საქართველოს მოსახლეობის მეხუთედი "კოვიდ 19"-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს - რა წერია მთავრობის ანგარიშში? - კვირის პალიტრა

საქართველოს მოსახლეობის მეხუთედი "კოვიდ 19"-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს - რა წერია მთავრობის ანგარიშში?

საქართველოს მოსახლეობა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), ბოლო აღწერის მონაცემებით, 3 716 858 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 20.5%, 762 621 პირი საპენსიო ასაკისაა. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი "კოვიდ 19"-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის ანალიზი.

"გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადების მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია - 80%, აქედან: გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე არის 40%, ქრონიკული რესპირაციული დაავადებების მქონე -22%, სიმსივნეებით დასნებოვნებული - 15%, ხოლო დიაბეტით - 3%," - ნათქვამია ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"