"გოგლამ მითხრა, - ყოჩაღ ქალო, ქალიც შენ ყოფილხარ და პოეტიც, მე ვაჟამ დამლოცა, მე შენ გლოცავო" - კვირის პალიტრა

"გოგლამ მითხრა, - ყოჩაღ ქალო, ქალიც შენ ყოფილხარ და პოეტიც, მე ვაჟამ დამლოცა, მე შენ გლოცავო"

ბელა - "ქართველი ფირდოუსი"

ლიტერატურულ წრეებში მას "ქართველი ფირდოუსი" შეარქვეს, ვინაიდან რახანია, მისი ყველაზე დიდი მესაიდუმლე გახდა. ის პირველია, ვინც მსოფლიოში ყველაზე ვრცელი პოემა "შაჰნამე" ("მეფეთა წიგნი") ქართულად სრულად თარგმნა. თარგმანის მხოლოდ პირველი ტომია გამოცემული, რომელიც 2016 წელს ირანში წლის წიგნად აღიარეს. დანარჩენ, უძილო ღამეების პირმშო 8 ტომს, დღის სინათლე ჯერ არ უნახავს. გარდა ამისა, ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ბელა შალვაშვილის სიმდიდრე მისი "ზეცასავით კამკამა" პოეზიაა, აი, ისეთი, ფურისულებივითა და ნუშის თეთრი ფთილებივით რომ შემოგანათებს, "გაიჭრები და ველად გატარებს".

- ქალბატონო ბელა, ამასწინათ, სოციალურ ქსელში თქვენს პორტრეტს წავაწყდი, რომლის ავტორიც რეზო ინანიშვილი ყოფილა... ბელა შალვაშვილი

- კარგად მახსოვს ის დღე - 1960 წლის 2 მარტს, მწერალთა კავშირის სალონში უკრაინელ სტუმრებს ბესო ჟღენტი ესალმებოდა. გვერდით მეჯდა მეგობარი ნია აბესაძე და ვეუბნები, საინტერესოა, რა ენაზე ესაუბრება ბესო სტუმრებს-თქო. მიპასუხა, უკრაინულად, არ იცოდი, რომ ბესომ უკრაინული იცისო? მერე მეუბნება, ახლა რა დროს ეგ არის, რეზო ინანიშვილი გხატავს და პოზას ნუ იცვლიო. თვალი გავაპარე მისკენ და დავინახე, რომ რეზო მართლაც მხატავდა. როცა შეხვედრა დასრულდა, ბატონი რეზო მორცხვად მომიახლოვდა და მითხრა - აი, გქონდეს ეს ჩემგანო. უცებ გამახსენდა სცენა ფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", გოგია რომ მიუახლოვდება ტასიას და ეუბნება, - აი, გქონდეს ეს ბეჭედი ჩემგანო. მაშინ 20 წლისაც არ ვიყავი...

- თუ აგიხსნათ, რამ შთააგონა თქვენი პორტრეტის შექმნა?

- არაფერი უთქვამს... ზოგადად, ისეთი მოკრძალებული ადამიანი იყო რეზო... დიდი ხნის წინ, დაახლოებით 10 წელი იქნებოდა გასული მას მერე, რაც დამხატა, შინ ჩუბჩიკა და რეზო მესტუმრნენ და ძალიან გავიხარე. რეზომ კედელზე გვიან შენიშნა მისი ნამუშევარი და წამოიძახა, - უი, ესა გაქვს ისევ? ვუთხარი, - ბატონო რეზო, ამაზე ძვირფასი ჩემს სახლში არაფერია-თქო (მართლა არაფერია). გაიხარა, რაღაცნაირად, ასეთი კაცი იყო, მისგან მუდამ გამორჩეული ყურადღება მქონდა.

- მას შემდეგ ბევრჯერ გადაიკვეთა თქვენი გზები...

