მთავრობის ანგარიშის თანახმად, იანვარ-მაისში იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით 15 კლასტერი, შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40 - კვირის პალიტრა

მთავრობის ანგარიშის თანახმად, იანვარ-მაისში იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით 15 კლასტერი, შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40

ქვეყანაში, საანგარიშო პერიოდში (იანვარი - 22 მაისი). სულ იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით, 15 კლასტერი. შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. მათივე თქმით, შემთხვევების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გამოიყოფა თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის კლასტერები.

"დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ იქნა 3 500-მდე კონტაქტის მოძიება. კონტაქტების მიდევნების მიზნით ხდებოდა მათი თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაყვანა და შემდგომი დაკვირვება. კონტაქტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები, განიხილებიან როგორც შესაძლო შემთხვევები, რომლებიც გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ დიაგნოსტირება კორონავირუსზე. კონტაქტებს, რომლებსაც არ უვლინდებათ სიმპტომები ეძლევათ არჩევანი: დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში შინ (თუ დაცულია იზოლაციისთვის მოთხოვნილი წესები) ან გადაყვანილი იქნენ საკარანტინო დაწესებულებაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ. პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები," - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კოვიდანგარიშშია აღნიშნული. ამავე ანგარიშის თანახმად, სამედიცინო ქსელში ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით, შეიზღუდა პერსონალის დასაქმება კოვიდისა და ცხელების კლინიკების გარდა სხვა კლინიკებში, რომლებიც აგრძელებდნენ სხვა სტანდარტული სერვისების მიწოდებას.

"სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე 5-დან 20%-მდე მერყეობს. კვლევის პერიოდში, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში ტრენინგებისა და პირადი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფის გარდა, კოვიდ 19-ისა და ცხელების კლინიკების მენეჯერებთან ერთად დანერგა პერსონალის 2- კვირიანი როტაციის სქემა. სამედიცინო ქსელში ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით, შეიზღუდა პერსონალის დასაქმება კოვიდისა და ცხელების კლინიკების გარდა სხვა კლინიკებში, რომლებიც აგრძელებდნენ სხვა სტანდარტული სერვისების მიწოდებას. კოვიდ 19-ის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა 2 კვირიანი ცვლების დროს პერსონალის სათანადოდ დასვენების პირობები. აპრილიდან სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტესტირების ალგორითმის შესაბამისად, კოვიდ 19-ის ანტისხეულებზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა კოვიდის და ცხელების კლინიკების სამედიცინო პერსონალს, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა თანამშრომელს. მაისიდან სამედიცინო პერსონალი ექვემდებარება რეგულარულ ტესტირებას პჯრ/ღთ-Pჩღ ტესტით მაქსიმალური დიაგნოსტიკური სიზუსტის მიზნით", - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის მთავრობის (ჩეხეთის კარიტასი), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, აივ/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ხელშეწყობით მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში ინფექციის კონტროლის ტრენინგი გაიარა პროგრამაში ჩართულმა ყველა კოვიდ და ცხელების კლინიკის 1245 თანამშრომელმა. "კოვიდის ადრეული დიაგნოსტიკის და ინფექციის კონტროლის საკითხებში მომზადდა სოფლის ექიმების 75% (974 სოფლის ექიმი) და ქალაქის ექიმების 90%, სულ 2500-მდე ექიმი. პროგრამაში მონაწილე 29 კოვიდ კლინიკაში სამედიცინო პერსონალს ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ჩაუტარდა ტრენინგი კრიტიკული შემთხვევების მართვაში. მაისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ადგილზე ტრენინგები და მხარდამჭერი ზედამხედველობა კოვიდის მართვის 29 და ცხელების 16 კლინიკაში", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო სივრცეებში მიმდინარე სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ მოახდინა 405 ექიმისა და ექთნის მობილიზება.

"ხაზგამსით უნდა აღინიშნოს სიცხიანი პაციენტების ტრიაჟის მიზნით გამოყოფილი სასტუმრო, რომელშიც სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობით რჩება ერთდროულად 95-მდე პაციენტი, რომლებიც მსუბუქი კლინიკური მდგომარეობის გამო, არ საჭიროებენ ჰოსპიტალურ მკურნალობას, თუმცა, ოჯახური პირობების გამო, არ აქვთ ბინაზე თვითიზოლაციის შესაძლებლობა. სასტუმროში დასაქმებული სამედიცინო გუნდი აღჭურვილია პირველი დახმარების საგნებითა და მედიკამენტებით, მათ შორის პულსოქსიმეტრებით, რაც მდგომარეობის დამძიმების სწრაფად შეფასების საშუალებას იძლევა. სტუდენტების მობილიზების მიზნით, პირველადი ჯანდაცვის 25-მა დაწესებულებამ მოიწვია სამედიცინო ფაკულტეტის მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც ჩაერთნენ ონლაინ კონსულტაციების მოდელის მართვაში. სტუდენტების მობილიზებისა და ტრენინგის პროცესი გაგრძელდება შესაძლო მეორე ტალღისთვის მოსამზადებელ პერიოდში", - აღნიშნულია ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"