როგორ მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა კახი კავსაძეს დაბადების დღე? - კვირის პალიტრა

როგორ მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა კახი კავსაძეს დაბადების დღე?

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ კახი კავსაძეს დაბადების დღე მიულოცა. კახი კავსაძე დღეს 85 წლის გახდა. ივანიშვილის მილოცვას ქართული ოცნების ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს – კახი კავსაძეს.

მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია – კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს – კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს".