომწერეს, ვიბრძოლე, ვიბრძლე და გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა არც ყბა მაქვს მოღრეცილი, არც თვალი და არც ტვინი. ხელოვანი ადამიანი გამუდმებით სტრესში იმყოფება. სიმღერისას ყოველთვის უსაშველოდ განვიცდი, როგორ მოვუარო ამ სიტყვებს, რა გრძნობით ვიმღერო. ახლა ბესიკის ლექსს "ტანო ტატანოს" გადავეკიდე, საოცარი სიტყვათა კრებაა. ჩემმა ძმა და მეგობარმა, კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მუსიკას დაწერდა, აბა, დანარჩენები - ფოთოლი, ნახშირი, წყალი, მზე ამოვიდა, მთვარე ჩავიდა - ამაზე წერენ. ამიტომ მივმართე ნუგზარს, მან შემიქმნა "მერანზე" და მუხრან მაჭავიანის ლექსზე "იარონ" მუსიკა. საოცარი ლექსია "ტანო ტატანო", რა დითირამბებით ამკობს საყვარელ ქალს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი, გიორგი... მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე..."

ნინო გიგიშვილი