"მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს... ურთიერთდახმარებაზე არასდროს ვიხევთ უკან" - კვირის პალიტრა

"მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს... ურთიერთდახმარებაზე არასდროს ვიხევთ უკან"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის.

როგორც გამყრელიძემ "ფეისბუქით" პირდაპირი ჩართვისას განმარტა, საქართველოსა და სომხეთს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან და ურთიერთდახმარებაზე უარს არასდროს ამბობენ.

"მოგეხსენებათ, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და შესთავაზა, ხომ არ სჭირდებათ საქართველოს მხარდაჭერა. ზოგადად, მხარდაჭერაზე იყო საუბარი, განიხილეს ეს საკითხი და მგონი, მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია არის. ალბათ, უკეთესად საგარეო საქმეთა სამინისტრო უპასუხებს. სომხეთის მხარე განიხილავს საკითხს და შესაბამისად, თუ ამის საჭიროება არის, საქართველოს მიმართავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშიც გვქონდა შეთავაზება და კომუნიკაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ველოდებით, თუ შემოთავაზება იქნება, რომ რაღაც მიმართულებით დახმარება სურს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენიმე მიმართულებით შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, როგორც ქვეყნებს, ისე ჩვენ ინსტიტუციებს და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დამატებითი პაციენტების მისაღებად მზად არის.

"ჯანდაცვის სისტემა იმაზე უკეთ არის მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ 5 თვის განმავლობაში, რაც ეს ინფექცია არსებობს, ჯანდაცვის სისტემამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა უფრო მეტი მზადყოფნისთვის. ამიტომ, მზადყოფნა არის" , - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: "ქართული ტურიზმის აღორძინება სომხების გარეშე შეუძლებელია"

"ინტერპრესნიუსი"