"ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან" - რა უპასუხა ამირან გამყრელიძემ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დასმულ შეკითხვას? - კვირის პალიტრა

"ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან" - რა უპასუხა ამირან გამყრელიძემ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დასმულ შეკითხვას?

ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ის ცდილობს ქვეყანას იმ პოზიციიდან გამოადგეს, სადაც ახლა მუშაობს და არანაირი სურვილი არ აქვს პოლიტიკაში მოსვლის.

"არ ვიცი რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია, მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის გარკვეულად შემოთავაზება იყო 2012 წელს. მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. მე ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას მეტად გაიზარდნენ. ხომ ხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში, იქნება ეს ჰეპატიტი თუ სხვა კიდევ დიდი გამოწვევა. მე მგონია, ძალიან კარგ ადგილას ვარ, არანაირი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო