"ქვეყანა სამეფო ხარისხით... გახდება საქართველო დასავლური სახელმწიფო, თუ პუტინისეული რუსეთი ჩაყლაპავს?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
29-05-2020
"ქვეყანა სამეფო ხარისხით... გახდება საქართველო დასავლური სახელმწიფო, თუ პუტინისეული რუსეთი ჩაყლაპავს?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
ცნობილი ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალ "სფექთეითორ"-ის («The Spectator») ამერიკული ვერსიის ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით "სამეფო ხარისხი: მეფეებისა და კომუნისტების პერიოდში საქართველო ისეთი ადგილი იყო, სადაც რუსები გასართობად წვეულებებზე დადიოდნენ". პუბლიკაციის ავტორია უილიამ კუკი - იგი გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდა ნატოს ეგიდით ჩატარებული ერთ-ერთი სამხედრო წრთვნების დროს, რომელშიც ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ.
გთავაზობთ სტატიიას მცირე შემოკლებით:

"თბილისის ცენტრში განთავსებულ რუკაზე, რომელზეც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" არის მონიშნული, გამაფრთხილებელი წარწერაა: "ეს
რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლქვეშ არ არიან, შესაბამისად, იქ მოგზაურობა რეკომენდებული არ არის".
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თბილისიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობენ. 2008 წლიდან, ორვე რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული, თუმცა თბილისში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებთან ერთად, ბევრ რუსსაც შეამჩნევთ. ეს ერთგვარი ირონიული მომენტი იმის ნათელი
გამოხატულებაა, რაც თბილისსთვისაა დამახასიათებელი. აქ ყველაფერი ისე არ არის, რაც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ: აქ სამთავრობო სტრუქტურების შენობებზე და მის შიგნით, საქართველოს დროშასთან ერთად, ევროკავშირისა და ნატოს დროშებიც ფრიალებენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირის ან ნატოს წევრია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანას ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება სურს.
უილიამ კუკი
საქართველო ევრაზიულ ნეიტრალურ ზონას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის მდებარეობს. საქართველო ყოველთვის დასავლეთისაკენ ისწრაფვოდა, მაგრამ რუსეთმა ეს ქვეყანა მტკიცედ მიისაკუთრა. რუსეთის მეფე-იმპერატორებმა, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოს ოკუპირება მოახდინეს. სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის (1918-1921 წლების) შემდეგ იგივე გააკეთეს საბჭოელმა ბოლშევიკებმაც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა, მაგრამ რუსეთს მისი ხელიდან გაშვება არ სურდა.

საქართველო ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის, რომ როგორმე რუსი დათვი შეშინდეს, მაგრამ სწორედ ეს არ სურს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს - იგი წინააღმდეგია, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი წევრი გაჩნდეს. ამიტომაც მოსკოვი მხარს უჭერს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს, რაც პუტინს საშუალებას აძლევს საქართველო გვერდით ჰყავდეს და ევროპისაკენ არ გაუშვას. ნატოსაც არ შეუძლია თავის რიგებში საქართველოს მიღება, ვიდრე რუსეთის ჯარები ქართულ მიწაზე არიან. როგორც ჩანს, ისინი უახლოეს მომავალშიც იქ დარჩებიან...

მე საქართველოში ნატოს წრთვნების გასაშუქებლად ჩავედი, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მონაწილეობდა, შევხვდი საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვნახე, თუ როგორ შეხვდა ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი დაჭრილ ქართველ ვეტერანებს, რომლებიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობდნენ... შეხვედრებს შორის თბილისის ქუჩებს ვათვალიერებდი და აღფრთოვანებული ვიყავი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოტივების მდიდრული შეზავებით. ვსეირნობდი ქალაქის ფართო ბულვარებში და თავი პარიზში მეგონა... და თუ ვიწრო ქუჩა-ბანდებში ჩაუხვევთ, თავს აღმოსავლეთში იგრძნობთ.

თბილისში ძველსა და ახალს შორის უდიდესი განსხვავებაა - აქ ნახავთ ეროვნულ ორნამენტებიან შენობებს და ამერიკულ თანამედროვე ფასტ-ფუდებს - ისინი ერთმანეთის მეზობლად დგანან. გაივლით რამდენიმე კვარტალს ყოველი მიმართულებით და არქიტექტურა მკვეთრად იცვლება - უძველესიდან თანამედროვე მოდერნიზმამდე. მაგრამ ყველაზე მეტად კულტურათა "შეჯახება" თაობების განსხვავებაში იგრძნობა: ახალგაზრდა, დამოუკიდებლობის ეპოქაში აღზრდილ ინგლისურად მოლაპარაკე ქართველებს და უფროსი თაობის რუსულად მოლაპარაკე ქართველებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში გაიზარდნენ. თუ თქვენ ახალგაზრდა იყავით საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, თქვენთვის ეს ფანტასტიკური შესაძლებლობას ნიშნავდა - ცხოვრებამ კარი ფართოდ გაგიღოთ, მაგრამ თუ ხანშიშესული იყავით, ხელახალ სწავლას ვერ მოახერხებდით და ეს ხშირად კატასტროფას ნიშნავდა.

მოტივი, რომლის საფუძველზეც ვლადიმირ პუტინი ცდილობს საქართველო "ბრჭყალებში" ჰყავდეს მოქცეული, გეოპოლიტიკური ხასიათისაა, მაგრამ რუსეთის რიგით მოქალაქეებს კავკასიის ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ სენტიმენტალური დამოკიდებულება აქვთ. რუსეთის მეფე-იმპერატორებისა და კომუნისტების მმართველობის ეპოქაში საქართველო ის ადგილი იყო, სადაც რუსები გასართობად წვეულებებზე დადიოდნენ - აქ იყო საუკეთესო ღვინო, საუკეთესო კლიმატი, საუკეთესო პლაჟები, საუკეთესო საჭმელები.

"მე თბილისში ჩასვლა, საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებთან შედარებით, ყველაზე ძალიან მიყვარდა - იმიტომ, რომ ეს ქალაქი არ ჰგავდა საბჭოური ერთფეროვნული ცხოვრების მქონე ქალაქებს", - წერდა არტულ კესტლერი (ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი, რომელმაც 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში იმოგზაურა - ს.კ.), - ამ ქალაქს თავისი განსაკუთრებული მიმზიდველობა, მომხიბვლელობა აქვს - არც მთლად ევროპული, არც სრულიად აზიური, მაგრამ ორივე ერთმანეთთან საოცრად არის შეთავსებული".

ეს საოცარი შეთავსება ჯერაც აშკარად შესამჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ჯარისკაცები თბილისის ზღურბლთან ახლოს დგანან. თბილისში მე ნატოს ისლანდიელ თანამშრომელთან ერთად დავდიოდი, იგი გიდობას მიწევდა და აშკარად ეტყობოდა, რომ მას საქართველოს დედაქალაქში ცხოვრება ძალიან მოსწონდა. მან რესტორან "ძველ მეტეხში" წამიყვანა, რომელიც მდინარის პირას, მაღალ კლდეზეა აგებული, იქიდან ქალაქის მშვენიერი ხედი მოჩანდა. საჭმელი, მუსიკა და ცეკვები ისეთი სასიამოვნო იყო, იმდენი მივირთვი, იმდენი წითელი ღვინო დავლიე, რომ ვიფიქრე, რაღაც დამემართებოდა. ქართულ სამზარეულოში, ისევე როგორც ქართული კულტურაში, სხვადასხვა ხალხების ტრადიციების (მათ შორის რუსული და თურქულის) ერთგვარი გავლენა შეინიშნება.