- გამომცემლობა "ნაკადულში" ვმუშაობდი რედაქტორად, რეზო ხშირად დადიოდა ჩვენთნ. მაგიდაზე ხშირად მიტოვებდა ავტოგრაფიან მის ნაჩუქარ წიგნს და ეს იყო ბედნიერება. თუ გახსოვთ, რუსთაველზე იყო ხელმოწერათა წიგნის მაღაზია. ერთ დღეს გამოვიტანე ხელმოწერილი წიგნები და იქვე შემხვდა რეზო. მეუბნება - ვა, აქა ყოფილხარ? მაჩვენე აბა, რა წიგნები გამოგიტანია. ნახა, რომ პლატონი მქონდა გამოტანილი. - ვა, პლატონსა კითხულობ რუსულად? - გაიკვირვა. - თქვენ ხომ იცით, რომ პლატონი პოეტური ფილოსოფოსია და ყველა ენაზე ადვილად იკითხება-მეთქი. მპასუხობს - მე საწყალს კიდე, მინდოდა ჩემი წიგნი მეჩუქებინა, მაგრამ ქალი პლატონს კითხულობ და აბა, რანაირად მოგცე ჩემი წიგნი? ვუთხარი, თქვენ რომელი პლატონი შეგედრებათ, ბატონო რეზო-მეთქი. რეზო ინანიშვილი თითქოს ამას ელოდაო, ჩანთიდან ამოაძვრინა "ჩიტების გამომზამთრებელი" და წამიწერა: "ბელას, მშვენიერ პოეტს მაშინ წასაკითხად, როცა პლატონი მობეზრდება". ძალიან ყურადღებიანი იყო.

- თქვენი ბრწყინვალე ლექსი - "კახელები", რომელიც რეზო ინანიშვილს მიუძღენით, ეს მადლიერების ჟესტი იყო თქვენი მხრიდან?

- არავითარი! ერთი კახელი თანამშრომელი მყავდა და სულ მსაყვედურობდა, კახელებზე არაფერს წერო. ავდექი და იმ საღამოსვე დავწერე ეს ლექსი - "ურიცხვი ვარამის მნახველებო". მეგობარმა მითხრა, ვაიმე, რა კარგი ლექსია, სწორედ ისეთი, რეზოს რომ შეეფერებაო. ლექსი პირდაპირ დავბეჭდე "ლიტერატურულ საქართველოში" და მივაწერე - "ეძღვნება რევაზ ინანიშვილს". წაუკითხავს რეზოს, შემხვდა და მითხრა - ვაიმე, რა ლამაზი ლექსი მოგიძღვნია ჩემთვისო.

- თქვენი პოეზია უჩვეულოდ თბილი, ლაღი, გულწრფელი და სიყვარულით სავსეა. ვინ იყვნენ თქვენი პირველი შემფასებლები და ვინ დაგილოცათ გზა პოეზიაში?

- ჩემს დროს უფროსი თაობა უმცროსი თაობისადმი ძალინ ყურადღებიანი იყო. ოჯახის მეგობრები მყავდა, და-ძმა სიხარულიძეები. ძმა მოქანდაკე იყო და ქვეყანას იცნობდა. მითხრა, ბელა, ჩვენ კი მოგვწონს შენი ლექსები, მაგრამ ბატონი გიორგი ლეონიძე რა აზრისაა, ჩემთვის უმთავრესი ეს არისო, არ დაიშალა და მასთან წამიყვანა. იმხანად გოგლა წყნეთში ისვენებდა. 1959 წელია, ივლისის პაპანაქება, ფეხით ავედით წყნეთში. შორიდან მოგვესმა გოგლას ხმა, თავის შვილიშვილებს უყვიროდა. ჩემმა მეგობარმა უთხრა, ბატონო გიორგი, მე და ჩემს დას მოგვწონს ამ გოგონას ლექსები, მაგრამ ჩვენ რა სახსენებლები ვართ, გვაინტერესებს, თქვენ თუ მოგეწონებათ და თუ გამოვა მისგან რამეო. შესთავაზა, წაგიკითხავთო და გოგლამ მიუგო, - არა, მე მხედველობითი აღქმა უკეთესი მაქვსო. ერთ საცოდავ რვეულში ათამდე ლექსი მეწერა, მივაწოდე და კითხულობს ბატონი გიორგი. ჟამიდან ჟამზე სათვალის ზემოდან გადმომხედავს, ვერ ვგრძნობ, მოსწონს, თუ არა და გული ამოვარდნაზე მაქვს. თვალები აქვს როგორი კამკამა ცისფერი იცით? ახლაც თვალწინ მიდგას.. ჩემთვის ვფიქრობ გულში: ვაიმე, რა მთასავით კაცია და როგორი ცისფერი თვალები აქვს-მეთქი. ამასობაში ჩაიკითხა ბატონმა გიორგიმ და მითხრა: ყოჩაღ ქალო, ქალიც შენ ყოფილხარ და პოეტიც, მე ვაჟამ დამლოცა, მე შენ გლოცავო და შუბლზე მაკოცა. წარმოგიდგენიათ, მას მერე ვცდილობდი შუბლის ის ადგილი არ დამებანა. ბოლოს მითხრა, ქალო, ეს ლექსები კარგია, მაგრამ "ქეთევან წამებული" 50 წლის მერეც მოგეწონებაო. გიორგი ლეონიძე მას მერე 61 წელია გასული და იმ ლექსებიდან მარტო "ქეთევან წამებული" შემომრჩა. მე ხომ ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი ლექსებისადმი და როცა არ მომეწონება, ვხევ და ვყრი პრინციპით - მე თუ არ მომეწონა, სხვას ვის მოეწონება?

