ვისი რჩევით მიიღო სააკაშვილმა "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონი და რას ჰყვებოდა კალაძის ძმის საქმეზე ცნობილი გამომძიებელი?
ვისი რჩევით მიიღო სააკაშვილმა "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონი და რას ჰყვებოდა კალაძის ძმის საქმეზე ცნობილი გამომძიებელი?
ერთი წლის წინ, 31 მაისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიციის პოლკოვნიკი ბათუ საღინაძე, რომლის სახელიც არაერთ რეზონანსულ საქმეს უკავშირდება. პოლკოვნიკმა მთელი შეგნებული ცხოვრება უსამართლობასთან ბრძოლას შეალია. აფხაზეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს ძალოვან სტრუქტურაში  55 წლის განმავლობაში მსახურობდა და როგორც თავად ხშირად ამბობდა, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას მიუძღვნა. მან თავის დროზე მოიკვლია და აღრიცხა საქართველოში მოღვაწე "კანონიერი ქურდები" და მათ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაც შეიმუშავა. მისი, როგორც ძალოვანის
ლამის საგად ქცეული პროფესიული საქმიანობა ქურდებთან და მათ იდეოლოგიასთან გამოცხადებული ომის ქრონიკებია. პოლკოვნიკის სახელს ბევრი რეზონანსული საქმის გამოძიება უკავშირდება. ბათუ საღინაძის, როგორც ძალოვანის პირველი სერიოზული ნაბიჯები აფხაზეთში, დრანდის ციხის უფროსობიდან დაიწყო.
გთავაზობთ 2018 წელს "კვირის პალიტრის" მიერ ჩაწერილ უკანასკნელ ინტერვიუს, რომელშიც თავისი ცხოვრების ბევრ საინტერესო
დეტალს იხსენებდა:

"საქართველო თანდათან იქცა ქურდული იდეოლოგიის სამშობლოდ"

- ასაკისა და ცნობიერების მომატებასთან ერთად გამიტაცა დანაშაულთან ბრძოლის საქმემ. სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს იყო ჩემი შინაგანი მოწოდება. მესმოდა, რომ საქართველოში ავტორიტეტიანი ქურდები
იყვნენ, რომ მათი ცენტრი ქუთაისსა და სამტრედიაში იყო... მეც დავინტერესდი, რატომ ჰქონდათ ქურდებს დიდი ავტორიტეტი. თანამდებობის არც ერთ პირს ისეთ პატივს არ სცემდნენ, როგორც კრიმინალურ ავტორიტეტებს. ოპერატიული სკოლა გავიარე, სადაც ძველი და გამოცდილი ოპერატიული მუშაკები მასწავლიდნენ. საქართველოს გარდა, სხვაგან ქურდების ინსტიტუტი არც ყოფილა. მოსკოვში წავედი პოლიციის აკადემიაში, სასწავლებლად, სადაც სრულყოფილად დავეუფლე ოპერატიულ მუშაობას. ეს ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ყველა სფეროს სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს.

ყველას ვეკითხებოდი, რატომაა, რომ საქართველოში ქურდებმა ასე მოიკიდეს ფეხი და რატომ სარგებლობდნენ ქურდები ამხელა ავტორიტეტით. მიხსნიდნენ, რომ ქურდებს თავიანთ რიგებში სჭირდებოდათ ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდები. მათ საქმიანობას ხელს ისიც უწყობს, სახელმწიფო წყობა სრულყოფილი რომ არ არისო. მართლაც ასე იყო, ვინც კი ნიჭიერი და გამორჩეული იყო, ყველა რატომღაც ქურდობაზე ოცნებობდა. საქართველო თანდათან იქცა ქურდული იდეოლოგიის სამშობლოდ. ტერმინი - "კანონიერი ქურდი" საქართველოში დამკვიდრდა, სხვა ქვეყნებისთვის ეს ცნება უცხო იყო. იმ პერიოდში სქელტანიანი წიგნებიც კი იწერებოდა "კანონიერ ქურდებზე..."

როგორ იხსნეს "კანონიერმა ქურდებმა" დრანდის ციხის უფროსი

აკადემიის დამთავრების შემდეგ, საქართველოში ჩამოვედი და საქმეებში ჩავერთე. როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები კანონიერ ქურდობაზე ოცნებობენ. მიდიოდა დიდი კონკურენცია და მათ შორის გამორჩეულებს ენიჭებოდათ ქურდის სტატუსი. გასული საუკუნის 70-იან წლებში, 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, დამნაშავე სამყაროსთან ბრძოლაში საკმაო ავტორიტეტს და აღიარებას მივაღწიე.

ერთ მშვენიერ დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრმა ვალერი ხინტბამ დამიბარა და მითხრა, ხმა გავარდა, რომ ძლიერი პიროვნება ხარ. კოლეგიაზე გენერალმა ვარლამ შადურმა (იმხანად საქართველოს შს მინისტრის მოადგილე) განაცხადა, საქართველოს ციხეებში ქურდული მენტალიტეტი აღმოვფხვერით. ერთადერთი დრანდის ციხე დარჩაო და სამსახურებს დავალება მისცა - კომპეტენტური კაცი მოეძბნათ და იქ გაეგზავნათ, რათა ეს ციხეც გათავისუფლებულიყო ქურდების გავლენისგან.

ხინტბამ მითხრა, ყველამ შენზე მიმანიშნა, საღინაძეს შეუძლიაო და ერთი წლით მაინც წადი ციხის უფროსადო. გამოგიტყდებით, მეც მქონდა სურვილი, რომ უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ქურდული სამყარო და დავთანხმდი მის წინადადებას. 1500-კაციან დრანდის ციხეში 13 "კანონიერი ქურდი" იჯდა. ყველას გავესაუბრე, ტრაბახში არ ჩამითვალოთ და, თურმე მათ თვალშიც სამართლიანი და ძლიერი კაცის სახელი მქონია. გული გამიხსნეს და დამპირდნენ, პრობლემებს არ შეგიქმნითო. მეც იმავეს შევპირდი, ოღონდ ერთი პირობით - მთელ დაწესებულებაში გადანაწილებულები რომ ხართ, ერთ საკანში მოგათავსებთ და არ გეწყინოთ-მეთქი. ნელ-ნელა მათი ნდობაც მოვიპოვე, დავითანხმე და ცამეტივე ერთ საკანში მოვათავსე. ციხის უფროსად ერთი თვის დანიშნული ვიყავი, როცა გაგრიდან მოვდიოდი და შევესწარი, რომ ციხე ცეცხლის ალშია გახვეული. ადგილზე მისულს მითხრეს, ციხე აჯანყებულიაო. მორიგეს ვუთხარი, კარი გაეღო. იგი მიშლიდა შესვლას, არ შეიძლება, ბუნტია და აუცილებლად მოგკლავენო. არ დავიშალე, მაინც შევედი. ვიცოდი, რომ მესამე სართულზე 20-25 პატიმარი ქალი იყო და მათ ყველას გააუპატიურებდნენ, ასევე, 15-20 პატიმარ-თანამშრომელს მოკლავდნენ და ამიტომ გავემართე მესამე სართულისაკენ. ამ დროს ვხედავ, რკინის კეტით გასისხლიანებული პატიმარი მიახლოვდება, თან მეძახის, აბა, მოდიო.. სპორტის ოსტატი ვარ, სამბისტი და გადავწვიტე შევბმოდი. მან კეტი მომიღერა და ამ დროს ქურდების საკნიდან გაისმა აფხაზი ქურდის, გვარად ლაკობას ხმა - "ისმინე ციხევ, ციხის უფროსს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს!" მაშინ მივხვდი, რომ სწორი გზით მივდიოდი მათთან ურთიერთობაში.

ქურდებმა რომ აჯანყებული ციხე გააჩერონ, ეს ამ პრობლემაზე იდეური გამარჯვებაა. ყველა დაშოშმინდა და აჯანყებაც ჩაცხრა.

ციხის ბუნტთან დაკავშირებით, საქართველოს შსს კოლეგია გაიმართა და დრანდის ციხეში ბუნტის ჩახშობა და ქურდებთან მუშაობის ჩემი მეთოდები შეფასდა როგორც უპრეცედენტო. ერთი წლის შემდეგ, გულრიფშის რაიონის მილიციის უფროსად გადამიყვანეს. კოდორის ხეობაში, გულრიფშის ხე-ტყის საწარმო მეურნეობაში ადგილი ჰქონდა უდიდეს კორუფციას, ანადგურებდნენ და უკანონოდ გაჰქონდათ დიდი რაოდენობით ხე-ტყე. ეს დანაშაული სრულად გამოვააშკარავე და დამნაშავეები სათანადო პასუხისგებაშიც მიეცნენ. ამის შემდეგ აფხაზეთის სს სამძებროს უფროსის მოადგილედ გადამიყვანეს. ბოლო 15 წელი, აფხაზეთის ომამდე, კრიმინალური სამსახურის უფროსადაც ვიმუშავე, რა დროსაც გამოვიკვლიე და აღმოჩნდა, რომ ამ პატარა აფხაზეთში 53 "კანონიერი ქურდია". ფუნდამენტალურად შევისწავლე ყველა მათგანი და მივაღწიე მათზე საჭირო ზეგავლენას.

