"დაქვრივების მერე მეუღლის დალაგებულ ოთახებში ვცდილობდი არაფერი შემეცვალა" - კვირის პალიტრა

"დაქვრივების მერე მეუღლის დალაგებულ ოთახებში ვცდილობდი არაფერი შემეცვალა"

"ჩვენს დროში არავინ უსმენს მწერალს. მას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია: მხატვრულად დაწეროს ის, რაც მოხდება"

"მომილოცეთ! როგორც იქნა, დავამთავრე სახლის დალაგება. ამოვისუნთქე. რამხელა ადგილი ყოფილა ჩემს ჭერქვეშ, მე კი ვერ ვეტეოდი სივიწროვის გამო. არადა, ახლა უკვე მხოლოდ ლოჯია მეყოფა სამუშაოდაც და დასაძინებლადაც. მეშველა, დავლაგდი. დალაგებისას ვიპოვე უამრავი დაკარგული ნივთი, უამრავი წიგნი და ხელნაწერებით გავსებული საქაღალდე, უამრავი დაუმთავრებელი და დამთავრებული ლექსი. მართალია, ყველა ვერ მოწყვეტს ვარსკვლავებს ციდან, მაგრამ ზოგიერთის გამოქვეყნება შეიძლება... და ამათი წყალობით დაიბადა კიდევ ერთი ციკლი "დალაგებისას ნაპოვნები", - ამას წინათ დაწერა სოციალურ ქსელში პოეტმა და მთარგმნელმა ბათუ დანელიამ, რომელიც "მარტოობის პანთეონში" აგრძელებს საკუთარ თავში თავის ძიებას და იმედი აქვს, მასაც ისევე იპოვის, როგორც მტვერდადებულ ლექსებსა და თარგმანებს.

- როგორ ხართ, ბატონო ბათუ, რთული იყო იზოლაციაში?

- გმადლობთ, ღვთის წყალობით, არა მიშავს. არადა, ამ ასაკში ცუდად რომ ვიყო, რატომ უნდა მიკვირდეს, ისეთი სიდუხჭირე და მძიმე ცხოვრება გამოვიარე. რაც შეეხება პანდემიას, თვითიზოლაცია და კარანტინი არ გამძნელებია. პოეტობაზე უფრო დიდი "ვირუსი" რა უნდა იყოს, მაგრამ ნახევარ საუკუნეზე მეტია ვუძლებ. კორონავირუსისგან მალე რჩებიან, მით უმეტეს, საქართველოში, ჩვენი თავდადებული ექიმების დამსახურებით.

პოეტობა კი მოურჩენელი "ვირუსია". პოეტად თუ გაგაჩინა ღმერთმა, არც უნდა ელოდე მის "მორჩენას". მწერალი კაცი, პოეტი იქნება თუ პროზაიკოსი, ცხოვრების ნახევარზე მეტხანს თვითიზოლაციაშია. სხვანაირად არ და ვერ შეიქმნებოდა "ვეფხისტყაოსანი" და "ქაცვია მწყემსი", "მთვარის მოტაცება" და "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", "სამოსელი პირველი" და "ქარავანი"... და რაც უფრო დიდი ნიჭისაა მწერალი, მით უფრო იქნება ის მარტოობასა და თვითიზოლაციაში... ვისაც დიდი ხნით განმარტოება და თვითიზოლაცია არ შეუძლია, მისგან მწერალი ვერ გამოვა. ასე რომ, ჩემთვის ეს თვითიზოლაცია რთული და გაუსაძლისი არ ყოფილა. პირიქით, სასარგებლოც კი იყო...

- როცა ფიქრისთვის მეტად მოვიცალეთ, რაზე დაფიქრდით, რა შეიცვალა და რა გადაფასდა თქვენში და თქვენთვის? - ოცდაცამეტი წელი მარტოობაში მყოფი ადამიანისთვის ორთვიანი თვითიზოლაცია რას წარმოადგენს? არც რამის გადაფასება მომიხდენია, ფიქრით კი ბევრ რამეზე დავფიქრდი. საერთოდ, ადამიანი ფიქრისთვისაა დაბადებული, მით უმეტეს, მწერალი. როცა მხსნელი და მშველელი არსაიდან ჩანს, ფიქრზე უფრო დიდი ხსნა და საშველი არაფერია.

ფშაველ ღმერთკაცს თუ დავუჯერებთ, მთებიც ფიქრობენ ("ნისლი ფიქრია მთებისა") და ადამიანი როგორ გაძლებს ფიქრის გარეშე! ვისაც ფიქრის გარეშე შეუძლია ცხოვრება, მას არ შეუძლია იცხოვროს ადამიანურად და აუცილებლად ჩაიდენს სიავეს: უღალატებს ძმას, დაასმენს მეგობარს, გაყიდის სამშობლოს, მოკლავს შვლის ნუკრს და ამით იამაყებს კიდევაც...

საწერ მაგიდასთან მუშაობით დაღლილი, ტახტზე რომ მივეგდები და ჭერს აშტერებული ფიქრს მივეცემი, ვგრძნობ, რომ ესაა ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა და რატომღაც მჯერა, რომ ღმერთიც კი კმაყოფილი და ბედნიერია მოფიქრალი ადამიანის ყურებით, რადგან არაფერია მოფიქრალ ადამიანზე უფრო მშვენიერი და სრულყოფილი...

- ამას წინათ ფეისბუქზე სტატუსი დაწერეთ: "მომილოცეთ სახლის დალაგება, ამოვისუნთქე, რამხელა ადგილი ყოფილა. ახალი ციკლი დაიბადა, "დალაგებისას ნაპოვნებიო". რა იპოვეთ და რას შეელიეთ? - დაქვრივების მერე მეუღლის დალაგებულ ოთახებში ვცდილობდი არაფერი შემეცვალა, მაგრამ დრო მაინც თვითონ ცვლის ყველაფერს. მერე ვტიროდი და ვალაგებდი, ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც... მერე, თვეში ერთხელ ვალაგებდი, რადგან უფრო მეტ დროს წერას, თარგმნასა და წიგნების კითხვას ვანდომებდი. ასე მიმავიწყდა დალაგება და ქაღალდები. საქაღალდეები და წიგნები ისე ფარავდნენ ყველაფერსა და ერთმანეთს, როგორც ტროას ჟამთა მტვერი... ასე დავკარგე უამრავი ლექსი, ასევე, მარინა ცვეტაევას, ანა ახმატოვას, ბულატ ოკუჯავას, ოსიპ მანდელშტამის, სერგეი ესენინის, რობერტ ვინონენისა და სხვა პოეტების ლექსთა თარგმანები. ასევე, საოჯახო ნივთებიც, ტანსაცმელიც, ფეხსაცმელიც. როცა კარანტინი გამოცხადდა, მწერალთა სახლში ვერ წავიდოდი, ქუჩებში სიარულს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ვიფიქრე, ყოველდღე ცოტ-ცოტას დავალაგებ ოთახებს-მეთქი და ასეც მოვიქეცი - ნელ-ნელა, თანდათან დავლაგდი, უფრო სწორად, ვითომ დავლაგდი... ქალის დალაგებული მაინც სხვა არის... სამაგიეროდ, ვიპოვე რამდენიმე პიჯაკი, პერანგი, შარფი, ფეხსაცმელი, ყველაზე მეტი კი, წაკითხული წიგნი, უამრავი ლექსი და თარგმანი, რომელთა წყალობით მოვიგონე ახალი ციკლი "დალაგებისას ნაპოვნები".

- ერთგან თქვით, ვეძებ ჩემს თავს ჩემს თავშიო! იპოვეთ? - ღმერთმა რისი ნიჭიცა და შესაძლებლობაც მოგვცა, ის ჩვენში დევს და ვერავინ ნახავს, თუ ვერ გამოვავლენთ მას. არ ვიცი, ვიპოვე თუ არა ჩემი თავი ჩემს თავში, მაგრამ ჯერ კიდევ ვეძებ. იმედია, ვიპოვი. ამისთვის რამდენიმე წიგნი კიდევ უნდა გამოვცე.