- ახლახან გამოიცა თქვენი მოგონებების კრებული - "გარდასულთა ნაკვალევზე", რომელშიც აგიკინძავთ უამრავი სასიამოვნო ამბავი, ლიტერატურის კორიფეებს რომ უკავშირდება. გაგვიზიარეთ ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება...

- მოგონებებს რა გამოლევს, ბევრი დამრჩა კრებულში შესატანი, მაგრამ ეგ სამომავლოდ იყოს.

1960 წლის 25 იანვარს, ერთმა ლიტერატურულმა წრემ იოსებ გრიშაშვილს მოუწყო შეხვედრა. ცნობილია, რომ გრიშაშვილი ქალების მოყვარული იყო და ლექსი მივუძღვენი, რომელიც ასე მთავრდებოდა: "ნუ დაბერდებით, ძვირფასო ჩვენო, როდესაც ასე ბევრი ქალია". ეს ლექსი მთლიანად არ შემომრჩენია, მაგრამ ეს ორი სტრიქონი მახსოვს იმიტომ, რომ პოეტს ტირილი მოერია და მაკოცა. სხვათა შორის, ის მწერლები, ვისც ჩემი ლექსები მოსწონდა, ყველა მპირდებოდა, სიმონ ჩიქოვანთან წაგიყვან და შენს ლექსებზე გაგიჟდებაო, მაგრამ არავინ წამიყვანა, ჩემთვის ვერავინ მოიცალა. ერთ მშვეიერ დღეს ავდექი და თავად მივედი სიმონ ჩიქოვანთან "მნათობში". 1960 წლის 7 მარტია. ბატონი სიმონი სკამიდან წამოხტა და მეუბნება, - რითი გემსახუროთ, გოგონაო. რა საყვარელი იყო, იცით? ლექსებით ასე გაგიჟებული კაცი არავინ მინახავს. ვუთხარი, ლექსები მოგიტანეთ-მეთქი. ზეგ მოდიო, დამიბარა.

წარმოიდგინეთ, როგორი მოუსვენრობა მჭირდა, როგორ განვიცდიდი, სიმონ ჩიქოვანს ჩემი ლექსები მოეწონებოდა თუ არა. დაბარებულ დროს კარი შევაღე და ადგილიდან წამოფრინდა, მობრძანდი, გოგონაო, - მითხრა. აღმოჩნდა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი ლექსები. მეექვსე ნომერი მზადდებოდა და გადაწყვიტა, ამავე ნომერში დაებეჭდა ჩემი 5 ლექსი. უბედნიერესი ვიყავი... რეზო ინანიშვილის მიერ შესრულებული ბელა შალვაშვილის პორტრეტი ავტოგრაფით