ფიცროი მაკლინი (ბრიტანელი დიპლომატი, რომელიც მოსკოვში 1937-38 წლებში მუშაობდა და ბევრს მოგზაურობდა საბჭოთა კავშირში - ს.კ.) თბილისში ათჯერ მაინც იყო ნამყოფი. "ეს ქალაქი იმ წუთსვე მომეწონა", - წერდა იგი მემუარებში, - აქ არის შენობები განსაცვიფრებელი ვერანდებით, მერცხლის ბუდესავით კლდეზე დაკიდებული აივნებით... მათ ქვეშ მდინარის ხმა ისმის...". არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ფიცროი მაკლინს სწორედ იმ რესტორნის შენობა აქვს აღწერილი, სადაც მე ვიყავი იმ საღამოს.

სასტუმროს ნომერი "მარიოტში" მქონდა დაჯავშნული. სახელწოდება მაინცდამაინც აღმაფრთოვანებლად არ ჟღერს, მაგრამ ის ყველაზე კარგი სასტუმრო იყო, სადაც კი მე ოდესმე მიცხოვრია - დიდებული შენობა თბილისის დიდებულ გამზირზე, რომელიც რუსთაველის სახელს ატარებს. აქ ყოველ შენობას თავისი საოცარი ისტორია აქვს: მაგალითად, სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც "მარიოტთან" შედარებით კიდევ უფრო გრანდიოზულ შენობაშია მოთავსებული. მის ნეოკლასიკურ პორტიკებზე საბჭოურ ბარელიეფებს დაინახავთ, რომლებზეც ბედნიერი საბჭოთა მშრომელები არიან აღბეჭდილნი.

მომდევნო დღეს ეროვნულ მუზეუმში წავედი, რომ საქართველოს რთულ ისტორიას გავცნობოდი. იასონმა და მისმა არგონავტებმა ოქროს საწმისი ხომ სწორედ საქართველოში, კოლხიდაში იპოვეს. სხვათა შორის, არ დავმალავ და ვიტყვი - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ოქროს საწმისი, უბრალოდ, მითია, მაგრამ, როგორც მუზეუმში გავიგე, ქართველები ოქროს სწორედ საწმისით მოიპოვებდნენ.

"კავკასიის მთებში უამრავი მდინარე იღებს სათავეს, თან იმდენად წვრილი ოქროს მარცვლები მოაქვთ, რომ თვალით მათი გარჩევა შეუძლებელია", - ასე წერდა თურმე აპიანე ალექსანდრიელი (II საუკუნის ბერძნული წარმომავლობის ძველი რომაელი ისტორიკოსი - ს.კ.), - მოსახლეობა მდინარეში ცხვრის ტყავებს დებს და ასეთი წესით აგროვებს წყლის მიერ ჩამოტანილ ოქროს".

საქართველოს თანამდროვე ისტორიაც ძალიან რთულია, განსაკუთრებით ეს ეხება იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს. ბედის ირონიაა, რომ თვით იოსებ სტალინიც ეროვნებით ქართველი იყო. 1921 და 1940 წლებს შორის საქართველოში დაახლოებით 70 ათასამდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით და 200 ათასამდე გაასახლეს. მუზეუმში ვნახე გამოფენა სახელწოდებით "ქართველი მხატვრები და წითელი ტერორი", რომლის ექსპონატები დისიდენტი მხატვრების ნამუშევრებს წარმოადგენდა, იქვე მათი ბიოგრაფიებიც იყო მოცემული, დევნა-დაპატიმრების მომენტებით. მას შემდეგ, რაც ეს "მოღალატეები" შრომით ბანაკებში გაგზავნეს (სადაც იღუპებოდნენ კიდეც), მათი შვილებიც სახელმწიფომ იზოლაციაში მოაქცია: "ეს აუცილებელი იყო, - ასე გამოხატა თავისი აზრი სტალინურმა დიპლომატმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა, - სხვაგვარად ისინი საჩივრების წერას დაიწყებდნენ და ქაოსს შექმნიდნენ". ნუთუ საბჭოური ჩაგვრა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოსათვის განკუთვნილი მასალას წარმოადგენს? მე არ ვარ დარწმუნებული.

შევედი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელშიც უამრავი ხატი და მრევლი იყო, სანთელი ავანთე. საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და განთქმულია თავისი უმშვენიერესი ეკლესია-ტაძრებით. თბილისის ცენტრშიც კი, სადაც დასავლურ-ამერიკული აშკარად ჩანს, ძველი ტაძრები თავის მარადიულობას და დიდებულების იდუმალ ატმოსფეროს ისევ ინარჩუნებენ.

გახდება თუ არა საქართველო დასავლური სახელმწიფო, რომლისკენაც ის ყოველთვის მიილტვოდა? თუ მას ვლადიმურ პუტინისეული რუსეთი ჩაყლაპავს? შეინარჩუნებს თუ არა თბილისი იმ გრაციოზულობს, იმ სამხრეთულ მიმზიდველობას, იმ ატმოსფეროს, რომელმაც ესოდენ მოხიბლა ფიცროი მაკლინი?

როცა საქართველოში ჩემი ყოფნის მრავალრიცხოვან ჩანაწერებს ვათვალიერებდი, ერთმა ციტატა ვნახე, რომელიც დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა:

"რის შეთავაზება შეგვიძლია ევროპელი ხალხებისათვის? ჩვენი 2000-წლიანი ეროვნული კულტურის, დემოკრატიული სისტემის და ბუნებრივი სიმდიდრის. რუსეთმა ჩვენთან სამხედრო კავშირი მოისურვა, მაგრამ უარი ვთქვით, სხვა გზით წავედით. რუსები აღმოსავლეთისაკენ მიდიან, ჩვენ კი დასავლეთისაკენ". ჯერ ვიფიქრე, რომ ეს სიტყვები ერთ-ერთმა ქართველმა მინისტრმა თქვა, რომელთანაც მე ვსაუბრობდი ხოლმე, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ციტატა მუზეუმში ჩავიწერე და ნოე ჟორდანიას - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს ეკუთვნის. და მან ეს განაცხადა 1921 წელს, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე თბილისს რუსეთის წითელი არმია დაიკავებდა". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
ნუ მბლოკავთ
31 მაისი 2020 10:43
ამ ადამიანის წერილი მე ისე გავიგე, გადაირევა ქართველობა და ისევ რუსეთის საქმის მაკეთებელ ნაცებს და ქოცებს აირჩევს და წავა რუსეთისკენ, თუ აირჩევს სხვა ძალას და ეს ქვეყანა დაუბრუნდება საკუთარ მიმართულებასო. ქრისტიანული ფასეულობები ტყუილა არ აქვს ნაქები ევროპელს. თქვენ ეს ჩვენი მატყუარა ანტი-ლიბერალი არ გეგონოთ, ევროპას უყვარს ქრისტიანობა და მისი ფასეულობები და ამას დიდად აფასებენ ჩვენში. რათქმაუნდა რუსული პროპაგანდა სხვა რამეს ქადაგებს, მაგრამ ფაქტი სხვაა.
Status quo
30 მაისი 2020 12:30
მე 60 წლის ვარ, რუსულის გარდა სხვა უცხო ენა არ ვიცი, მაგრამ მძულს დამპყრობელი რუსეთი და დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე ვარ.
არ დამბლოკოთ.
30 მაისი 2020 12:08
კუკის მზგავსებს დაუწერეთ, არა ოსეთი, არამედ სამაჩაბო. უნებლიედ, თითონ დასვამენ კითხვას და განათლდებიან, მაგრამ ვაი, რომ ჩვენ თითონ, არ ვართ, საქართველოს საკეთილდღეოდ განათლებული. როდემდე!!! ვინც სიმართლე იცის, ისინი რომ არ იქნებიან?

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?