კანონიერ ქურდებთან ბრძოლის პროცესში, თვითონ ყველაზე ავტორიტეტიანი "კანონიერი ქურდები" გვეხმარებოდნენ

აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მაქვს ქურდებთან მუშაობის გამოცდილება და ვთვლი, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში შემიძლია დადებითი როლი შევასრულო. დამნიშნეს საქარათველოს სს სამძებროს მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელად. ჩავატარე სათანადო მუშაობა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში 500 "კანონიერი ქურდია", რომლებიც, ფაქტობრივად, მართავდნენ მთელ დამნაშავეთა სამყაროს, ერეოდნენ ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებში და ასევე, სერიოზულ გავლენას ახდენდენ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა-მოღვაწეობაზე. პრობლემის შესწავლისას გამოვიყენე აფხაზეთში გამომუშავებული, ამ კონტინგენტთან მუშაობის მეთოდი და გამოცდილება. ქურდებთან ბრძოლის გეგმაც შევადგინე და 1996 წლის ივლისში, საქართველოს შს სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობითა და მონაწილეობით, ამ პრობლემასთან ბრძოლას შევუდექით.
აღსანიშნავია, რომ "კანონიერ ქურდებთან" ბრძოლის პროცესში, თვითონ ყველაზე ავტორიტეტიანი "კანონიერი ქურდები" გვეხმარებოდნენ პრობლემის გადაჭრაში და ამიტომაც ეს პროცესი ზედმეტი დაპირისპირებისა და ხმაურის გარეშე მიდიოდა. გარდა ამისა, შევძელით, რომ ამ კონტინგენტის მეშვეობით გაგვეხსნა უმძიმესი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობები, ადამიანის გატაცებები და სხვა.…

ვინ ურჩია სააკაშვილს "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონის მიღება?

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა რომ სწორი და შედეგიანი ყოფილიყო, ერთ-ერთი ურთულესი მკვლელობის გახსნის შემდეგ (დ. ჩერქეზიშვილის მკვლელობა), ამ ფაქტით დაინტერესებული პრეზიდენტის, მიხეილ საააშვილის კითხვაზე, თუ რა ეშველება ამ უმართავ კრიმინოგენულ სიტუაციას, მივეცი რჩევა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სპეციალური კანონის მიღება, რითაც მოევლებოდა ქურდულ პრობლემას, რაც განხორციელდა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა "კანონიერ ქურდთან", ჯერ კიდევ ყოფილი სსრკ-ს უშიშროების სამსახურმა დაამყარა ოპერატიული კონტაქტი და როცა სჭირდებოდათ და სჭირდებათ, იყენებდნენ და იყენებენ მათ საქართველოს წინააღმდეგ.

"რასაც ვებრძოდი, იმის წერა გავხდი"

პენსიაზე გასულს, პატრიარქმა კრწანისის ულამაზესი ტყეპარკი ჩამაბარა, იმას ვუვლიდი, როცა ლევან კალაძის გატაცების საქმის გამოძიება შემომთავაზეს. მომხდარიდან 3 წელი იყო უკვე გასული, თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ კალაძეების სიბრალულმა და პროფესიულმა ჟინმაც მაინც თავისი ქნა და დავიწყე გამოძიება...

თანაც კალაძეებმა მითხრეს, საქმის გახსნისთვის 200 ათასი დოლარი გვთხოვეს, მივეცით და მიისაკუთრეს, მაგრამ აღარ განვაცხადეთ, ამას რა აზრი აქვსო. ისევ ქურდებისგან გავარკვიე, ეს საქმე ყველაზე გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდის" დაკვეთილი რომ იყო. გაგრძელება
ზაზა
01 ივნისი 2020 12:45
ნახევარი ტყუილია!
...
01 ივნისი 2020 06:32
ბათუ ამანაა...... შენ მინიმუმ ნაპოლეონი ხარ ალბათ
ლექსო
31 მაისი 2020 20:18
მიშას „ მადლიერება" ამანაც იწვნია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები