"ექიმები დაავადების სიმპტომებს "გუგლში" ეძებენ და ისე სვამენ დიაგნოზს" - კვირის პალიტრა

"ექიმები დაავადების სიმპტომებს "გუგლში" ეძებენ და ისე სვამენ დიაგნოზს"

"ორმეტრიანი დისტანციის დაცვაზე რომ არაფერი ვთქვათ, პირბადეებიც არავის უკეთია. ამ რამდენიმე დღის წინ ბაზარში ვიყავი შვილებთან ერთად. პირბადეები მხოლოდ ჩვენ გვეკეთა და გაოცებული გვიყურებდნენ. ზოგმა გვკითხა, კორონას ზღაპრების მართლა გჯერათო"

ოკუპირებულ რეგიონებში "კოვიდ-19"-ით დაინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ისიც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ვირუსის არსებობის არ სჯერა. გარდა ამისა, ვერ ხერხდება დაინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა, საკარანტინო სივრცეების სრულფასოვნად მოწყობა, რადგან ოკუპირებულ რეგიონებს არ გააჩნიათ შესაბამისი და საკმარისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

"ჩვენთან უსაფრთხოების წესებს არავინ იცავს..."

თეა, გალის რაიონში მცხოვრები:

- მთელ მსოფლიოში ბოლო ორი თვეა უძრაობაა, ჩვენთან კი კრიმინალს უძრაობის არაფერი ეტყობა. წილების გადანაწილება, "სახელისუფლებო" წევრებზე გავლენის მოპოვება ან შენარჩუნება ისევ გრძელდება. გავლენიანი კრიმინალი რაულ ბარცბა ისევ ცდილობს პოზიციები არ დაკარგოს, თუმცა ქართველი კრიმინალების მხარდაჭერით წაქეზებული სხვა აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდები უკან არ იხევენ. ამბობენ, რომ ახლა მთავარი სიტყვა "პრემიერ-მინისტრ" ალექსანდრე ანქვაბზეა, რომელსაც ადრეც სურდა მათი განეიტრალება, მაგრამ არ გამოუვიდა.

- კორონავირუსის შემთხვევები გახშირდა? - ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ვირუსი სულ 28 ადამიანს დაუდგინდა. ყველა პაციენტი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია.

ვირუსის მატების მიუხედავად, 18 მაისს, კარანტინის მოხსნის შემდეგ, ადგილობრივები რუსეთის ახალი პასპორტის ასაღებად, "საპასპორტო განყოფილებას" მიაწყდნენ. ბევრი მათგანი სოხუმში სოფლებიდან ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ხელისუფლება ხალხს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს, თავადვე ქმნის ისეთ ვითარებას, რომ მოქალაქეები დიდი რაოდენობით იკრიბებიან. კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის პირობებში შექმნილ რიგებს სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლის მხრიდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკაც მოჰყვა.

ამბობენ, რომ შიდა გავრცელებაც დაწყებულია, რადგან უსაფრთხოების წესებს არავინ იცავს...

მესამე თვეა ენგურის ხიდი ჩაკეტილია და ოკუპაციაში ცხოვრებას სურსათის დეფიციტიც დაემატა. რაც აქამდე 1 ლარი ღირდა, ახლა 3 ღირს. წნევისა და სიცხის დამწევი საშუალებებიც აღარ დაგვრჩა, გალის აფთიაქებში ვერაფერს იშოვი. ერთ-ერთ აფთიაქში ნაცნობობით ენგურჰესიდან მოუტანიათ რამდენიმე მედიკამენტი, მათ შორის, პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. ხალხი მიაწყდა, მაგრამ ყველას ხომ არ ეყოფოდა?..

ამ რამდენიმე დღის წინ ბაზარში ვიყავი შვილებთან ერთად. პირბადეები მხოლოდ ჩვენ გვეკეთა და გაოცებული გვიყურებდნენ. ზოგმა გვკითხა, კორონას ზღაპრების მართლა გჯერათო. მაღაზიის გამყიდველს ვუთხარი, პირბადის გარეშე რომ შემოდიან, რიგი მაინც დაიცვან-მეთქი. არა აქვთ, მე კი მეჩქარება, მერე ტრანსპორტი აღარ იქნება და მუშტარს ვერ დავკარგავო.

ყველა ექიმების ლანძღვა-გინებაში იყო და ახლა ერთბაშად ამდენი პროფესიონალი სპეციალისტი საიდან გაჩნდა.

ვითარება ისეთი მიშვებულია, შემოწმება რომ ჩატარდეს, შესაძლოა რამდენიმე ასეული კაცი კოვიდინფიცირებული აღმოჩნდეს.

არსებობს აქაური ე.წ. სტატისტიკის სამსახურის დემოგრაფიული აღწერა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობა 243 564 კაცს შეადგენს. თუმცა მოსახლეობის ნაწილს ამის არ სჯერა. სოხუმის სამშობიარო სახლის განყოფილების ხელმძღვანელი რიტა ტრაპში 2017 წელს წერდა, რომ 2000 წლის შემდეგ შობადობა 25%-ით შემცირდა. ამის მიზეზი მძიმე სოციალური ფონი და მოსახლეობის მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობაა.

აქ შუახნის ქალი მაღალი არტერიული წნევის გამო მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მოვიდა, ცოტა გვყავს და ვერ ვანაწილებთო, გვითხრეს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი იეღოვას მოწმეა. მათ შეკრებებიც არ შეუწყვეტიათ, ვირუსის, რა თქმა უნდა, არ სჯერათ და აუცილებელი საჭიროების შემთხვევაშიც არ მიდიან ექიმთან. 2 წლის ბავშვი დაიღუპა იმიტომ, რომ სისხლი არ გადაუსხეს.