- "ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ისეთი კარგი, რომ მოვდიოდე მე ბავშვობიდან", ერთ ლექსში წერთ. მაშ, საიდან მოდიხართ და საით? "მარტოობა იყო ჩემი ის მუსიკა ულამაზესი, სადაც ყურებზე ხახვს ვერ მაჭრიდნენ..." მარტოობა, როგორც პრობლემიდან გაქცევის საუკეთესო საშუალება? - იმავე ლექსში ვწერ, თუ საიდან მოვდივარ ("მე მოვდივარ მარტოობიდან - მარტოობა იყო ჩემი მიწა ყველაზე მოსავლიანი..."), ხოლო თუ საით, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. შეიძლება ზღვა ხალხი გეხვიოს გარშემო და მაინც მარტო იყო. ამას თუ შეძლებ, მაშინ შეიძლება მარტოობა გახდეს ის ულამაზესი მუსიკა, სადაც ყურებზე ხახვს ვერ დაგაჭრიან და სადაც შეიძლება ყველა პრობლემა დაიკიდო...

"სული მარტოობით სულ რომ გამრთობოდა, /მიტომ ვეხლებოდი ყოფნის წვიმაქარებს.../ ჩემი პანთეონი არის მარტოობა,/ მოვკვდე - მარტოობის მიწას მიმაბარეთ! ("მინიანდერძი").

- "ტანში დამივლის უცებ სამშობლო, გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს" - უკვე ცხადია თქვენი დამოკიდებულება სამშობლოსადმი... კიდევ რა არის სამშობლო? - ნებისმიერ ადამიანს დაუვლის ტანში და გააჟრჟოლებს სამშობლო, რადგან ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე, ყველა ადგილს სჯობია არა მარტო მთელ დედამიწაზე, არამედ მთელ სამყაროში... კიდევ რა არის სამშობლო? რა და: "და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი". კიდევ რა არის სამშობლო? რა და: "ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში, არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში..." და კიდევ: სამშობლო ის სიმღერაა, რომელიც მუნჯსაც შეუძლია იმღეროს! და კიდევ: სამშობლო ის ვარსკვლავია, რომელიც ბრმასაც შეუძლია დაინახოს! ვერც ერთი სიტყვის ცნება ვერ ჩაანაცვლებს სიტყვა "სამშობლოს" ცნებას.

- დამეთანხმებით, მძიმე ჟამი გვიდგას. იმისათვის, რომ წელში გაიმართოს საქართველო და ქართველი, რა მართებს პოლიტიკოსს, მწერალს, გლეხსა და მუშას? როგორს ხედავთ სამშობლოს მომავალს და რაში გამოსავალს? - უფრო მძიმე ჟამი ჰქონია საქართველოს, თანაც მარტო ჩვენ ხომ არა ვართ ასე! მთელ მსოფლიოში ჟამიანობაა. სხვებთან შედარებით, ჩვენ რა გვიჭირს, ჩვენი დიდებული ექიმების წყალობით და კიდევ იმით, რომ, ჩვენ უფრო ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს... და კიდევ: ჩვენ გაჭირვების დროს უფრო ძლიერები ვხდებით...

დღეს ეკონომიკაა ჩვენი აქილევსის ქუსლი... ამიტომ გვჭირდება სწორი პოლიტიკის გატარება, წელში რომ გავიმართოთ.

მწერალი ამ შემთხვევაში, უძლურია, უძლური იმიტომ, რომ ჩვენს დროში არავინ უსმენს მწერალს. მას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია: მხატვრულად დაწეროს ის, რაც მოხდება.

ქართველ ხალხს, უნდა მიეცეს ხელის განძრევის საშუალება - ამაში ვხედავ საქართველოს მომავალსაც და გამოსავალსაც. მარტო ნატო და ევროკავშირი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ მოგვეცა განძრევის საშუალება. და კიდევ: სოფლებში ოჯახებს კერძო საკუთრებაში რომ აქვთ ერთი ჰექტარი მიწა, რა მოხდება, ქალაქშიც ჰქონდეთ ოჯახებს ერთი ჰექტარი მიწა კერძო საკუთრებაში, რათა ბაღი გააშენოს, ვენახი მოაშენოს, ბაღჩა-ბოსტანიც გააკეთოს, პურის თუ სიმინდის ყანაც იქონიოს. თუ უნდა, სახლიც ჩადგას... ესეც ხომ ხელის განძრევის საშუალება იქნება? სამსახურ-სამუშაოები მაინც არა გვაქვს.

