"როცა შემიყვარდა, ყველანაირი ანალიზის უნარი წამერთვა" - კვირის პალიტრა

"როცა შემიყვარდა, ყველანაირი ანალიზის უნარი წამერთვა"

"ქორწინებაც იღბალზეა დამოკიდებული და ასე თუ ისე, მაინც რისკია. ან გაგიმართლებს, ან - არა. გარისკვა კი, ადრე თუ გვიან, ყველას გვიწევს"

ნაკლია თუ არა ახალგაზრდობა, რატომ შერჩა სულ უფრო ცოტა ადამიანს ღირსება და ნამუსი, არის თუ არა ქორწინება რისკი? - ამ და სხვა თემებზე მომღერალი თათია თექთურმანიძე ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- "ქალიშვილის აღზრდა იგივეა, რაც საზოგადოების აღზრდა, რადგან საზოგადოება გამომდინარეობს ოჯახიდან, რომლის სული ქალია" (ჟიულ მიშლე).

- ქალი რომ ოჯახის სულია, ამაში ნამდვილად ვეთანხმები, მაგრამ ჩემი აზრით, ვაჟიც ისევე კარგად უნდა აღზარდო, როგორც ქალიშვილი - ოჯახის "სული" როგორ იქნება სუფთა, თუ მისი რომელიმე წევრი აღუზრდელია?

- "როგორც დღეს, ისე მომავალში, დედაკაცი უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს, დიდს, ძალიან დიდს საქმეს გააკეთებს, დიდს ამაგს დასდებს თავის ქვეყანას" (ვაჟა-ფშაველა). - ვფიქრობ, ორივე მშობელი თანაბრად უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და მონაწილეობდეს ბავშვის აღზრდაში. უბრალოდ, როგორც წესი, დედა უფრო მეტ დროს ატარებს შვილებთან და აქედან გამომდინარე, უფრო მეტადაც მონაწილეობს მათ აღზრდაში, მაგრამ მამა ყოველთვის მთავარი ფიგურა და ავტორიტეტი უნდა იყოს, შვილებს მის მიმართ უნდა ჰქონდეთ არა შიში, არამედ - ხათრი, სიყვარული და პატივისცემა.

- "ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გადის" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე). - არ ვეთანხმები. ახალგაზრდობა ბონუსია, რომელიც რაც შეიძლება კარგად უნდა გამოვიყენოთ.

- "ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის - ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა" (მარკ ტვენი). - ჯანმრთელობა მართლაც რომ იღბალია. ზოგჯერ, ვინც ძალიან უფრთხილდება თავს, სწორედ მათ ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ შეგნებულად არც ერთმა ადამიანმა არ უნდა მიაყენოს ზიანი არც თავის და არც სხვის ჯანმრთელობას.

- "როგორც ყოველთვის, ყველა იდიოტის ზურგს უკან დიდებული ქალი დგას" (ჯონ ლენონი). - საერთოდ, ქალები ხშირად დგანან იდიოტების ზურგს უკან, არ შემიძლია არ დავეთანხმო, მაგრამ ბევრი ღირსეული მამაკაცის უკანაც დგას დიდებული ქალი.

- "მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ" (ვოლტერი).

- საერთოდ, ძალიან მალე ვეჩვევით ყველაფერ კარგს, მათ შორის, კარგ დამოკიდებულებას და მერე ბევრ რამეს სათანადოდ ვეღარ ვაფასებთ. ხშირად ადამიანი ეგოიზმით არის შეპყრობილი და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ანგარიშს არ უწევს თავის ქმედებებს. უფრო და უფრო ცოტა ადამიანს შერჩა ღირსების, ნამუსისა და სინდისის აღქმა. ხშირად მწყდება გული უსამართლობასა და უმადურობაზე, როცა ვინმეს ჩაგრავენ ან პირიქით - ვერ აფასებენ სათანადოდ.

- "ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად, ნურც ნაკლებად, ვიდრე ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი" (ალექსანდრე დიუმა-უფროსი).

- სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ზოგჯერ ჯანმრთელობის ყიდვაც კი შეგვიძლია ფულით. აქედან გამომდინარე, არის შემთხვევები, როცა ფული იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ღირს.

- "ერთხელ მკითხეს, თუ რატომ არ ვთამაშობთ ქალები აზარტულ თამაშებს. მე ვუპასუხე, რომ ჩვენ კაცების მსგავსი შემოსავალი არ გვაქვს და არც ამდენი ფული. ეს მართალი პასუხი იყო, თუმცა - არასრული. ქალის ინსტინქტი აზარტულ თამაშებში ქორწინებით გამოიხატება" (გლორია სტეინემი).

- ქორწინებაც იღბალზეა დამოკიდებული და ასე თუ ისე, მაინც რისკია. რაც უნდა დიდხანს ფიქრობდე და აკვირდებოდე ვინმეს, ან გაგიმართლებს, ან - არა. გარისკვა კი, ადრე თუ გვიან, ყველას გვიწევს. როცა ჩემი დრო მოვა, იმედია, იმდენად დარწმუნებული ვიქნები არჩევანში, რომ ქორწინებას რისკად აღარ ჩავთვლი.

- "ქალის უფრო დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს" (ზიგმუნდ ფროიდი).

- ქალები მუდმივად უნდა ვგრძნობდეთ სიყვარულსა და სითბოს, რადგან ყველა ქალი ისე გამოიყურება, როგორც ის უყვართ და აფასებენ. არიან კარიერისტი ქალები, რომლებიც ბედნიერებას თავის საქმეში პოულობენ და მას ანიჭებენ უპირატესობას. არ მჯერა ცალმხრივი სიყვარულის. ვფიქრობ, სრულყოფილებისთვის აუცილებელია, რომ სიყვარული იყოს ორმხრივი. პირადად მე, როცა შემიყვარდა, ყველანაირი ანალიზის უნარი წამერთვა (იცინის) და მისი ნაკლიც ისევე მომწონდა, როგორც მისი დადებითი თვისებები. მერე, დრო რომ გადის, თითქოს გონს მოდიხარ, რეალობას აღიქვამ და თუ ეს რეალობა ისეთივე ლამაზია, როგორიც მაშინ, როცა ღრუბლებში დაფრინავდი, გამოდის, ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ყოფილხარ.

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზად ხარ, საფრთხის შემთხვევაში, მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება და არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა, ხშირად გვიწევს ცხოვრების გაგრძელება ზურგში სხვისთვის უხილავი დანებით... გაგრძელება