"უამრავი წინააღმდეგობა გაიარა, მტრობა, შუღლი, ნერვიულობა... თუმცა ყველაფერს გაუძლო" - კვირის პალიტრა

"უამრავი წინააღმდეგობა გაიარა, მტრობა, შუღლი, ნერვიულობა... თუმცა ყველაფერს გაუძლო"

"მოქეიფე ვერელი ბიჭი ვანდას ოჯახში არ მოსწონდათ და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ"

"პატარაობიდან მასწავლიდა სიმღერას. სახლში როდესაც მუშაობდა, შევძვრებოდი ხოლმე მასთან ოთახში. ხელს არ ვუშლიდი.…ძალიან მიყვარდა მის გვერდით ჯდომა და თვალის დევნება," - უყვება "კვირის პალიტრას" დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი თეონა კახიძე.

- ზოგი მამა აღფრთოვანებულია ხოლმე შვილის ნამღერით, ზოგი პირიქით - უფრო კრიტიკულად არის განწყობილი. ბატონი ჯანსუღი როგორი იყო?

- შენიშვნებს არასდროს მაძლევდა, მასწავლიდა. როცა წამოვიზარდე, ხშირად ვმღეროდი მასთან ერთად. ჩემმა ძმამ, ვახტანგმაც რომ დაიწყო მუსიკის წერა, ბევრი მისი სიმღერაც ვიმღერე. მამა ყოველთვის გვისმენდა. აღფრთოვანებას თუ არა, კმაყოფილებას მაინც გამოხატავდა.

ძალიან უყვარდა, როცა ერთად ვმღეროდით. ამბობდა, ეს სიმღერის მანერა კახიძეების ოჯახური ტრადიციიდან მოდისო. სადღაც მოჩუქურთმება, სადღაც ბგერის გაწელვა გენეტიკურად მიაჩნდა - ამას ვერ ისწავლი, გულიდან მოდისო.

- ბატონი ჯანსუღის მუსიკალური ფესვების შესახებ მიამბეთ... - მისი მშობლები და წინაპრები მუსიკოსები არ ყოფილან, თუმცა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. ბაბუა სუფრის კაცი იყო, პროფესიით მეღვინე. ჰყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები, საუკეთესო მომღერლები იყვნენ. მამა მათ გარემოცვაში გაიზარდა. ისინი იყვნენ მისი ძირითადი მასაზრდოებელი მუსიკალური წყარო.

53-ე სკოლა ადრე ვაჟთა მე-7 სკოლა იყო. სწორედ ეს სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მთელი თაობა მისი მეგობრები იყვნენ. ჰყავდა კონსერვატორიაში შეძენილი მეგობრებიც. რევაზ ლაღიძესთან მეგობრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო.

ჯანსუღ კახიძე და რეზო ლაღიძე

- წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ... - ბაბუაჩემი სოფელ ობჩიდან იყო. კახიძეების და ლაღიძეების გვარი იქიდან მოდის. მამა თბილისში დაიბადა. მამა მეგობარს არასდროს უღალატებდა და თუ მას ღალატობდა ვინმე, ამ ტკივილს ვერასდროს ივიწყებდა. ძირითადად, მუსიკალურ სფეროში იყო კონკურენცია, შური... არც გასაკვირია - განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ყველა სფეროში ბევრი მტერი და მოშურნე ჰყავს, თუმცა დრო ყველაფერს კარგად წარმოაჩენს, ყველა ხედავს, რა რჩება თაობებს...

მამას ბევრი მეგობარი ცოცხალი აღარ არის. ვინც დარჩნენ, დღემდე სიყვარულით იხსენებენ მას და მასთან გატარებულ დროს.

