შეყვარებულის მოსაძებნად "ცხრა მთას იქით" წასული ქეთევანის ამბავი
04-06-2020
შეყვარებულის მოსაძებნად "ცხრა მთას იქით" წასული ქეთევანის ამბავი
ფოტო:ქეთევან კლდიაშვილი
რეზო კლდიაშვილის რეგალიები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი ცხოვრება. ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, დრამატურგი... ის ყოველთვის საინტერესო რესპონდენტია. გთავაზობთ მისი ინტერვიუდან ნაწყვეტს:

- ერთხელ საერთაშორისო კონკურსზე გახლდით, ახალგაზრდა ასპირანტი ვიყავი და მსგავსი გასვლები მაინტერესებდა. ტაშკენტში მსოფლიოს მეცნიერები იყვნენ შეკრებილები... ჩვენს დელეგაციასთან უზბეკეთის პრეზიდენტი და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი მოვიდნენ, მოგვესალმნენ, ჩემმა ხელმძღვანელმა რამაზ ლაღიძემ მათ ჩემი თავი გააცნო. გვარი კლდიაშვილი რომ გაიგონეს, გაგიჟდნენ და მკითხეს, ქეთო ხანუმს იცნობთო?
როგორ არ ვიცნობ-მეთქი.
ის მწერალ დავით კლდიაშვილის ქალიშვილი გახლდათ. ქეთევან კლდიაშვილი ტაშკენტის მერის (შემდგომში ფინანსთა მინისტრის და მოსკოვში საამიროების წარმომადგენელია) მეუღლე გახლდათ. თურმე შაბათობით მოსკოვში მყოფი ღარიბი სტუდენტებისთვის სადილს მართავდა. უზბეკ ქალებს ძალიან მოსწონდათ, სიარულის მანერაში, ჩაცმულობაში ჰბაძავდნენ.

- საინტერესოა, ქეთევან კლდიაშვილი ტაშკენტში როგორ მოხვდა?
-
მას საოცარი თავგადასავალი აქვს. ქეთევანს და პაოლო იაშვილის ძმას ერთმანეთი უყვარდათ.
ქეთევანი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ. ერთ დღეს ბიჭი პაემანზე არ მივიდა, მეორე დღესაც არ მივიდა, არც მესამე დღეს გამოჩნდა. ქეთევანს ბაღის კიდესთან ცისფერყანწელებთან ერთად მდგომი პაოლო შეუნიშნავს. მისულა და მორიდებით უკითხავს: ტუპია სად არისო? პაოლოს უთქვამს, ტუპია ცხრა მთას იქით, ტაშკენტში გაიქცაო. თურმე იმერეთის თავადაზნაურობა რომ დაიჭირეს და შორაპანში ვაგონებში ჩაცხრილეს, მათ შორის ტუპიაც ყოფილა. პაოლომ შეყვარებული გოგონა სიმართლის სათქმელად ვერ გაიმეტა და ეს ტყუილი მოიფიქრა. ქეთევანს კი სიმართლე ეგონა, სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს და ტაშკენტში შეყვარებულის მოსაძებნად წავიდა.
ქეთევანი ქმარ-შვილთან ერთად
იქ ქართველების დიასპორა იყო და ახლობლები ეგულებოდა. ტაშკენტში ჩასულმა გაიგო, ტუპიას რაც დაემართა. გარკვეული დროით ნათესავებთან დარჩა, თან კონსერვატორიაში სწავლობდა. ერთ დღეს ქეთევანი ოპერაში წაიყვანეს. ლოჟაში ტაშკენტის მერმა აკბარ ისლამოვმა უცხო ეროვნების ლამაზი გოგონა შენიშნა. მალე ქეთევანმა და აკბარმა იქორწინეს. შემდეგ ისლამოვიც დახვრიტეს. ქეთევანი მეგობრებმა საქართველოში გამოაპარეს. მისი შვილი - თემური, სადღაც უდედმამო ბავშვთა სახლში იყო, მოძებნეს და ისიც საქართველოში ჩამოუყვანეს.

ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?