ჩემმა მეგობარმა ნორა სიხარულიძემ დაიჩემა, გინდა თუ არა, პოლიკარპე კაკაბაძესთან უნდა წაგიყვანოო. მომერიდა ამხელა დიდი დრამატურგი კაცის შეწუხება, რომელსაც არავისი არაფერი მოსწონდა, სკეპტიკოსი იყო. მივდივარ და ფეხები უკან მრჩება. მივედით და ნორა ეუბნება, თქვენი აზრი გვინდა ამ გოგონას ლექსებზეო. ბატონმა პოლიკარპემ ერთხელ წაიკითხა ჩემი ლექსები, მეორედ კითხულობს და აღტაცებას ვერ ფარავს. ძალიან გამიკვირდა... მერე ნორას ეუბნება, ეს ჩამოყალიბებული პოეტია და ლექსების გარდა, რას საქმიანობსო. მან უთხრა, შარშან ფილოლოგიურზე აბარებდა, ერთი ქულა დააკლდა და ვერ მოხვდა უნივერსიტეტშიო. ძალიან აღელდა, რას ჰქვია, ვერ მოხვდაო და მეორე დღეს უნივერსიტეტის წინ დამიბარა. ბატონმა პოლიკარპემ ზაურ ბოლქვაძე გამოიძახა, რომელიც თურმე უნივერსიტეტის გაზეთში მუშაობდა. ზაური იყო თხემით ტერფამდე პოეტი. რა დამავიწყებს მის სტრიქონებს: "მე პოეტი ვარ, მიწა ვარ, ცა ვარ./ მე პოეტი ვარ, სივრცე ვარ, დრო ვარ.../ მომენატრება სიკვდილი - წავალ,/ მომენატრება სიცოცხლე - მოვალ." პოლიკარპე ეუბნება ზაურს - ეს გოგონა ჩამოყალიბებული პოეტია, შარშან თქვენთან ჩააბარა, ერთი ქულა დააკლდა, წელს უნდა მიხედო, შენ გაბარებო. ძალიან მოკრძალებული ვიყავი და გამორიცხული იყო ზაურ ბოლქვაძესთან მივსულიყავი, რომ დამხმარებოდა. შემდეგ წლებში, როდესაც ზურს დავუახლოვდი, როცა გავიზარდე, ისე შემიყვარდა, ისეთ პატივს ვცემდი, ვნერვიულობდი და სულ მეშინოდა, ნეტა უნებლიედ არ გაახსენდეს, ბატონი პოლიკარპე ჩემთვის რომ შეწუხდა-მეთქი. არც გაახსენდა, ცხადია.

ვფიქრობ, იუმორი განმსაზღვრელია ადამიანის ნიჭიერებისა. ზაურ ბოლქვაძემ თავის დროზე, როცა შევარდნაძე 50 წლისა გახდა, თქვა: "შევარდნაძეს 50 წელი შეურუსულდაო", - ხომ გენიალური იუმორია? ის ყოველ წუთას იყო პოეტი, სმა უყვარდა და ამის გამო, ერთხელ თურმე ნოდარ დუმბაძემ უთხრა, - მორჩა, გაგათავისუფლე სამსახურიდანო ("ნიანგში" მუშაობდა მის მოადგილედ). ზაურს უპასუხია, შე კაი კაცო, ჩემს გათავისუფლებას რა უნდა, თუ თავი გაქვს, საქართველო გაათავისუფლეო.

ნოდარ დუმბაძეზე რომ არ ვილაპარაკო როგორ შეიძლება? უსაყვარლესი იყო. ერთხელ მამაჩემმა ბატკანი დაკლა და მითხრა, ჩარკვიანი (ჯანსუღს ასე უძახდა) ჩამომიყვანე და მას ვინც უნდა, ის ჩამოიყვანოსო. ჯანსუღმა ჩვენთან, კაკაბეთში ნოდარი ჩამოიყვანა, ასევე იყვნენ ზეზვა მედულაშვილი, გივი შაჰნაზარი, ნაზი კილასონია... არაჩვეულებრივი სუფრა იყო, 7 აპრილია, კარგად მახსოვს, ტყემლები იყო შემოსული აივანზე, რაღაც ულამაზესი დღე იყო. მამაჩემი აღნაგობით დიდი კაცი იყო, დედა კი ტანმორჩილი ქალი. ნოდარი ეუბნება, თურმე, ჯანსუღს მამაჩემის გასაგონად - შეხედე, კაცო, რამხელა კაცია და რა პატარა ქალი ჰყავსო. მამაჩემიც დიდი იუმორის პატრონი იყო და დედას უთხრა - შე კაი ქალო, ქალი არა ხარ? ჭამა არ გაკლია და სმა, გაიზარდე, რაა-ო. მერე ნოდარს მიუბრუნდა: ბატონო ნოდარ, ასეთი უბედურება მხვდა წილად, ეს ქალი შემომაპარეს, რომ შევირთე ფუსფუსა იყო, მერე დაილია, კაცო-ო. იმხელა ხარხარი იყო... ამის მერე, ნოდარ დუმბაძე რამდენსაც დამინახავდა, მეტყოდა, მამაშენთან ქეიფს არაფერი სჯობს, წყალობასთან ქეიფი მინდაო და მე ვერ ვეუბნებოდი, რომ მამაჩემი ძალიან მძიმედ იყო და სკლეროზიც დაემართა.