- მოსახლეობა რით ირჩენს თავს? - აქაურებს ხილ-ბოსტნეული ზუგდიდის ბაზარში გადაჰქონდათ გასაყიდად, ახლა თითო-ოროლა სომეხი ან აფხაზი მოვაჭრე ჩამოივლის და ხალხი იძულებულია, რძის ნაწარმი თუ ბოსტნეული მათ შემოთავაზებულ ფასში ჩააბარონ. სოხუმის ბაზარი გაიხსნა, მაგრამ პროდუქტის იქ მიტანა ძვირი ჯდება. თუ მიიტანე, ჩალის ფასად უნდა ჩააბარო, რადგან იმავე დღეს ბრუნდებიან და ურჩევნიათ მოიშორონ.

"პაციენტებიც საავადმყოფოდან გარბიან"

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის თქმით, ფასების მატებაზე რომ არაფერი ვთქვათ, იქ სურსათის მაღაზიები თითქმის ცარიელია. აფთიაქებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები გაქრა. ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ჰუმანიტარულ დახმარებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია თანახმა, თუ ის რუსეთის მხრიდან შემოვა.

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი:

- ახალგორის რაიონული საავადმყოფო საკარანტინო სივრცედ არის გადაკეთებული, ოღონდ სამკურნალოდ არაფერი გააჩნიათ და პაციენტებიც საავადმყოფოდან გარბიან. ვერც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რადგან კვალიფიციური კადრები გაუშვეს და ექიმები ნაცნობობით დაასაქმეს, ისინი კი დაავადების სიმპტომებს "გუგლში" ეძებენ და ისე სვამენ დიაგნოზს.

ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ექთანი, ორი სანიტარი და სასწრაფოს მძღოლი კარანტინში არიან, სამწუხაროდ, მათი კონტაქტები დადგენილი არ არის.

- როგორც ვიცი, მძიმე პაციენტებს თბილისში უშვებენ.

- დიახ, ამას ახალგორელი ექიმების გადაწყვეტილებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობაც სჭირდება. გამონაკლის შემთხვევაში, დამატებით გამშვებ პუნქტს ხსნიან, თუმცა ამ შეღავათით ყველა ვერ სარგებლობს. პაციენტების ნათესავებს ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა უწევთ თანხმობის მისაღებად. ორი შემთხვევა გვქონდა, როდესაც პაციენტების ოჯახებმა გაშვების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვეს, რაც საქმეში "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი ჩაერია.

სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვია

აფხაზეთში სომხური დიასპორის ყოველდღიურ გაძლიერებაზე წლებია აფხაზები ლაპარაკობენ. როგორც ამბობენ, სომხური ლობი აკონტროლებს საკურორტო ქალაქებში ტურიზმის ბიზნესს. არსებული ვერსიით, უამრავი სომეხი, მათ შორის, რუსეთიდან და სომხეთიდან, ადგილობრივი სომხების დახმარებით ყიდულობს აფხაზეთში უძრავ ქონებას, მათ შორის ქართველების ნასახლარებს, რომლებიც 90-იანი წლების შემდეგ აფხაზებმა მიისაკუთრეს, მაგრამ შემდეგ ვერაფერში გამოიყენეს, ანუ ბიზნესშემოსავლად ვერ აქციეს.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი კონტრაბანდული სიგარეტის აფხაზეთში ჩატანაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Sputnik-ის სომხურ განყოფილებაზე დაყრდნობით იუწყება. სომხური მედიის ცნობით, პრემიერის ნათესავები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის უკანონო ექსპორტში არიან მხილებული. ამ ინფორმაციას ვატიკანში სომხეთის ყოფილი ელჩი, ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის სიძე მიქაელ მინასიანი ავრცელებს.

"კომერსანტმა" მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახმა რუსეთის ქალაქ კრასნოდარში და ვორონეჟში სიგარეტის ექსპორტი წარუმატებლად სცადა.

"მათ პირველად ექსპორტი ავღანეთში სცადეს, თუმცა, უშედეგოდ, შემდეგ - ვორონეჟში, იქაც არ გაუმართლათ. ამიტომაც ოკუპირებული აფხაზეთი გაახსენდათ. თუმცა, ეტყობა არ იცოდნენ, რომ თუ რომელიღაც ქვეყანაში ექსპორტს ახორციელებ, ეს ქვეყანა ოფიციალურად უნდა არსებობდეს. სომხეთიდან სიგარეტების პარტია სოჭში ჩავიდა. საბუთებში წერია, რომ ტვირთი - 14,8 ტონა აფხაზეთში მიემართება. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, ერთი დეტალი დაავიწყდათ - სომხეთი აფხაზეთს არ აღიარებს. ამიტომაც დოკუმენტაციაში "აფხაზეთის" შემდეგ საქართველოა მითითებული. შესაბამისად, დიპლომატიური პრობლემა შეიქმნა","- ამბობს მინასიანი.

სომხური წყაროების ცნობით, რამდენჯერმე, ბოლოს კი 9 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრასნოდარში ФСБ-მ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავის ბორტზე ერევნიდან ჩატანილი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინა, რომელიც აფხაზეთში უნდა შეეტანათ. გამოცემის ცნობით, "ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კოტრაბანდის საქმეში სომხეთის პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური ბლოკ "ჩემი ნაბიჯის" წევრი ჰრაჩია აკოფიანი (სომხური მედიის ცნობით, ის ნიკოლ ფაშიანინის ცოლისძმაა) და ასევე დეპუტატი, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ნათესავი სიპან ფაშინიანია გარეული"...

ქართულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, სომხური მედია კი წერს, რომ საქართველოს გვერდის ავლით ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანის დროიდან აფხაზეთში არაერთი სომეხი ბიზმესმენი დებს ინვესტიციას.