სამების საკათედრო ტაძარს სამწლიანი დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს - კვირის პალიტრა

სამების საკათედრო ტაძარს სამწლიანი დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს

სამების საკათედრო ტაძარს, სამწლიანი დავალიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს. "თბილისი ენერჯის" მიმართ ეკლესიის დავალიანება თითქმის 250 000 ლარს აღწევს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ტაძრის წინამძღვარი დახმარებისთვის მრევლს მიმართავს და მათ სთხოვს თხევადი გაზის ბალონებით მოამარაგონ ტაძარი.

სამების ტაძრის არქიმანდრიტის, მამა იოანე მჭედლიშვილის თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადი თვიურად დაახლოებით 15 000 ლარს შეადგენს, რისი გადახდის საშუალებაც ეკლესიას არ აქვს. მისი თქმით, ერთ კვირაზე მეტია ტაძარს გაზი არ მიეწოდება.

"რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი დავალიანების გამო. დავალიანება გვქონდა და ჩაჭრეს. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა. მონასტერს არასდროს ჰქონდა საშუალება ეს თანხა გადაეხადა.

კომპანიის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ბევრჯერ გაითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ექნათ იმათაც, ყოველთვის გვერდში გვედგნენ და რაღაც მომენტში გადაწყვიტეს ასე. დაახლოებით 250 000 ლარია დავალიანება" - აღნიშნა "ტვ პირველთან" საუბრისას მამა იოანე მჭედლიშვილმა.