კორეა რომ ორად გაიყო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა სამხრეთი კორეა და დათქვეს, სამი წელი მიწაზე იმუშაონ არა მარტო გლეხმა და მუშამ, არამედ ყველამ: ექიმმაც, ინჟინერმაც, ფილოსოფოსმაც, მწერალმაც, მხატვარმაც, სპორტსმენმაც და ყველამ, დიდმა და პატარამ, თავის პროფესორ-აკადემიკოსებიანად და ნახეთ, რა მოხდა? -რამდენიმე წელიწადში აყვავდა და აშენდა სამხრეთი კორეა, მოსავალი და დოვლათი ბეღლებში არ ეტეოდა... მერე მთავრობა სთხოვდა ხალხს, ცოტა დავისვენოთ და მოვუკლოთ მუშაობას, ბეღლები არ გვყოფნისო! ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ! უნდა მოვთოკოთ ჩვენი ამბიციები და დავიკაპიწოთ ხელები ყველამ...

- რაზე მუშაობდით თვითიზოლაციაში? - არა მგონია, ვინმეს აინტერესებდეს დღეს, რას წერენ პოეტები. იყო ასეთი დრო, რომელიც დიდი ხანია წავიდა და არასოდეს დაბრუნდება. ამიტომ სული დამიტკბო და კინაღამ ცრემლიც მომგვარა თქვენმა შეკითხვამ, რაზე მუშაობდითო! დღემდე არ ვუჩივი მუზას, რისთვისაც მადლობელი ვარ მაღალი ღმერთის! ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი დავწერე მუზის შეწევნით, რა მნიშვნელობა აქვს, რა დავწერე? მთავარია, უქმად არ ვიყავი. არც კორონა და მისი ვირუსი დაგვრჩენია მე და ჩემს კალამს უყურადღებოდ.

- "უსასრულობის რიკ-ტაფელა მითამაშია და დამარცხება მომიგია..." - ეს მებრძოლი სულის პოეტის სიტყვები უნდა იყოს. არასდროს ნებდებით? - ზოგჯერ ისედაც მგონია, რომ ცხოვრება უსასრულობის რიკ-ტაფელას თამაშია, სადაც ყველა ვმარცხდებით, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ვერ დავიჭერთ უსასრულობის ტაფელათი გამოგდებულ რიკს, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჩვენს ნაცვლად სხვა დადგება. მაგრამ ჩვენ ის დამარცხება მოგებული მაშინ გვექნება, როცა არავისი დამარცხება არ გაგვახარებს და შეგვეძლება გავიხაროთ სხვისი სიხარულითა და გამარჯვებით.

არ ვიცი, ვარ თუ არა მებრძოლი სულისა, რადგან არასოდეს არავისთან ბრძოლის სურვილი არ გამჩენია. მხოლოდ, როცა მართალი ვარ, ჩემს წინააღმდეგ მებრძოლებს არ ვემორჩილები, უფრო სწორად, მათ დარტყმებს ან ვიგერიებ, ან ვიცდენ. სხვანაირად დღემდე ვერ გავუძლებდი ამდენ უსამართლობასა და ცილისწამებას.

კ ა რ ა ნ ტ ი ნ ი

სახლში დარჩიო! - ვრჩები

და ვრჩები

და დავემგვანე მოთმენის სამოსს...

თვალები, თითქოს, გამიხდნენ ჭები,

რისგანაც წყალი ამოსვლას ლამობს...

გულს მარტოობის უროთი დავფშვნი,

როდისმე სირცხვილს

შიშისგან თუ ჭამს!

ხვალ, შეიძლება, მესტუმრონ სახლში

და ჩემთან დარჩნენ ეზო და ქუჩა...

და იქნებ გულსაც ეშველოს

მწყურვალს,

რაც ცრემლის წკეპლით სიავეს

დენის...

ხვალ, შეიძლება, მეწვიონ სტუმრად

ჩემი დიდი ხნის ნაცნობი ხენი,

რომ ჩემი ბინა არ გახდეს ქვაბი -

არ მომიწიოს აქ კენტად ხარშვა...

და შენც მესტუმრო იმავე კაბით,

რითაც ქუჩაში შემომხვდი შარშან!..

ბათუ დანელია

ნანა ფიცხელაური