სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის - კვირის პალიტრა

სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის

რობოტადქცეული ჩვენი შვილები ადამიანებად ვაქციოთ

ძვირფასო რედაქციავ, არ შემიძლია ჩემი გულისტკივილი არ გაგიზიაროთ. საახალწლოდ და მას შემდეგ მომხდარმა ამაზრზენმა მოვლენებმა (ომის ვეტერანების დარბევა, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებიდან გამოსახლება, ცემა და გადასახლება), რაც განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით გამოირჩეოდა, ერთი საყურადღებო ფაქტი გამახსენა, რის შესახებაც მინდა გიამბოთ:

ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. სამამულო ომის შემდეგ გერმანელი ტყვეების ნაწილი ქუთაისში ჩამოიყვანეს, სადაც ისინი მშენებლობებზე მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ომში დაკარგული ჰყავდა ოჯახის წევრები, მათი დამოკიდებულება ამ ახალგაზრდა ბიჭების - გერმანელი ტყვეების მიმართ ძალზე გულმოწყალე იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ გაჭირვების დროს მათთვის ქვაბებით ჩაჰქონდათ ეზოში საჭმელი, სახლშიც კი აჰყავდათ და ასადილებდნენ ხოლმე.

მახსენდება ერთი საინტერესო ამბავიც: ეზოს ბიჭები რამდენჯერმე მივედით იმ მშენებლობაზე, სადაც გერმანელები მუშაობდნენ და ვეძახდით: "გიტლერ კაპუტ, გიტლერ კაპუტ", ენას ვუყოფდით, ვეჯღანებოდით, რაზეც მათ, რასაკვირველია, რეაქცია არ ჰქონდათ, რაც გასაგებია, აბა, ტყვეებს რა უნდა ექნათ! ამის შემსწრე ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის მამამ დაგვტუქსა: ეს აღარ გააკეთოთ, ეს ბიჭები დამარცხებულები არიან, მათი დაჩაგვრა მდაბიო, არაადამიანური საქციელია, სისასტიკით მათ ვერ გავაკვირვებთ, ხომ იცით, როგორც ექცეოდნენ ფაშისტები მშვიდობიან მოსახლეობას, თქვენი საქციელით მათ განუმტკიცებთ რწმენას, რომ ადამიანები ასე უნდა ეპყრობოდნენ მათ მოწინააღმდეგეებს. ჩვენ მათ სიკეთე და გულმოწყალება უნდა ვაჩვენოთ, რაც დაარწმუნებთ, რომ სწორად არ იქცეოდნენ.

ამის შემდეგ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ყურადღების გამოხატვაში, რითაც გერმანელი ტყვეები აღფრთოვანებული იყვნენ, სათამაშოებს გვიკეთებდნენ, მხრებზე გვისვამდნენ, გვათამაშებდნენ.

KvirisPalitra.Geდადგა მათი სამშობლოში გაშვების დღე. ის ტყვეები, რომლებიც ჩვენს ეზოს ხშირად სტუმრობდნენ, გამოსამშვიდობებლად შემოვიდნენ. ყველას ახალი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგები ჰალსტუხებით ჰქონდათ დამშვენებული. გულმხურვალედ გვიხდიდნენ მადლობას და თავიანთ მისამართებს გვიტოვებდნენ. ბიჭებმა მოედნამდე გავაცილეთ, სადაც ასევე ჩაცმული დანარჩენი ტყვეებიც იყვნენ შეკრებილნი, შემდეგ კი ავტობუსებით (და არა საბარგო მანქანებით!) წაიყვანეს.

ეს სრული სიმართლეა! ასეთი ამბავი მარტო ქუთაისში არ მომხდარა. თუ ბოლშევიკურ ხელისუფლებას შეეძლო ასეთი ადამიანური დამოკიდებულება (თუგინდ მოჩვენებითი, ფარისევლური) გამოეხატა მტრების მიმართ, რით ავხსნათ დღეს ომის ვეტერანებისა და დევნილების მიმართ ხელისუფლების ასეთი მოპყრობა?

ქალზე ხელის აღმართვა, ომის მონაწილე მშვიდობიანი მომიტინგეების (მოშიმშილე ადამიანების), დევნილების უსაფუძვლო, სრულიად გაუმართლებელი ცემა, შეურაცხყოფა, რა საფასურის ფასად შეიძლება ჩაიდინოს ნორმალურ ოჯახში აღზრდილმა ახალგაზრდამ? რადგან დამრბევებს ფორმა არ ეცვათ, ჩვენთვის უცნობია, რომელ ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნიან. თუ ეს ჩვენი პოლიციაა, მაშინ თავს ნუ მოიტყუებს მავანი და მავანი, ასეთი პოლიციის მხოლოდ უკიდურესი სიძულვილი შეიძლება და არა სიყვარული და ამას ვერავითარი სპეციალური ვიდეოკლიპები ვერ უშველის! ბუნებრივია, ამ ფაქტების შემდეგ, ალბათ, ამ კლიპებში მონაწილე ბავშვებსა და მათ მშობლებს გაუჩნდებოდათ სირცხვილისა და პროტესტის გრძნობა მასში მონაწილეობის გამო. თუ ეს მართლა პოლიცია იყო, უმჯობესია მან მხოლოდ თავისი ძირითადი საქმე გააკეთოს (საზოგადოებრივი წესრიგი, ქონების დაცვა, ადამიანების უსაფრთხოება და სხვა), რითაც ის ნამდვილად გამოირჩევა ძველი, საბჭოური, კორუმპირებული მილიციისაგან.

საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ახალგაზრდების მხეცური საქციელის მიმართ ხალხის ინდიფერენტული დამოკიდებულება (თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა) დამღუპველი იქნება არა მარტო ამ ქმედებების ჩამდენთათვის, არამედ სხვა ახალგაზრდებისთვისაც, ჩვენი გენოფონდისათვის.

გავიხსენოთ, რა ამაზრზენი იყო 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის უზნეო საქციელი, როცა ის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შემდეგ აღტაცებული შეეგება ხელკეტიან, რკინებში ჩასმულ რობოტებს, ჩაეხუტა და ჩაკოცნა ყველანი. ეს "კაცი" არათუ საზოგადოებამ, არამედ თავისმა ჯგუფმაც კი გარიყა და აღარც ჩანს. ბუნებრივია, ასეთი არსებები მტერსაც სძულს და მოყვარესაც.

ხალხი ბრძენია, მას არაფერი ავიწყდება, ამიტომ ისინი საცოდავები არიან.

ჩვენ მოვალენი ვართ, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, ეს გაბრიყვებული ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, უსახო რობოტებიდან ადამიანებად ვაქციოთ. ამ ახალგაზრდების მშობლებმა, დედმამიშვილებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა, ნაცნობებმა უნდა აგრძნობინონ მათ, რომ ისინი სამარცხვინოები არიან და მივცეთ  საშუალება, გონს მოეგონ. დავარწმუნოთ, რომ ოჯახში მათ მიერ მაღალი ხელფასის წყალობით შეტანილი ფული ნაწილობრივადაც ვერ მოახდენს იმის კომპენსაციას, რასაც ისინი დაკარგავენ.

მარტო ფული და ქონება რომ ბედნიერების განმსაზღვრელი არ არის, ეს არახალია და ნუ ჩაიდენენ უღირს საქციელს, ნუ ჩაუშხამებენ ცხოვრებას თავიანთ მშობლებსა და შვილებს.

არჩიონ ქვეყნისათვის პატიოსანი სამსახური, რითაც ხალხის პატივისცემასა და სიყვარულს მოიმკიან.

შოთა ჩხეიძე, პენსიონერი