"ვირუსი არსად წასულა და ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეყაროს" - კვირის პალიტრა

"ვირუსი არსად წასულა და ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეყაროს"

"ავტობუსში ყველა იცავს მითითებებს, მაგრამ ბევრი რომ ელოდება და მერე ერთმანეთს ასწრებენ ტრანსპორტში ასვლას, რაღა მნიშვნელობა აქვს, ტრანსპორტში დაინფიცირდები თუ გარეთ?"

თბილისის ცენტრში დევნილთა საერთო საცხოვრებელ კორპუსში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა. გამოკვლეულია 50-მდე ადამიანი, ვისთანაც მათ ჰქონდათ კონტაქტი. ისინი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, ინფიცირებულები კი - საავადმყოფოში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბრძანებს, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს.

- აკრძალვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არ არის ისეთი მატება, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები.

ამუშავდა ტრანსპორტი. გუშინ ქალაქში სიარულისას ვაკვირდებოდი და გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში რეკომენდაციებს იცავდნენ.

ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია მართვას ემორჩილება. მართალია, გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის. მთავარია, ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება და დავიცვათ წესები.

ალექსანდრე გოგინავა, ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი: - იმ პაციენტებიდან, რომლებიც საბურთალოს კლასტერიდან არიან, ორის მდგომარეობა, ასაკისა და თანდართული დაავადებების გამო, საშუალოზე მძიმეა. მათ აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები. ახლა არიან კვლევისა და მონიტორინგის ეტაპზე. კლინიკურად კორონავირუსის მძიმე ფორმა არა აქვთ, მაგრამ თანდართული დაავადებების გამო მძიმე პაციენტებად ითვლებიან. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

- რა ასაკის არიან ეს პაციენტები? - 60-დან 75 წლამდე.

ოთარ ჩოკოშვილი, ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი: - ველოდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ახალი კლასტერები გაჩნდებოდა, რადგან ადამიანები სათანადოდ არ იცავენ რეკომენდაციებს და ასეთ შემთხვევებს ქუჩაში ძალიან ხშირად ვხედავთ. ხომ ნახეთ? მარნეულისკენ მიმავალმა მძღოლმა პირბადეები ჯერ დაურიგა მგზავრებს, ჩასვლისას კი უკან გამოართვა, რომ იგივე პირბადეები მერე სხვა მგზავრებისთვის გადაეცა. როცა ამის გამო ერთ-ერთი მგზავრისგან შენიშვნა მიიღო, უპასუხა, რომ არ უნდოდა, კლიენტები დაეკარგა. ასეთი საქციელი იწვევს ინფექციის გავრცელებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მასშტაბურად არ გავრცელდა, ვირუსი არსად წასულა და ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეყაროს.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ რაკი ვირუსი დედაქალაქის შუაგულში გაჩნდა, შესაძლოა, ნებისმიერ სხვა უბანშიც გაჩნდეს, ჯერ დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ დიახ, უახლოეს მომავალში შეიძლება ბევრი სხვა კლასტერიც გამოვლინდეს. ამას უნდა ველოდოთ. თუ 24 საათში შემთხვევების რაოდენობა 30-40-ს გადააჭარბებს, მაშინ ისევ უნდა ვიფიქროთ შეზღუდვებზე. ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ.

რაც უფრო ხშირია ადამიანებს შორის ურთიერთობა, საფრთხეც იმატებს. ერთი ინფიცირებული სამს დააინფიცირებს, ის სამი კიდევ სამ-სამს და ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მოიმატებს. თუ ეს მოხდება და დაავადებულთა რაოდენობა უკონტროლოდ გაიზრდება, შეიძლება დაგვემართოს ის, რაც დაემართა, მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთს. დღეს იქ აღარ ჰყოფნით ინფექციური დაწესებულებების სიმძლავრე და დახმარება სჭირდებათ. ერთი დღე-ღამის განმავლობაში 300-ზე მეტი შემთხვევა აღინიშნა, 35 პაციენტი კი გარდაეცვალათ.

მაგრამ კარგია, რომ კლასტერები გამოვლინდა. ჯობს, გამოვლინდეს, რათა სწრაფად აღმოვაჩინოთ და გამოვიკვლიოთ მათთან დაკავშირებული ადამიანები. შინიდან გასული ვიყავი და შევნიშნე, რომ ადამიანები შენობაში შესვლისას მეპატრონეების მოთხოვნით იცავენ რეკომენდაციებს - პირბადით შედიან, იცავენ დისტანციას, მაგრამ გარეთ დისტანციას არავინ იცავს. ასეთი სურათი იყო, მაგალითად, იუსტიციის სახლთან. შიგნით შესვლისას ყველას სიცხეს უზომავენ, პირბადის გარეშე არ უშვებენ და მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან, მაგრამ შესვლამდე ყველა ერთმანეთის გვერდით დგას და დისტანციის დაცვა აზრადაც არ მოსდით. იგივე შეიძლება ითქვას ტრანსპორტზეც. კი, ბატონო, ავტობუსში ყველა იცავს მითითებებს, მაგრამ ბევრი რომ ელოდება და მერე ერთმანეთს ასწრებენ ტრანსპორტში ასვლას, რაღა მნიშვნელობა აქვს, ტრანსპორტში დაინფიცირდები თუ გარეთ?

ერთი სიტყვით, თუ არ ვიფრთხილებთ, არსებობს საფრთხე, რომ ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდოს. ყველაფერი ჩვენს პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. სხვა გზა არ გვაქვს - უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება!