ის ახლა დუმილის კაცი უფროა... - კვირის პალიტრა

ის ახლა დუმილის კაცი უფროა...

მარჯანიშვილის თეატრის წინ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. 9 წელი დასჭირდათ, რომ მსახიობი დაეთანხმებინათ და ის აღსრულებულიყო, რაც ისედაც ნათელია - ვარსკვლავად გამოეცხადებინათ. თავს არიდებდა "დიდებულ ღონისძიებას", არც განსაკუთრებულობის შეგრძნება ჰქონდა და, შესაბამისად, არც განსაკუთრებულ პატივს ითხოვდა...

სცენაზე ისევ დიდი მღელვარებით გავიდა. შუბლშეჭმუხნილი, ოდნავ წინ გადახრილი იდგა და უსმენდა ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად უყვართ.

მსახიობის გამოჩენამ დარბაზში დიდი ოვაცია გამოიწვია, ცხადი გახდა: თენგიზ არჩვაძის სცენაზე არყოფნის წლები დიდი დანაკლისია ერის კულტურულ ცხოვრებაში.

სიყვარული, ერმა რომ გამოუცხადა, მისივე განვლილი ცხოვრებით აიხსნება. ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა განცდილზე არაფერს იტყვის ზედმეტს. დუმილის კაცი უფროა, ვიდრე თქმისა. მხოლოდ ძუნწად თუ გამოსტაცებ ფიქრებს:

- განცდა ასუფთავებს შინაგან სამყაროს, ან დადებითად მოქმედებს, ან - უარყოფითად. მნიშვნელობა აქვს, როგორ ხვდება ის ცხოვრებას, როგორ არის მომზადებული, საგზლად რა ჩაუდეს, ხმიადი გამოატანეს, თუ მოხარშული დედალი ან შემწვარი გოჭი... შემწვარ-მოხრაკული ცუდად მოქმედებს, ჯობია ხმიადი გქონდეს საგზლად - ეს ხმელი პურია... გინახავთ? მთაში აცხობენ ხოლმე...

მე საგზლად წისქვილის სითბო და სიყვარული მომქონდა. რატომ წისქვილის? ყველაფრის ახსნა რა საჭიროა. მთელი სამყარო უნდა ამოვატრიალო, ამისი ახსნა რომ დავიწყო. ჩემთვის წისქვილი პატარა სამყაროა თავისი სარეკელათი... "და სარეკელას მადლიან ენით წისქვილი ყვება მოსავლის ამბავს", - გახსოვთ ლადო ასათიანის ეს სიტყვები? წისქვილი ათას რამეს ჰყვება.

წისქვილი ჰყვება. თენგიზ არჩვაძე კი მოყოლას არ აპირებს, მას თავისი "საგზალი", მწირი რომ ეგონება ზოგიერთს, საუნჯედ აქვს ქცეული: სიმდიდრეს იქ არ ეძებს, სადაც ოქროა, იქ ეგულება, საითაც თუშეთის ან ფშავის ვიწრო ბილიკებს მიჰყავდა ხოლმე... ისე, ვარსკვლავებიც იქ ეგულება - საქართველოს ლამაზ მთებზე ქუდად დახურულ ცაზე... რამდენი ღამე გაუთენებია მათი ყურებით. რამდენჯერ უფიქრია, რომ ამ უკიდეგანო სამყაროში მისი, ერთი ჩვეულებრივი კაცის, დაბადება დიდი სასწაული იყო.

"არსაკიძის მოჭრილი მკლავის ფასად არის ნათამაშები მისი ბევრი როლი", - დაწერა თენგიზ არჩვაძეზე მისმა კოლეგამ, ჯემალ მონიავამ.

ამ სიტყვებზე შუბლს კიდევ უფრო შეიჭმუხნის, თავს ალბათ ოდნავ გადააქნევს და ისე ჩაგხედავს თვალებში, რომ უხერხულობისაგან ტუჩზე იკბენ - რამ გამახსენებინა ეს ფრაზაო... სამაგიეროდ, უძოზე გიამბობთ, იქაურ განთიადს დაგანახვებთ.

მსახიობის პროფესიონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თენგიზ არჩვაძეში ხალხმა ჯერ კაცი შეიყვარა - იშვიათობად ქცეული რაინდული თვისებებით აღსავსე და ერთგული და მერე, უნიჭიერესი მსახიობი.

თენგიზ არჩვაძე ისეთივეა, როგორიც ეს პატარა ამბავი მისი ცხოვრებიდან:

- ხელმოკლედ ვცხოვრობდით. ოჯახში სამი შვილი ვყავდით. რანაირად გაგვქონდა თავი, არ ვიცი. ქართველიშვილის 1888 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" აბრეშუმის ყდითა და ზიჩის ილუსტრაციებით ერთ ბუხანკა პურში გაცვალა მამამ, სხვა რომ აღარაფერი გვქონდა გასაყიდი. მაშინ კარგად გამოვკითხე, ვის მიჰყიდა წიგნი. ჩავიწერე, რომ არ დამვიწყებოდა. უკვე ფეხზე კარგად რომ დავდექი, მოვძებნე ის კაცი. სოლიდური თანხა მთხოვა, მანქანის ფული იყო მაშინ. უსიტყვოდ გადავუხადე... მამაჩემის ფაქსიმილეიანი იყო ის წიგნი... საოცარი კალიგრაფია ჰქონდა.

ვაჟკაცურად მოვიქეცი? არა, რა ვაჟკაცობა ეგ იყო... გმირობა სულაც არ უნდოდა ამას. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, მთელი სიცოცხლე გულში ხანჯლად უნდა მეტარებინა დარდი.

"მგზავრის წერილები" რომ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე არ დაბრუნებულიყო, იქნებ ჩვენც გულში ხანჯლად გვეტარებინა დარდი. ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, პირველ თებერვალს, მარჯანიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა. "მგზავრის წერილები", რომელიც თავის დროზე თემურ ჩხეიძემ დადგა, დიმიტრი ღვთისიაშვილის ინსცენირებით დაბრუნდა... დარბაზში ოვაცია არ ცხრებოდა. სპექტაკლის შემდეგაც კი თენგიზ არჩვაძის გაშვება სცენიდან აღარ უნდოდათ.

ერთხელ, დიდი ხნის წინათ, როცა ჯერ კიდევ ბევრს არ ჰქონდა მოვლილი თუშეთის ბილიკები, თენგიზმა თუშეთიდან ჩამოიტანა ფრაზა, რომელიც დღეს ოდნავ შეცვლილიც კი ხშირად გვესმის. მახსოვს, სუნთქვა ეკვროდა, აღტაცებული ჰყვებოდა:

- შენაქოში, საფლავის ქვაზე, ზედ მიწის პირზე ასეთი რამ წავიკითხე: "ვინამც თქვა თუშთა გალევა, ნაპირ მოტეხა ცისია"-ო. როგორი აღფრთოვანებული იყო ამ ლაკონიური ფრაზის სიდიადით და ყოვლისმომცველობით!

"არ მოატყდება ნაპირი თენგიზ არჩვაძის შემოქმედებით ცას, ვინაიდან ძარღვმაგარია იგი ქართულ სიტყვასავით, ფრთამოხატულია გაზაფხულის ფერებით, ქედმაგარია და ქარაფის სიმტკიცე აქვს. არ მოტყდება, რადგან სიზმრად ნანახი კაცია უკვე" (ჯემალ მონიავა).