საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ მამაკაცთან ბოლო PCR ტესტის შედეგმა უარყოფითი აჩვენა და მიუხედავად ამისა, მძიმე შედეგი დადგა.

"პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები - სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია. ასევე, ინსულტი, რომელიც თავიდან ისე არ ჩანდა კვლევებით, თუმცა შემდეგ დადასტურდა. ამან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო PCR ტესტი უარყოფითი იყო, დადგა მძიმე შედეგი", - განაცხადა გოფოძემ.

საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. მათგან 634 გამოჯანმრთელდა.

"ინტერპრესნიუსი'