"როლი, რომელსაც ყველაზე მეტად შევეჩვიე და ძნელად დავთმე, იყო "შენ კიბო გაქვს, ხომ? და მაინც რა მაგრად გამოიყურები" - კვირის პალიტრა

"როლი, რომელსაც ყველაზე მეტად შევეჩვიე და ძნელად დავთმე, იყო "შენ კიბო გაქვს, ხომ? და მაინც რა მაგრად გამოიყურები"

სოფო პირანიშვილი 21 წლის იყო, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დიდხანს ვერ იჯერებდა მომხდარს, მაგრამ დანებება წუთითაც არ უფიქრია. 3 წელი გავიდა და ახლა უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ დაავადება დაამარცხა, თუმცა ბრძოლის ურთულესი ეტაპების გავლამ მოუწია. მასთან საუბრის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, ასეთ პატარა გოგოს, ამ ასაკში რა აძლევდა ამხელა ძალას...

"2018 წლის თებერვალში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ კიბო მქონდა"

"მხრის სახსრის ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია. ჩემმა ონკოლოგმა, კახა თოდუამ ოპერაცია მალევე ჩანიშნა. მან მკითხა და მე ვუპასუხე: მაქსიმალურად სწრაფად! ჯერ კიდევ ინტენსიურ განყოფილებაში ვიყავი, როცა ვკითხე: იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე გვეგონა? მან მიპასუხა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ვფიქრობდი.

უცნაურია გაიაზრო, რომ ძალიან ცუდად ხარ, გაქვს დაავადება, რომლის ჯერ მარტო სახელიც კი თავზარს გცემს. ჩვენ, ადამიანებს სადღაც გულის სიღრმეში გვგონია, რომ არასოდეს გავხდებით ცუდად. მინდა, ძლიერ გოგოდ დავრჩე, დანებებაზე არ ვფიქრობ, თუმცა წეღან გული წამივიდა. დაცემიდან გათიშვამდე იყო წუთები, როცა ვიგრძენი, როგორ მინდოდა წამოდგომა და ვერ შევძელი. ასეა, საკუთარი სხეული არ მემორჩილება და სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. ბოლო დროის კვლევები ადასტურებს, რომ ონკოლოგიური პაციენტების უმნიშვნელოვანესი ფაზა სწორედ მათ ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე გადის. ისრაელში მკურნალობისას აღმოვაჩინე, რომ უამრავი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სერვისი თანამედროვე მეთოდით მუშაობს, რაც ჯერჯერობით საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. მე გამიმართლა. მძიმე დაავადებებს ერთი რამ ახასიათებს - მარტოობა, გრძნობა, რომ თქვენ ორნი ხართ ქვეყანაზე - შენ და ის, ერთმანეთის პირისპირ.

ონკოპაციენტისთვის გამარჯვებამდე გზა ძალიან ხშირად ქიმიოთერაპიაზე გადის. ყველამ იცის, რომ ამ დროს ძალიან ცუდად ხარ. ცხოვრების ამ ეტაპზე გადასვლას მშვიდად შევხვდი. სამი კურსის შემდეგ, მხრის სახსრის გადანერგვის ოპერაცია უკვე ჩანიშნული იყო, ჩემმა ორთოპედმა, გიორგი ობგაიძემ ხელი რომ მოიტეხა. კახა თოდუამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში უნდა წავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება რთული მოსასმენი იყო. არ ვიცი, რას ვგრძნობდი იმ მომენტში. უბრალოდ ვიცოდი, რომ მივდიოდი. ისრაელში მარტო ჩავედი, დაბნეული, თუმცა არ მეშინოდა.

მთავარი, რასაც ვგრძნობდი, მარტოობა იყო, თუმცა ყოველთვის, როცა მდგომარეობა მძიმდებოდა, ჩემთან ექიმი სეგალ ორტალი ჩნდებოდა. ამ ადამიანს ჩემთვის ჯადოსნური სიტყვები მოჰქონდა: "სოფო, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად ხარ".

