გემით რუსთავიდან შავ ზღვამდე - კვირის პალიტრა

გემით რუსთავიდან შავ ზღვამდე

ქიზიყელი კაპიტნის ახდენილი ოცნება

"ვიცი, ახლა ამ საქმეში ფულის ჩადებისგან ყველა თავს შეიკავებს, არადა, საქმეს რომ ავაწყობ, მერე ხვეწნას დამიწყებენ"

გემი, რომელიც არ იძირება, და ღუზაზე გამობმული მოტივტივე კუნძული

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქალაქ რუსთავში ერთი ქიზიყელი ინჟინერი გემს აშენებს. ეს ამბავი ცოტა ხნის წინ შევიტყვე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილისგან. შორეული ნაოსნობის კაპიტნის, ვახტანგ ბარათაშვილის ვაჟი გაოცებას ვერ მალავდა, ყოფილი ამწემშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ნამდვილი გემი ვნახეო. ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი და მეც ვეხუმრე, იქნებ ახალ ნოეს კიდობანს აშენებს-მეთქი? ხუმრობა ეგრე არ უნდაო და გემის ადგილსამყოფლისკენ გამიძღვნენ.

ოდესღაც ამწემშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ახლა კერძო საამქროებია. ერთ-ერთის,"რვალი 2000"-ის მაღალ და დამტვერილ ჩარხებიან უზარმაზარ დარბაზში ორასიოდე მეტრის გავლის შემდეგ მოულოდნელობისა და განცვიფრებისგან დავმუნჯდი, - რუხ სივრცეში თეთრ-წითელი გემი იყო აღმართული.

გემის მშენებელს, ბოდბელ სოსო ბეგაშვილს აქ მეტსახელად "კაპიტანს" ეძახიან. თუ საამქროში არ ათენ-აღამებს, უცხოეთში მოგზაურობს ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და რომელიმე ნაწილის შესაძენად. კაპიტანი ჩემს გაოცებას კახური სიდინჯით არ იმჩნევს და გემზე ღიმილით მეპატიჟება.

გემის ინტერიერში ყველაფერი კაკლის, წაბლისა და ცაცხვის ხეების ძვირფასი ჯიშებისგან არის დამზადებული. გემს აქვს სასტუმრო დარბაზი, ორი საძინებელი და დამხმარე სათავსები, კომფორტული სველი წერტილებით. გემბანზე პატარა აუზიც არის. აღარაფერს ვამბობ მინიაეროდრომზე. გემის ორი რადარის, ძრავისა და აქსესუარების შესაძენად და ზღვამდე მისაყვანად სულ რაღაც 150.000 ევრო კმარა. ფული ჯერ არა აქვს, თუმცა, კაპიტანი იმედს არ კარგავს.

სოსო ბეგაშვილი: "პროფესიით ავტოსატრანსპორტო ინჟინერი ვარ. 20 წლის წინ უსაქმურობას ვერ შევეგუე და ჰოლანდიაში გავემგზავრე. ერთ დღესაც მატარებელში შევნიშნე, ჩემ წინ  გაცრეცილჯინსიანი მამაკაცი თუთუნს ეწეოდა. შემეცოდა და სიგარეტი მივაწოდე. ღიმილით გამომართვა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. შაბათ-კვირას ცოლ-შვილი ზღვაზე უნდა გავასეირნო და  შენც მოდი, ვიმხიარულოთო. ვიფიქრე, მებადურია-მეთქი, მაგრამ უზარმაზარი იახტით კი დამხვდა. მილიონერი ყოფილა, მე კი მათხოვარი მეგონა. დღემდე ვმეგობრობთ. ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა და არც მინდა ჩამოვიდეს, ვიდრე ჩემი გემით შავ ზღვაზე არ გავასეირნებ.

იმ დღიდან ავიხირე, იახტა მეც უნდა მყავდეს-მეთქი. ყველა იახტა იმდენად ძვირი ღირდა, რომ გადავწყვიტე, თვითონ ამეგო. ათი წელი დიზაინზე, პროექტსა და ტექნოლოგიურ გათვლებზე ვმუშაობდი. მერე კი... სადაც მივედი ფართობის დასაქირავებლად, უზარმაზარი თანხა მომთხოვეს, მაინც დავიწყე გემის შენება.

ჰოლანდიაში ბორსელოს ატომურ სადგურში ვმუშაობდი. რადიაციისგან დაცვის საქმეში გამოგონებაც მაქვს დაპატენტებული. დიდი თანხა გადამიხადეს. "რვალი 2000"-ის ბიჭებმაც იაფად მომაქირავეს, დაახლოებით 200 კვმ ფართობი. ამასთან, აქ ერთ-ერთი დირექტორი მეც ვარ, თუმცა, საამქროს საქმეს ნაკლებად ვაკეთებ, მიყიჟინებენ, გემს მიხედე, დანარჩენს ჩვენ მოვუვლითო".

ზაალ სანაია,"რვალი 2000"-ის გენერალური დირექტორი: "ასეთ კაცს გვერდით უნდა დაუდგე. ასეთი რამ საქართველოში არავის გაუკეთებია და როგორ არ უნდა დავეხმარო?!"

სოსო ბეგაშვილი: "ამ გემს განსაკუთრებული ტექნოლოგია აქვს, გადაბრუნების შემთხვევაში არც წყლით აივსება და არც ჩაიძირება. თვითონვე ამოტრიალდება საწყის მდგომარეობაში. ასეთ ტექნოლოგიას მხოლოდ ამერიკის სასაზღვრო დაცვა იყენებს, ერთი იახტა 100 მლნ დოლარი უჯდება სახელმწიფოს. გემის კორპუსი ძალიან მკვრივია, წყალქვეშა ნავის სიმაგრე აქვს. ორას მეტრზეც რომ ჩაძირო, წნევა ვერაფერს დააკლებს. გემის სიგანე 4,15 მ-ია, სიგრძე - 20 მ. ჩემი გემი წყალში ძალიან ღრმად არ ჯდება. მიჩნეულია, რომ გემი რაც უფრო ღრმად ზის წყალში, მით უკეთესია. ჩემი იახტის კონსტრუქცია კი სპეციფიკურია და სიღრმეში ჩასვლას არ ითხოვს, მეტიც, ნებისმიერი სიმძლავრის ღელვას უმკლავდება.

გემს წყალქვეშა ნაწილში არც ერთი ნახვრეტი არ ექნება კანალიზაციის ან სხვა დანიშნულებისთვის. ნახვრეტები წყლის ხაზიდან ზემოთ აქვს, მაგრამ არ ჩანს. ყველაფერი გარეთ გავა, შემოსვლით კი ვერ შემოვა. სხვა გემების მსგავსად ონკანებიც ექნება, მაგრამ თუ ღია დაგრჩება, საშიში არ იქნება.

ეს არის იახტა-ლუქსი, შეგიძლია ათი კაცი სრული კომფორტით აცხოვრო, სხვები კი ჰამაკში ან სხვაგან დააძინო. ტრიუმში წყლისა და საწვავის ავზებია, უკანა მხარეს - ძრავების განყოფილება. ჩემი იახტა იმითაც ძვირფასია, რომ ხელნაკეთია.

KvirisPalitra.Geგემის ზედა ნაწილი ჯერ არ არის დასრულებული, ზღვამდე მისასვლელად, საქართველოს სამხედრო გზაზე ხიდების ქვეშ ვერ გაივლის. ამიტომ დიდი ზომის გადამტანით ორ ნაწილად წავიღებთ გამცილებლების თანხლებით, როგორც არაგაბარიტულ ტვირთს. ერთ თვეში დავასრულებ ზედა ნაწილს და ჩავუშვებ ზღვაში.

ამ იახტას გავყიდი და ოცნებას ავისრულებ - 35-მეტრიანი და 7 მ სიგანის გემი უნდა ავაშენო, მილიარდერების კლასის.

სამწუხაროა, რომ ზღვისპირა ქვეყანა ვართ და გემთმშენებელი ქარხანა არა გვაქვს. მინდა ქარხანა გავაკეთო და 35-მეტრიანი იახტები ავაგო, რომ არც ყირავდება და არც იძირება. უფრო დიდს სხვა გათვლა და სხვა კონსტრუქცია სჭირდება. თითოეული ასეთი გემი შეიძლLება 10 მილიონ დოლარად გავყიდოთ. გემთმშენებელი ქარხნის და ერთი გემის ასაშენებლად 2 მილიონი დოლარი და 6 თვე მეყოფა. შეგვიძლია კონკურენტუნარიანი წარმოება გვქონდეს მაღალი ტექნოლოგიით და შედარებით დაბალი ფასებით.  ვიცი, ახლა ამ საქმეში ფულის ჩადებისგან ყველა თავს შეიკავებს, არადა, საქმეს რომ ავაწყობ, მერე ხვეწნას დამიწყებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის წინ ბაჰრეინის ვიცე-მეფე და საამიროების შეიხი მეახლნენ (ეღიმება), შემომთავაზეს, ფულს მოგცემთ, ქარხანა ააშენე და გემები ჩვენ მოგვყიდეო. ვერ შევთანხმდით, ნახევარფაბრიკატის წაღება სურდათ, ინტერიერს ჩვენ მივხედავთო. შესაბამისად, ფასი ძალიან იაფი გამოდიოდა. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, არა-მეთქი. ჩინეთში ოლიმპიადა იწყებოდა დღე-დღეზე. იქ მიბრძანდებოდნენ, დავბრუნდებით და ამ საკითხზე მოვილაპარაკებთო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ომი დაიწყო და...

კანის ფესტივალზე ჩემს იახტაზე ოდნავ დიდი გემი ერთი ღამით სამასი ათას ევროდ ქირავდებოდა. ბათუმში ვარსკვლავები რომ ჩამოჰყავთ, ალბათ სასეირნო იახტებიც უნდა ჰქონდეთ.

სამწუხაროა, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში მინიატიურული ტივტივა კუნძულები არ აქვს. ეს ტურიზმისთვის ძალიან  მომგებიანია და სახელმწიფოსაც კაპიკები დაუჯდება. მსოფლიოში ხელოვნური კუნძულებისთვის ზღვის ფსკერიდან ამოჰყავთ საფუძველი, ეს მილიარდები ჯდება. მე კი მაქვს იაფი ტივტივა კუნძულების მშენებლობის პროექტი. გაიტან ამ კუნძულს ზღვაში, ღრმად, ღუზაზე გამოაბამ და გააჩერებ ერთ ადგილზე. გაცურდება, მაგრამ ძლიერ ღელვაშიც კი რხევა არ ექნება.

სავარაუდოდ, გემს "ლეგენდას" დაარქმევენ. რატომ? "რუსთავში რომ კაცი იახტას ააშენებს, ლეგენდად არ დარჩება?" - ამბობს კაპიტანი. სოსო ბეგაშვილს "კაპიტანი" კი შეარქვეს, მაგრამ სინამდვილეშიც აქვს კაპიტნის წოდება. სანამ მშენებლობას დაიწყებდა, ჰოლანდიაში გემის მართვა ისწავლა და... ახლა ოფიციალური მოწმობა იუწყება, რომ კაპიტანს უფლება აქვს ნებისმიერი გემი გაიყვანოს ღია ზღვაში. იმედია, ესეც მალე მოხდება.