რას ჰყვებიან ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკიდან - კვირის პალიტრა

რას ჰყვებიან ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკიდან

"აქ ბავშვები საოცრად კომუნიკაბელურები არიან, მათი ენა არ გვესმის, მაგრამ ჟესტიკულაციით როგორღაც ვახერხებთ ურთიერთობას. ქალაქში წყლის დეფიციტი აქვთ და ვცდილობთ ჩვენი წილი წყალი ვუწილადოთ"

რამდენიმე წელია, საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაკრების ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისია EUTM RCA-ში ფრანგული სარდლობის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. კონტინგენტი დედაქალაქ ბანგიში, ბაზა "უკატექსშია" განთავსებული. ქართველი მშვიდობისმყოფლების ამოცანაა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრულირება და კონვოირება. იმ ხნის განმავლობაში, რაც ქართველი სამხედროები ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში არიან, მათი კარგი სამსახური სარდლობამ არაერთი სამადლობელი წერილით აღნიშნა. "კვირის პალიტრა" ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში დაუკავშირდა.

როინ გოგიაშვილი, სერჟანტი, პირველი ათეულის მეთაური: - ჩემი ძმა აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, სოხუმის დაცემამდე იბრძოდა. ერთხელ დაჭრილიც იყო, იმკურნალა და ისევ ომში გაიპარა. ახლა ცოცხალი არ არის... ვცდილობ მისი წილი სამშობლოს სიყვარული ჩემში გავაცოცხლო. ცენტრალური აფრიკა ჩემთვის პირველი მისიაა. წასვლამდე სწავლება გავიარე კრწანისის სასწავლო ბაზაში.

- რა არის თქვენი ფუნქცია?

- ყველა მნიშვნელოვანი გადაადგილების, როგორც პერსონალური, ასევე ტვირთების უსაფრთხოების დაცვა... აქ ვითარება ავღანეთისგან სრულიად განსხვავებულია - შიდალოკალური საფრთხე არსებობს, რადგან პოლიტიკურ-რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებული მხარეები ხანდახან აქტიურდებიან.

ჩვენ ფრანგულ სარდლობას ვექვემდებარებით. ჩვენს ბაზაში არიან შვედები, სერბები, პოლონელები, ესპანელები, პორტუგალიელები, ბოსნიელები, ეგვიპტელები... ყველას თავისი ფუნქცია აქვს.

- აფრიკელ სამხედროებთან გაქვთ ურთიერთობა?

- არა, საფრანგეთის ლეგიონი სხვა ბაზაში უტარებს წვრთნას აფრიკელებს. პროფესიულად აძლიერებენ ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს, რათა როდესაც აქაურობას დატოვებენ, მათ დამოუკიდებლად გაართვან თავი სირთულეებს.

აქ ბავშვები საოცრად კომუნიკაბელურები არიან, მათი ენა არ გვესმის, მაგრამ ჟესტიკულაციით როგორღაც ვახერხებთ ურთიერთობას. სადაც მსახურობ, იქაურების კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქში წყლის დეფიციტი აქვთ და ვცდილობთ ჩვენი წილი წყალი, შოკოლადი და სხვა ტკბილეული ვუწილადოთ. საერთაშორისო მისიაში მყოფებს მათი საკვებისა და წყლის გასინჯვის უფლება არა გვაქვს.

- რით ცხოვრობს ხალხი? - მიწათმოქმედებას მისდევენ, ხილ- ბოსტნეული მოჰყავთ და ბაზარში ყიდიან. აქ უამრავი ეგზოტიკური ხილია. სამოქალაქო ომმა თავისი კვალი დატოვა და ახლა იწყებენ განვითარებას. ქალაქში არის მდიდრული უბნები, სადაც გამორჩეული არქიტექტურაა, მას პორტის დასახლებას უწოდებენ. თუმცა, არის უბნები, სადაც მძიმე სოციალური ფონია. ქალაქი მჭიდროდ არის დასახლებული და პრობლემების მიუხედავად, ძალიან ლამაზია და ხალხიც მხიარულია.

- ქალაქში გადაადგილება შეზღუდული გაქვთ? - არა, მაგრამ წინასწარ უნდა დაგეგმო მარშრუტი და მეთაურობას შეუთანხმო.

გიორგი მაჭარაშვილი, პირველი ათეულის ჯგუფის უფროსი: - ეს ჩემი პირველი მისიაა, რაც პროფესიული განვითარებისთვის, კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც საქართველოში თეორიულად ვსწავლობთ, აქ პრაქტიკას გავდივართ.

- თითქმის სამი თვეა აფრიკაში ხართ, არასტანდარტული სიტუაცია თუ გქონიათ? - ქვეყანა პოსტსამოქალაქო ომის მდგომარეობაშია და არავინ იცის ხვალ რა მოხდება. ახლახან მალიში ჯარისკაცები დაზარალდნენ. მომხდარის ანალიზის შედეგად მეთაურობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ უფრო მეტად მომზადებული უნდა ვიყოთ. ამიტომ სიტუაციური წვრთნა გავიარეთ. როგორც გაირკვა, ქართული კონტინგენტი განსაკუთრებით მობილური იყო და გენერალმა მადლობა გამოგვიცხადა.

- თავისუფალი დრო თუ გაქვთ? - დიახ, გვაქვს. მე თავისუფალ დროს ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით ვცდილობ ინგლისურ ენაში გავიწაფო. რაც შეეხება გართობას, გვაქვს ბილიარდი და კემპინგის მაგიდა, კინოთეატრი, სადაც ჩვენი გემოვნებით შერჩეული ფილმის ჩართვა შეგვიძლია. სპორტული დარბაზიც, სადაც ვვარჯიშობთ.

- ვიცი, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ მოკლესახელოებიანი სამოსით ქუჩაში გასვლა არ არის რეკომენდებული, რადგან სხვადასხვა ინფექციური დაავადებაა. - დიახ, მაგრამ ჩვენ აცრები გვაქვს გაკეთებული და ეს საფრთხე არ გვემუქრება.