პორტი სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც ლავიწის ქვეშ თავსდება და რომლის ჩადგმაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ამით ქიმიოთერაპიის, სისხლის გადასხმისა და ათეულობით პროცედურები უფრო მტკივნეული გავხადე, თუმცა სიმსივნეს უფლება არ მივეცი, მასზე მივჯაჭვულიყავი. ექიმმა შამაიამ, ჩემს სამედიცინო ისტორიაში ჩაწერილ სიტყვებს - "კიბოსგან თავისუფალი", ყურადღება არ მიაქცია და ქიმიოთერაპიის კიდევ სამი კურსი მაჩუქა. მისი აზრით, ეს პროფილაქტიკისთვის აუცილებელი იყო. უფრო გარკვევით რომ აგიხსნათ, პროფილაქტიკა სიცოცხლის თვეებით გახანგრძლივებას ნიშნავს. მე-8 კურსის დამთავრების შემდეგ აღარ შემეძლო, თითქოს ყველანაირი რესურსი ამოწურული მქონდა. მე-9 კურსის გადასხმაზე უარი განვაცხადე და საქართველოში დავბრუნდი, თუმცა ხანდახან რამდენიმე სიტყვა ყველაფერს ცვლის, არა მხოლოდ იმ მომენტს, არამედ ცხოვრებაში კიდევ ბევრ რამეს. მაშინ გამიმართლა, როცა ეს ადამიანი - გიორგი ობგაიძე ჩემი ექიმების სიას შეემატა. მინდა, ჩემნაირად დაღლილმა ყველა ადამიანმა იცოდეს ეს. როდესაც მეგონა, არაფრის ძალა აღარ შემწევდა, ასეთი რამ მითხრა: ორი დღე რომ განუწყვეტლივ ცურავდე და მესამე დღეს ნაპირი დაინახო, მაშინ იგრძნობ დაღლასო. ამის მერე დავბრუნდი ისრაელში, ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი დანიშნულ დროს გადავისხი, ერთი დღეც არ დამიგვიანია. ახლა, როცა ყველა დამღლელი პროცედურა, რომელიც სიცოცხლეს მართმევდა, უკან დარჩა, მაგრამ არ ვიცი, ისევ დაბრუნდებიან თუ მხოლოდ მოგონებებად დარჩებიან.

2019 წლის 2 იანვარს მე და კიბოს ურთიერთშეთანხმება მოხდა. ეს კონტრაქტი საბოლოოა და მთელი ცხოვრება იმოქმედებს. ჩემს სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ კიბო აღარ მაქვს და სრულიად ჯანმრთელი ვარ, თუმცა ამის გასააზრებლად მე ძალიან დიდი დრო დამჭირდება. ცხოვრების ამ ეტაპზე კი რაღაცების გააზრებას ნელ-ნელა ვახერხებ, თუმცა არ ვგრძნობ თავს, როგორც 24 წლის ჯანმრთელი გოგო.

ავადმყოფობას უკვალოდ არ ჩაუვლია - დეპრესია და რეციდივის შიში, გრძელი სიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია, თუმცა მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვიცი, აღარაფერი მოხდება, თუმცა რომც მოხდეს, მე უკვე იმუნიტეტი მაქვს. საკუთარი თავისა და ტკივილის მართვაც დიდი ხანია, ვისწავლე..."

სამყაროში გაშვებული ენერგიები

"ონკოლოგიური პაციენტებისთვის გზა გამარჯვებამდე ბევრ ტკივილზე გადის. რა არის ტკივილი, საიდან იწყება და საერთოდ, რა იწვევს მას? ამას წინათ ამოვიკითხე, ტკივილი თავდაცვის ერთ-ერთი ხერხია, არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ ორგანიზმს იცავსო... გამოდის, ტკივილები უბრალოდ გვიცავს უფრო დიდი ტკივილისგან? სხვანაირად რომ ვთქვათ, გვაძლევს ნიშანს, რომ სანამ უფრო ცუდი მოხდება, ჩავერიოთ და ვუშველოთ". გაგრძელება