"ახლაც მეწერება სიყვარულზე" - კვირის პალიტრა

"ახლაც მეწერება სიყვარულზე"

"სევდა ასაკში შემოდის სიყვარულში, როდესაც ფიქრობ, რომ აღარასოდეს განმეორდება ის, რაც გაიარე. სამაგიეროდ, ხვდები, რა ბედნიერება ყოფილა, როდესაც ორ არსებას იმდენად უყვარს ერთმანეთი, რომ ერთი მეორის ხიდი ხდება ცხოვრებასა და მას შუა"

უსიყვარულობამ, სკანდალებმა თუ დაპირისპირებამ ისეთი რეკორდები დაამყარეს, რომ აუცილებლად მოგინდება საპირისპიროზე საუბარი, ყველას დაანახო, რომ ამქვეყნად ნამდვილი სიყვარულიც არსებობს - სიყვარული, რომელიც ადამიანებს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. ალბათ, ბევრს გახსოვთ ეს პატარა და მშვენიერი ლექსი, რომელიც უსიყვარულობის ჯიბრზე მუდამ მარგალიტივით იბრწყინებს:

"მუდამ ეს მენატრებოდა და ახლაც ამას ვინატრებ, / შენ იყო ჩემი კუნძულის წყაროს წყალი და სინათლე. / მე ქარში მიგიძღვებოდე, შენ ჩემთვის ხატად ბრწყინავდე, / გალობა სიყვარულისა (დღესასწაული გულისა) ისმოდეს დილით დილამდე..."

ჰოდა, როდესაც ამ პატარა ლექსის ავტორისა და დიდი პოეტის ვაჟა ხორნაულისა და მისი მეუღლის რუსუდან ბერეკაშვილის სახლის კარს შეაღებთ, ამ სახლში შესაძლოა დიდი სიმდიდრე ვერ დაგხვდეთ, მაგრამ დაგხვდებათ სიყვარულით მდიდარი ორი ადამიანი, რომელთაც ეს გრძნობა დღემდე "მოჰყვათ". აქ ეს ორი გიამბობთ ლეგენდას ნამდვილ სიყვარულზე, ბედნიერებაზე, რომელიც ათეული წლების შემდეგაც მოგაგონებს იმ პირველ წერილებს, საიდანაც შენი სიყვარული იწყებოდა.

ვაჟა ხორნაული: - ვერც ერთ და ვერც მრავალ საუბარში, იქნებ ვერც მთელი ცხოვრება, ვერ აღწეროს ადამიანმა, სინამდვილეში რა არის სიყვარული, მაგრამ მე ვიცი, რომ ბედნიერებაა და ამიტომაც ყოველთვის მეწერებოდა მასზე. ახლაც მეწერება და, რასაკვირველია, მხოლოდ კაცისა და ქალის სიყვარულს არ ვგულისხმობ... ქალისა და კაცის სიყვარული კი ადამიანის ბედისწერაც არის, მისი ნიჭიც და ძალიან ლამაზი სევდაც. ეს უკანასკნელი ასაკში შემოდის სიყვარულში, როდესაც ფიქრობ, რომ აღარასოდეს განმეორდება ის, რაც გაიარე. სამაგიეროდ, ხვდები, რა ბედნიერება ყოფილა, როდესაც ორ არსებას იმდენად უყვარს ერთმანეთი, რომ ერთი მეორის ხიდი ხდება ცხოვრებასა და მას შუა. ახალგაზრდობაში კი შეიძლება სულაც ვერ გაიგო სიყვარულის ფასი, სავსებით ჩვეულებრიობაც კი გეგონოს ეს განძი, რომელიც განგებამ გაჩუქა. ისე ვერავინ ვერავის შეიყვარებს, თუკი სიყვარულის ნიჭი არა აქვს. არც სიყვარულის ნიჭი შეიძლება ჰქონდეს ყველას.

ადამიანი მრავალგვარია - ზოგს მხოლოდ ძარცვის ნიჭი აქვს, ზოგი იმიტომ არის დაბადებული, რომ სიყვარული გასცეს ან მიიღოს. ამ შემთხვევაში საზოგადოდ სიყვარულის უნარის არსებობაზე ვსაუბრობ. თუ იმ ადამიანების გარემოცვაში იზრდები, რომელთაც სიყვარულის უნარი აქვთ, თავადაც სწავლობ, როგორ დააფასო სიყვარული. მე ასეთი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი ოჯახშიც და ბარისახოს სკოლა-ინტერნატში, სადაც ლამის მთელი ფშავ-ხევსურეთის ბავშვები სწავლობდნენ. თავად სოფელ კაწალხევიდან ვარ და მეც მომიწია ამ ინტერნატში სწავლამ იმ 300 ბავშვთან ერთად, რომლებიც აქ იზრდებოდნენ მშობლებისგან მოშორებით. საოცრება ის იყო, რომ ამ ინტერნატის აღმზრდელებთან ურთიერთობა გავიწყებდა, რომ მშობლები სადღაც შორს იყვნენ. ამას როგორ ახერხებდნენ, არც ვიცი, მაგრამ ასე კი იყო.