- ფირდოუსის "შაჰნამე" რომ არ ვახსენოთ, ისე როგორ იქნება... პირველი ხართ, ვინც ეს შესანიშნავი ნაწარმოები თავიდან ბოლომდე თარგმნა და ამას ლამის ოთხი ათეული წელი შეალიეთ..

- "შაჰნამეს" თარგმნას 35 წელი მოვანდომე. როდესაც სპარსული ფილოლოგიურის მესამე კურსზე ვიყავი, ჩემმა ლექტორებმა დაიჩემეს, დაიწყე "შაჰნამეს" თარგმნაო. პირველი კურსიდან ძალიან მძიმე ავადმყოფი ვიყავი, ბრონქული ასთმა მაწუხებდა. როცა ქრონიკულში გადადის, ასთმა შედარებით ლოიალური ხდება. მთელი სტუდენტობა ცუდად ვიყავი. ისე გამოვძვერი უნივერსიტეტიდან, არც მიფიქრია თარგმანებზე, მით უფრო, "შაჰნამეს" შევჭიდებოდი. ხუთი წლის დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი და გავიხედოთ, ზეზვა მედულაშვილი მოვიდა ჩემთან და მეუბნება, ვახუშტი კოტეტიშვილი გიბარებს უნივერსიტეტშიო. მივედი და ვახუშტი მეუბნება - შავლეგ (ასე მეძახდა), ახლა ირანული პოეზიის ოთხმოცტომეული გამოვა და იქ ფირდოუსი ღირსეულად უნდა წარმოვადგინოთ, შენ რომანტიკული - "ბეჟანი და მანიჟეს ამბავი" აგირჩიეო. არ შემიძლია-მეთქი, ვუთხარი. მე შენ არ გეკითხები, გიბრძანებო. ათჯერ მითხრა - გიბრძანებ! მერე მომცა "შაჰნამეს" მეხუთე ტომი, იღლიაში ამომჩარა და მითხრა, 10 სექტემბერს მოხვალ და "ბეჟან და მანიჟეს" თარგმანს მომიტანო. გასკდა გული... ერთი სიტყვით, ურთულესი იყი "შაჰნამეზე" მუშაობის დაწყება, მაგრამ დავიწყე და გავედი ბოლოში.

- სამწუხაროდ, დღემდე არ გამოჩენილა პოემის გამოცემის ინიციატორი...

- მხოლოდ პირველი ტომი გამოვიდა. კულტურის სამინისტროში მივედი და გამომიშვეს, ამის გამოსაცემი ფული ჩვენ არ გვაქვსო. არავინ ყურადღება არ მომაქცია. სამწუხაროდ, ახლა ისეთი დროა, როცა ლიტერატურას მაინც და მაინც ყურადღებას არავინ აქცევს. ვისაც ჰქონდა მისი გამოცემის თავი, იმას სურვილი არ ჰქონია და ვისაც სურვილი ჰქონდა, იმას - გამოცემის თავი. ხალხი 10 საუკუნე ელოდა მის მთარგმნელს. კვეხნაში თუ არ ჩამეთვლება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გარდა, ერთ ადამიანს სრულად "შაჰნამე" არ უთარგმნია. სამწუხაროდ, ჩვენში არავის არაფერი აინტერესებს და მით უმეტეს, ლიტერატურა. ღმერთმა ქნას და ეს იქნება ჩემთვის დიდი ბედნიერება, რომ ახალგაზრდებს უყვარდეთ ლიტერატურა. ეს თუ ასე იქნა, არაფერი ჩაქრება, საქართველო ხომ პოეზიის ქვეყანაა.

