"კუმ ფეხი გამოყო, მეც მნახეთ, მნახეთო" - რას ამბობს პაატა იმნაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების კომიტეტის" განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"კუმ ფეხი გამოყო, მეც მნახეთ, მნახეთო" - რას ამბობს პაატა იმნაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების კომიტეტის" განცხადებაზე?

პაატა იმნაძე - ცხინვალში ერთი ექსპერტი გამოვიდა, მილები დაუთვლია ლუგარის ლაბორატორიის თავზე: "აი, სამი მილი უნდა ჰქონდეს და მაგათ ოთხი მილი აქვთო", მილების დათვლით რომ იზომებოდა უსაფრთხოების დონე, პირველად გავიგე

ცხინვალში ერთი ექსპერტი გამოვიდა და მილები დაუთვლია ლუგარის ლაბორატორიის თავზე: "აი, სამი მილი უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ ლაბორატორიას და მაგათ ოთხი მილი აქვთო" - ასე თქვა. მილების დათვლით რომ იზომებოდა ლაბორატორიის უსაფრთხოების დონე, ეგ ნამდვილად პირველად გავიგე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, "ფეისბუქის" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ქართული მხარის დადანაშაულებას "ბიოტერორიზმის მეთოდების" გამოყენებაში.

მისი თქმით, "ასეთ სისულელეებზე კომენტარის გაკეთება ძნელია".

"კუმ ფეხი გამოყო, მეც მნახეთ, მნახეთო. მე ვიცნობ ცხინვალში რამდენიმე სპეციალისტს, ჩემს კოლეგებს, ისინი მაინც ალაპარაკონ ხოლმე, რომ ცოტა უფრო ჭკუათმყოფელი რამე თქვან იმიტომ, რომ იქ ერთი ექსპერტი გამოვიდა და მილები დაუთვლია ლუგარის ლაბორატორიის თავზე და "აი, სამი მილი უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ ლაბორატორიას და მაგათ ოთხი მილი აქვთო" - თქვა. მილებიც ვეღარ დათვალეს?! ქუჩიდანაც მშვენივრად ჩანს, რამდენი მილია, სამზე გაცილებით მეტი მილია და მილების დათვლით რომ იზომებოდა ლაბორატორიის უსაფრთხოების დონე, ეგ ნამდვილად პირველად გავიგე. მას ამ დიდი აღმოჩენის დარეგისტრირება ეკუთვნის იმიტომ, რომ მილებით თვლის ბიოუსაფრთხოების დონეებს. ნუ აი, ასეთ სისულელეებზე ძალიან ძნელია ხოლმე კომენტარის გაკეთება", - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ასევე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების კომიტეტი" ქართულ უპილოტოებს "საზღვრის დარღვევაში" ადანაშაულებს და "ბიოტერორიზმის" კვალს ეძებს

"ინტერპრესნიუსი"