გადარჩენილი გულები - კვირის პალიტრა

გადარჩენილი გულები

ადამიანები სიყვარულსა და ყველაზე მნიშვნელოვანს გულს ვუკავშირებთ. როცა ვინმეს შექება გვსურს, ვამბობთ ხოლმე: "გულისხმიერი, გულადი, გულკეთილი ადამიანია", თუმცა, კარგთან ერთად ცუდიც ხომ გულს უკავშირდება - "გული ეტკინა", "გულშემოყრილი იდგა", "გული აიცრუა"...

მისი ცხოვრება გულს უკავშირდება... გულს და ბევრ ცნობილ, უკვე ლეგენდად ქცეულ პიროვნებას. ანზორ მელია კარდიოლოგი გახლავთ. საკუთარი კლინიკა აქვს, რომელსაც "გული" ჰქვია.

KvirisPalitra.Ge- წარმოშობით ზუგდიდელი ვარ. დედას სურდა ექიმი გამხდარიყო, ოცნება რომ ვერ აისრულა, მერე მე "გადმომწვდა" - მშობლებს და სანათესავოს ერთი ექიმი ხომ გვჭირდება და აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვსო. მერვე კლასიდან დედამ თბილისში მამიდამის ლიდა ჩაჩიბაიასთან გამომიშვა. ლიდია ყარამანოვნა, ასე ვეძახდი, ძალიან განათლებული ქალი იყო. უშვილო გახლდათ და ნათესავების შვილები მასთან ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. მოსკოვში სამედიცინოზე ჩავაბარე, კურსზე 600 სტუდენტი ვიყავით, აქედან - 20 ქართველი. სწავლა ისეთი რთული იყო, ნახევარმა მოვახერხეთ დიპლომის აღება.

ფიზიკას ებრაელი კაცი, სიმკაცრით განთქმული ფელიქს ფალბერი გვასწავლიდა. ჩემი გვარი რომ ამოიკითხა, თავისთან მიხმო და მკითხა, - ქართველო, სად დაამთავრე სკოლაო. თბილისში-მეთქი. თვალი თვალში გამიყარა (საოცრად ცივი მზერა ჰქონდა!) და -შემთხვევით, 47-ე ხომ არაო. გახარებულმა ვუთხარი, - დიახ-მეთქი. მეგონა, სასიამოვნო მოგონება აკავშირებდა ამ სკოლასთან. გარი ბოთერაშვილი შენი კლასელი ხომ არ ყოფილაო. გახლდათ-მეთქი. მან თავი უცნაურად დამიქნია და ამით დასრულდა ჩემი "დაკითხვა". იმ დღიდან ფალბერი გადამეკიდა. თურმე, ბოთერაშვილს, რომელიც ჩემზე ადრე ჩაირიცხა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში, ეს კაცი უცემია, რისთვისაც სასწავლებლიდან გაურიცხავთ. ამის გამო ფიზიკის ლექტორმა ყველა ქართველი აითვალწუნა, მე კი, როგორც მისი "მოსისხლე მტრის" კლასელი, შემიძულა. ფალბერთან ორჯერ მქონდა გამოცდა და ორჯერვე ორიანი დამიწერა. მესამე ორიანი უკვე გარიცხვას ნიშნავდა. ეს რომ ლიდია ყარამანოვნამ გაიგო, უმალ მოსკოვში გაჩნდა, ფაკულტეტის დეკანი ნახა და  სთხოვა, სხვა კომისიას გამოვეცადე ფიზიკაში. მართლაც, საგანგებოდ შეიქმნა კომისია და გამოცდაზე გავედი. ყველა კითხვაზე პასუხები ჩავარაკრაკე. გაოცებულნი მისმენდნენ. ორიანის მერე ხუთს ვერ დაგიწერთო, ოთხიანი ჩამიწერეს ჩათვლის წიგნაკში და გამომიშვეს. ასე გადავრჩი გარიცხვას. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ჩემი კურსელების გაფიცვა, რომლებიც უარს ამბობდნენ შრომით სემესტრში (კარტოფილს იღებდნენ) წასვლაზე. ჯგუფხელად ძალიან კარგი გოგონა, ინსტიტუტის პრორექტორის შვილი, ტატიანა ბელოუსოვა გვყავდა. მან მამამისს უთხრა, - თუ ანზორს გარიცხავთ,  დავტოვებთ სასწავლებელსო. ფიზიკის გამოცდის ჩაბარების შემდეგ ტატიანამ მე გადმომილოცა "თანამდებობა" და 5 წელი გახლდით ჯგუფხელი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ორი წელი ვიმუშავე. შემდეგ ვაკეში, სამკურნალო კლინიკაში ("ლეჩკომბინატს" ეძახდნენ) გადავედი ექიმ-კარდიოლოგად. სწორედ ამ კლინიკაში სამკურნალოდ მოჰყავდათ "ცეკა-ტეკას" თანამშრომლები, მსახიობები,  საზოგადო მოღვაწეები...

სესილია თაყაიშვილი

ერთ-ერთი მორიგეობისას ალიაქოთი ატყდა. ნაცნობი ხმა ჩამესმა - აქ არ დამტოვოთ, მომკლავენო. სესილია თაყაიშვილი მოჰყავთ გორგოლაჭებიანი საკაცით. გარს შვილიშვილები და მედპერსონალი ახვევია, ამშვიდებენ, მაგრამ ის მაინც გაჰყვირის: არ დამტოვოთ, მომკლავენ! დამშვიდდით, ქალბატონო სესილია, რას ჰქვია მოგკლავენ, აქ ვართ ყველანი-მეთქი,  გაკვირვებულმა შემომხედა, - ვინაა ეს ლაწირაკი?! აქედან დამეკარგე, შე გლახაკო, რისი გამკეთებელი ხარო... მსახიობს ინფარქტი ჰქონდა და მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე იყო. დაუნიშნეს მკურნალობა და ერთ საათში ყველა წავიდ-წამოვიდა. დავრჩით მე და აღშფოთებული ქალბატონი სესილია. შეშინებული არ ვენახვებოდი, მერე მომესმა, ექთანს ეკითხებოდა, - ვინაა ჩემი მკურნალი ექიმიო. წინ რომ დავუდექი, ისევ გაბრაზდა - რატომ გამიმეტეს ჩემმა შვილიშვილებმა ასე, ამ პრაქტიკანტთან როგორ დამტოვესო, ამ საავადმყოფოში ეროსი მოკლეს და მეც მას მიმაყოლებენო. ხალხში ჭორი იყო გავრცელებული, რომ მანჯგალაძეს კარგად არ უმკურნალეს "ლეჩკომბინატში". არადა,  ბატონი ეროსი კლინიკიდან რომ გაწერეს, კარგა ხნის შემდეგ შინ დაემართა ინფარქტი.

იმ  ღამემ მშვიდად ჩაიარა. დილით პალატაში რომ შევიხედე, სესილიამ პირდაპირ მაჯახა:

- ბიჭო, მამაშენმა ბევრი ფული დახარჯა ხომ, თბილისში სამედიცინოზე რომ მოწყობილიყავი?

- არა, ქალბატონო სესილია, მოსკოვში დავამთავრე ინსტიტუტი.

სესილიას სახე გაუნათდა.

- აბა, რაღაცა მაინც გეცოდინება. ცოლიანი თუ ხარ?

- ახლახან მოვიყვანე ცოლი.

- შე გლახაკო, რას ჰგავხარ, ვინ მოგცა შენ ქალი, ჩაიხედე სარკეში!

მეც ხუმრობის გუნებაზე დავდექი. სარკეში ჩავიხედე, ქოჩორი გადავივარცხნე (მაშინ ჯერ კიდევ მქონდა თმა) და ვუთხარი:

- რას მერჩით, ქალბატონო სესილია, არც ისე ცუდი ბიჭი ვარ.

- ისემც შე რა გითხარი, მოშორდი აქედან...

მოშორდიო კი მითხრა, მაგრამ იმ დღიდან ისე დამიახლოვდა, რომ უჩემოდ დიდხანს ვერ სძლებდა. 21 დღე იწვა საავადმყოფოში. წუთით არ მოვშორებივარ გვერდიდან. იმ დროს ელდარ შენგელაია "ცისფერ მთებს" იღებდა. ხშირად მოდიოდა და მეკითხებოდა, - ხომ გადარჩება. სესილიას რომ რამე მოუვიდეს, მთელი ფილმი წყალში ჩაგვეყრებაო. სესილიამ როგორც კი უკეთ იგრძნო თავი, შინ გავწერეთ. იმავე ღამეს კვლავ ცუდად გახდა. შიში დასჩემდა. გადასაღებ მოედანზე ჩემ გარეშე არ წავიდა. მაშინ ედუარდ შევარდნაძის ექიმი-გამცილებელი გახლდით და მქონდა სპეციალური სამედიცინო ჩემოდანი, რომელშიც წამლიან-ნემსიან-კარდიოგრამის აპარატიანად ყველაფერი ეწყო. სესილიას გადასაღებ მოედანზე ჩემი ჩემოდნით გავყევი. ეს მისი ბოლო ფილმი იყო.

ილიკო სუხიშვილი

ბატონი ილიკო სუხიშვილი ინფარქტიანი მოიყვანეს საავადმყოფოში. უფრო ის ადარდებდა, რომ ანსამბლთან ერთად გასტროლზე ვერ გაემგზავრებოდა. ანსამბლს თენგიზი წაჰყვა, ნინო კი ილიკოსთან დარჩა. მათნაირი ცოლქმრობა არ მინახავს! ნინო ქმარს  ღამეებს უთევდა. ერთადერთი, რაზეც კამათი მოსდიოდათ -  წამლების მიღება და ჭამა იყო.  როგორც კი გამოკეთდა, წამლებს ხან სად მალავდა, ხან - სად. ბატონ ილიკოსთან მთელი ცხოვრება ვმეგობრობდი.

რეზო თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი მოციმციმე არითმიით მოიყვანეს საავადმყოფოში. რამდენიმე დღეში ჰოლანდიაში უნდა გამგზავრებულიყო, კუნძულ ტექსელზე. თან მიჰქონდა იქ დაღუპულ ქართველთა პატივსაცემად გაკეთებული ობელისკი. მოციმციმე არითმიას უცებ კურნავენ, თუმცა რისკიც დიდია. ჩვენც ვერ გავრისკეთ. საღამოს დამიძახა და მითხრა, - თუკი შეიძლება მოციმციმე არითმიის უცებ მოხსნა, მე რატომ არ მიხსნითო?

ახლაც მიკვირს, როგორ დამიყოლია. დავუძახე ექთანს, პალატის კარი ჩავკეტეთ, ყველაფერი მოვიმარაგე: წვეთოვანები, ჟანგბადის ბალიში, საჭირო წამლები, პირჯვარი გადავიწერე და ვენაში წამალი გავუკეთე. კარდიოგრამის მონიტორზე ხაზი გასწორდა... ერთი წუთი მთელი საუკუნე იყო. ცივმა ოფლმა დამასხა და როცა ტეხილი ხაზი დაიხატა, მერეღა ამოვისუნთქე. ბატონი რეზო მეორე დღესვე ფეხზე დადგა და ჰოლანდიაში გაფრინდა.

დამშვიდობებისას გადამეხვია, გადამკოცნა და მითხრა, - შენ მე დიდი საქმის ასრულებაში დამეხმარე და ამას არასოდეს დაგივიწყებო. ორი კვირის შემდეგ, როცა ჰოლანდიიდან დაბრუნდა, ქალბატონ მედეასთან ერთად შინ მესტუმრა. ხელში ეჭირა დიდი ბროლის ლარნაკი, რომელშიაც 100 ცალი ვარდი იდო.

(სპეციალურად საიტისთვის)