მაგალითად, არასოდეს დამავიწყდება ჩემი ისტორიის მასწავლებელი გაგა არაბული, რომელიც თურმე ისე ლანდივით ჩუმად გვდარაჯობდა, რომ წლების განმავლობაში არაფერი ვიცოდით. ერთ მშვენიერ დღეს ეს მეათეკლასელმა ბიჭმა შემთხვევით აღმოვაჩინე, როდესაც სხვა კლასელებთან ერთად ერთ-ერთ ამხანაგთან ვქეიფობდით. მართალია, ხევსურეთში ყურძენი არ მოდის და ღვინო არ იწურება, მაგრამ ღვინო ბარელებს ამოჰქონდათ კახეთიდან და ჩვენც შუაღამემდე გეახლებოდით. ჰოდა, მალე შუაღამე ჩამოდგა, ღვინო შემოგვაკლდა და მოსატანად მე წავედი.

ამ დროს ბნელში ვიღაც სიგარეტიანი დავლანდე, რომლისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია. არადა, თურმე ჩვენი მასწავლებელი გარეთ გვდარაჯობდა, რაიმე ცუდს რომ არ მოვწეოდით, შეგვშლოდა. მის ადგილზე სხვა ბევრი მასწავლებელი, ალბათ, შემოვიდოდა და უკვე დასაკაცებლად გამზადებულ ბიჭებს სუფრიდან აყრიდა, მაგრამ ეს მან არ გააკეთა, თან იმაშიც გამოგვცადა, რა ზღვარს გადავლახავდით ღვინის სმისას, ცხოველებს დავემსგავსებოდით თუ ადამიანებად დავრჩებოდით, როგორც ქართველთა წესი იყო. ეს რომ გააკეთა, მაშინ გავიგე, როდესაც ერთხელაც ხუმრობით მითხრა, ბიჭო, ერთ ჭიქა ღვინოზე მაინც დაგეპატიჟებინეთო!

და განა მარტო ეს, ბევრი იყო მსგავსი. ჩემი სოფლიდან დუშეთში ფეხით რომ წავიდოდი წიგნის საყიდლად, სოფელში ავიტანდი და მერე ყველა კითხულობდა, ესეც ხომ სიყვარული იყო! იმიტომაც მგონია, რომ ცივილიზაციამ, რომელიც ყველაფერს გვიიოლებს და ადვილად გვაჩეჩებს, შეაკვეცა იმ სიყვარულს ფრთები ადამიანში, რომელსაც მოპოვება სჭირდებოდა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ნამდვილი სიყვარული აღარ არსებობდეს, მაგრამ სიყვარული უმეტესად მაშინ ხდება ძვირფასი, როდესაც მას ზრუნვითა და შენი სულის ნაწილის გაღებით იმსახურებ. იქნებ ახლა დაუჯერებლადაც გაისმოდეს, მაგრამ რუსუდანს 7 წლის განმავლობაში წერილებს ისე ვწერდი, რომ არც ვიცნობდი, მაგრამ ამ წერილებში მის სულზე ბევრ რამეს ვკითხულობდი და მასზე ამიტომ მეფიქრებოდა... თანაც ორივენი საქართველოში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით. თუმცა ჩემი თაობის ადამიანებს ჰქონდათ ეს ფუფუნება, რომ ერთმანეთის ფიქრები წერილებით გაგვეზიარებინა, რა დროსაც განდობა ხდებოდა. რუსუდანი იმერეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა, მე კი უკვე თბილისში უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როდესაც მისი პირველი წერილი მივიღე და ვეღარც შევწყვიტე მისი კითხვა...