- რა გტკივათ და რაზე წუხხართ ყველაზე მეტად, როდის და რა შემთხვევაში აღარ "გეაპრილებათ"?

- ჩემი წუხილისა და სევდის მიზეზი ისაა, რაც ძალი და ღონე გვაქვს, ქართველები თითქოს მთელი შეგნებით რომ ვამახინჯებთ ჩვენს უძველეს და ულამაზეს ენას. ბელა შალვაშვილი შვილიშვილ - ელენესთან ერთად ყველა ენას პატივს ვცემ და მათაც, ვისაც ენების ათვისების უნარი აქვთ, მაგრამ სხვა ენის ლექსიკური ერთეულები არ შეიძლება შენს ენაში გადმოიტანო. ამ კორონა ვირუსთან ერთად შემოგრიალდა ჩვენში სიტყვა "კლასტერი". რა არის ეს კლასტერი, თუ არა თემი, ჯგუფი... ან რა არის ეს "ლოკაცია"? - ადგილი თქვი, დალოცვილო! ყველაზე ძალიან ის მსპობს, როცა ჟურნალისტები ამახინჯებენ ენას, ასე საშინლად. ექიმი რომ არის - მარინე (და არა მარინა) ეზუგბაია, თავიდან სიტყვა "კლასტერს" ხმარობდა, მერე თქვა, "წყარო" მირჩევნიაო და დღეს რამდენჯერმე ისევ კლასტერი გაიმეორა და მეწყინა. შთაბეჭდილება მრჩება, ვიღაც ძალადობს, რომ ეს სიტყვა დამკვიდრდეს ჩვენში. ან რა არის "რეგულაცია", თუ არა - ღონისძიება? დაუკვირდით, როგორი მდიდარი და ღონიერი სიტყვაა - "ღონისძიება" (ღონე უნდა მოიძიო შენში). რომელი ერთი ვთქვა? 3000-ზე მეტი სპარსული სიტყვაა შემოტანილი ქართულ ენაში და ვერაფრით მომინელებია, ის რომ არავინ ვიცით "ფანჯარა" როგორ იქნებოდა ქართულად, რადგან ფანჯარამ განდევნა ის სიტყვა. როცა სპარსულიდან ბეითების თარგმნა დავიწყე და როცა პირველად სიტყვა "ლაჟვარდი" შემხვდა, ცრემლი ღვარად წამომივიდა - ესეც სპარსული ყოფილა. გავგიჟდი კინაღამ - სიტყვა, რომელიც ასე მიყვარს, თურმე სპარსული ყოფილა. აკაკი წერეთელი ბრძანებდა, - როდესაც საუბარში რაიმე უცხო სიტყვას ჩააკვეხებენ, თავს იმართლებენ, ღარიბია ქართული ენაო. ქართული კი არა, თვითონ არიან ღარიბებიო. ეს ისეთი ლახვარია ჩემთვის, ვერ აღგიწერთ. დარწმუნებული ვარ, მიმდინარეობს ქართული ენის მიზანმიმართულად წახდენა. ღმერთო ჩემო, რამდენი უცხო სიტყვა მკვიდრდება ჩვენში და მერე ვეღარ გაგვიგია, ქართულია, თუ - უცხოური.

- ამ პასუხმა თქვენი ლექსი "ჩიტები წუხან თავის ენაზე" გამახსენა...

- "შევერთებივარ ყოველი წვეთით/ მშობელი ენის უსიერ წიაღს.../ მაღლით ქართულად დამნათის მთვარე,/ ქართულად გააქვს შრიალი ნიავს./ მხოლოდ ქართულად მოხტის არაგვი, -/ გრძნობა-სილაღე-გზნება დართული.../ ვით ჩიტს ჩიტურად, გალობისათვის/ ყელი ქართულად მაქვს შემართული".

(სპეციალურად საიტისთვის)