"ქართული ტურიზმის აღორძინება სომხების გარეშე შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"ქართული ტურიზმის აღორძინება სომხების გარეშე შეუძლებელია"

სომხეთის რუსულენოვან მედიაში, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოში "სპუტნიკ-არმენია" («Спутник-Армения») გამოქვეყნდა ინტერვიუ სომხეთის ტურიზმის ფედერაციის ხელმძღვანელ მეხაკ აფრესიანთან, რომლის სათაურია "ქართული ტურიზმის აღორძინება სომხების გარეშე შეუძლებელია".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ცნობილია, ამ დღეებში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს არ შეუძლია საზღვრების გახსნა ისეთი ქვეყნების ტურისტებისთვის, რომლებიც "მწვანე ზონაში" არ არიან და სადაც კორონავირუსით ინფიცირების დონე მაღალია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთში "კოვიდ-19"-თან დაკავშირებით მძიმე სიტუაციაა, მაშინ გასაგებია, რომ სომხეთი, როგორც ჩანს, ასეთი კატეგორიის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვედრის კანდიდატს წარმოადგენს. ამირან გამყრელიძის განცხადებაზე წინა დღეებში ირიბად პასუხი ნიკოლ ფაშინიანამაც გასცა - მისი თქმით, საკითხი, თუ რომელი ქვეყანა შეუშვებს თუ არ შეუშვებს სომხეთის მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე არის დამოკიდებული, რომელიც, სიმართლეს თუ ვიტყვით, სომხეთში მართლაც შემაშფოთებელია.

"სპუტნიკ-არმენიას" კორესპონდენტთან - ლაურა სარქისიანთან საუბრისას მეხაკ აფრესიანმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტემპით გაგრძელდება ვირუსის გავრცელება.

"ამირან გამყრელიძის განცხადება არაოფიციალურია და ამიტომ თბილისის ოფიციალურ პოზიციას უნდა დაველოდოთ. ყველასათვის ცნობილია, რომ სომხეთი საქართველოსთვის ტურისტების მიზიდვის სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია, განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე დამსვენებლების უმეტესობას ჩვენი თანამემამულეები წარმოადგენენ", - ამბობს მეხაკ აფრესიანი. მან გაიხსენა, რომ 2019 წლის მონაცემებით, სომხეთმა საქართველოში "ვიზიტორთა" რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა (1 365 048 ტურისტი), აზერბაიჯანის (1 526 619) და რუსეთის (1 471 558) შემდეგ.

როგორც მეხაკ აფრასიანმა აღნიშნა, ეს ციფრები ნათლად მეტყველებენ, რომ საქართველო სომეხი ტურისტების გარეშე თავისი ტურიზმის დარგს ვერანაირად ვერ ააღორძინებს. და რადგანაც მეზობლის ეკონომიკა სწორედ რომ ტურიზმზეა დამოკიდებული, თუ თბილისი თავისთან სომეხ ტურისტებს არ შეუშვებს, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან ზარალს ნახავს.

სომხეთის ტურისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გასაგებია - თბილისს არ სურს შვედური მოდელის გაზიარება, არ რისკავს ამდენი ძალისხმევის შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ - ქართველების მოქმედება გაუგებარია: "არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია არ შეხებია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ერთ ქვეყანაში უფრო მეტი ავადმოყოფია თუ მეორეში უფრო ნაკლები. თუ ქვეყნის საზღვრებს აღებ, მაშინ ყველასათვის უნდა გააღო, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ტესტირება საქართველოში შესვლამდე 72 საათით ადრე უნდა ჩაიტარო", - ამბობს მეხაკ აფრასიანი. მან ხაზი გაუსვა, რომ "ამირან გამყრელიძის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, საქართველოს ხელისუფლება, ალბათ, სიტუაციას გაანალიზებს. სხვათა შორის, დადგა დრო, რომ სომხეთმაც თავისი პოზიცია განსაზღვროს: საჭიროა აიწონ-დაიწონოს ყველა რისკი და "ოქროს შუალედი" დადგინდეს. სომხეთის ტურიზმი ისედაც "ნაკერებზე იხევა" და დარგს საბოლოო განადგურებამდე ნუ მივიყვანთ".  წყარო

იხილეთ ასევე: "რატომ უწოდებენ სომხეთის მთავრობას და ფაშინიანს პოპულისტურს, საქართველოს მთავრობას და გახარიას კი - არა?" - რას წერს სომხური გამოცემა?

მოამზადა სიმო კილაძემ