რუსუდან ბერეკაშვილი: - თავიდან, ალბათ, ძალიან ბავშვურად ვწერდი. ბავშვურადვე მომეწონა მისი ფშაური სახელი და გვარი, რადგანაც მთები მიყვარდა, სწორედ ამიტომაც დავწერე ჩემი პირველი წერილი თებერვლის ჭყაპიან დღეს... იმაზეც კი ვწერდი, მეზობლის ძროხამ ხბო რომ მოიგო... ვინ იცის, რამდენს ჩაიღიმებდა ჩემს წერილებზე, მაგრამ რადგან კითხულობდა, ესე იგი, მოსწონდა. ამ წერილებმა ისე ლამაზად ააწყო ჩვენი სიყვარული, რომ დღესაც ვიგონებთ. სწორედ ამას წინათ ვკითხე ვაჟას, ბიჭო, ჩემი პირველი წერილი გახსოვს-მეთქი. მითხრა, როგორ არ მახსოვს, თოვლში ეგდო ჩემს კართანო. როდესაც ვაჟა უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდა, მე მაშინ ჩავირიცხე ქუთაისში ინსტიტუტში. რა თქმა უნდა, იქიდანაც ვწერდი. მთელმა კურსმა იცოდა, რომ იმ ვაჟა ხორნაულის შეყვარებული ვიყავი, რომელიც თვალითაც არ მენახა. ლევან სანიკიძე გვიკითხავდა ლექციებს და ერთხელაც ვაჟა ხორნაულის ლექსი გაიხსენა და ჩემმა კურსელებმა მაშინვე მიაძახეს, ბატონო ლევან, კურსზე ვაჟას შეყვარებული გვყავსო. აბა, რომელიაო და, ავდექი. იმის მერე ბატონი ლევანი ვაჟას სიძეს ეძახდა. როდესაც ვაჟა, ბოლოს და ბოლოს, ქუთაისში ჩამოვიდა, ბატონმა ლევანმა საკუთარ ოჯახშიც დაგვპატიჟა. დიდი ამბავი იყოს ეს ჩვენთვის.

- ანუ ბატონო ვაჟა ჩამოვიდა ქუთაისში და ასე გაიცანით?

- არა, მე ჩავედი თბილისში სპორტულ შეჯიბრებაზე. ცნობილი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე ჩემი თაობის სტუდენტი იყო, ის მშვილდოსნობდა, მე კი პისტოლეტს ვისროდი და ასე მოვხვდი იმ ტურნირზე. რა თქმა უნდა, წინასწარ მივწერე ვაჟას, მოვდივარ-მეთქი. ისიც მოვიდა.

- მოგეწონათ?

- სულ სხვანაირს ველოდი. უფრო მაღალსა და მხარბეჭიანს. ყველაფერი ისე იყო, ერთხელ ერეკლე მეფეს რომ უთხრეს, სახელი უფრო დიდებული გქონია, ვიდრე თავად ყოფილხარო. ასე რომ, საშუალო ტანის გამხდარი ბიჭი გამომეცხადა. ისე კი, ალბათ, მომეწონა, რადგან მაშინ რომ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს და თეატრში წავედით, მერე აღარ გაგვიშვია. სხვათა შორის, ვაჟა რუსთაველის თეატრში მუშაობდა მეხანძრედ, მშობლებს რომ შეშველებოდა.

- და მას მერე ერთმანეთს უფრთხილდებით... - აბა, მაგის გარეშე როგორ იქნება, მწერალს კი სულ სხვა ხელშეწყობაც სჭირდება. როდესაც ვაჟა წერს, ხელი არ უნდა შეუშალო. ეს შვილებსაც ვასწავლე და ისინიც უფრთხილდებოდნენ... სიყვარული ღმერთი და მოთმინებაა. სადაც ეს ღმერთი "ტრიალებს", ისეთი მადლიც ტრიალებს, რომ ვერანაირი ჩხუბი ვერ მოერევა. ერთმანეთზე როგორ არ გავბრაზებულვართ, მაგრამ ჩვენს სიყვარულს არაფერი მოსვლია. ვაჟას ბოლო დროს სახსრები ძალიან აწუხებს, სიარულიც უჭირს, მაგრამ ოპერაცია როცა გავიკეთე, მაინც მოვიდა. გაოცებული იყვნენ ჩემი მეგობრები, როგორ შეძლოო. როცა გამომწერეს, მაშინაც მოვიდა. ვუთხარი, ბიჭო, როგორ შეძელი-მეთქი და, რა გამაჩერებდაო. სიყვარულსა და ზრუნვას ვერაფერი ჩაანაცვლებს. ვერანაირი მაღალი ტექნოლოგიები ვერ შეცვლის, როცა ადამიანის ხელის სითბოს გრძნობ და მასთან ერთად მიაბიჯებ ცხოვრების გზაზე.