ის იყო ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ენერგეტიკა შეჰქონდა სამეგობრო წრეში. ეს არ იყო მხოლოდ სუფრასთან დაკავშირებული. კარგად რომ მღეროდა, დროს კარგად ატარებდა და კარგი თამადა იყო, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ასევე იყო გამორჩეული პროფესიონალი, ყველას დამხმარე, ოღონდ ჰქონდა კრიტერიუმები და პრინციპები, რომელთაც არასოდეს ღალატობდა.

- ბევრი ფილმი გააფორმა მუსიკალურად. მისი კინომუსიკაც განსაკუთრებულია...

- თვითონ მიიჩნევდა, რომ კომპოზიტორი არ იყო. მისთვის ეს იყო ჰობი, გატაცება, რაც კარგად გამოსდიოდა. მის სამეგობროში იყვნენ კინორეჟისორები ნანა მჭედლიძე, ელდარ შენგელაია და სხვა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს ნიჭი კინოში აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ. ძირითადად, სიმღერები იყო, მაგრამ ასევე იყო კინოსთვის შექმნილი მელოდიები და ჩანახატები.

მახსოვს "იავნანასთან" დაკავშირებული ამბავი. ნანა ჯანელიძე ფილმს რომ იღებდა, მოვიდა და უთხრა, ბატონო ჯანო, რა ვქნა, სხვა ვერ წარმომიდგენია, მუსიკა თქვენ უნდა დაწეროთო. ისეთი იავნანას დაწერა უნდოდა, რომელიც თან ქართული იქნებოდა და თან ევროპული მუსიკალური კულტურის ნიშან-თვისებებს შეიძენდა. მართლაც ასეთი გამოუვიდა - თან ძალიან ქართულია და თან ისეთი, ვინც უნდა მოისმინოს - ფრანგმა, იტალიელმა, იაპონელმა - ყველასთვის ადვილად აღსაქმელი იქნება.

ვატო და თეონა კახიძეები

- რაზე შეიძლებოდა გაბრაზებულიყო?

- ოჯახში ძალიან იშვიათად ბრაზდებოდა. ტყუილს, უპასუხისმგებლობას, მეტიჩრობას ვერ იტანდა.

ორკესტრში ძალიან მკაცრი იყო. თუკი ვინმე მის დისციპლინურ ნორმებს არღვევდა, ძალიან მკაცრ შენიშვნას აძლევდა, ხანდახან კი, როცა ეს სისტემატურ ხასიათს იძენდა, ორკესტრიდანაც უშვებდა. მოუმზადებლად მოსვლა, რეპეტიციაზე დაგვიანება, ყურადღების გაფანტვა მისთვის მიუღებელი იყო.

- მამა-შვილების ურთიერთობაზეც მინდა მიამბოთ... - ძალიან უნდოდა, ბიჭის მამა ყოფილიყო და ვატო რომ გაჩნდა, თურმე სამშობიაროში, ექიმის წინ, ყირა გაჭიმა სიხარულით. ვატო ჩემზე 10 წლით უფროსია. რა თქმა უნდა, მეორეც ბიჭი უნდოდა. ჩემზე ფეხმძიმე დედა სამშობიაროში რომ წაუყვანიათ, მამა გერმანიაში ყოფილა გასტროლებზე. როცა დაურეკავს, ვახტანგი მისულა ტელეფონთან და უხარებია - აუ, მა, და გამიჩნდაო. მამას უთქვამს, ბებიას დაუძახეო. ნაზი, ფაქიზი იმერელი ქალი იყო ბებია და დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის სიძე-სიდედრს. ჯანიკო, გილოცავ, პატარა გოგო შეგვეძინაო, უთქვამს და მამა ისე გაბრაზებულა, ყურმილი დაუდვია. მერე ამ ამბავს სულ ვახსენებდი, დიდი სიყვარული გვაკავშირდებდა ერთმანეთთან. ძალიან ვგავდი გარეგნობითაც, ხასიათითაც, ბევრი საერთო გვქონდა და ყოველთვის ვმეგობრობდით.

- ამბობენ, რომ მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის მის პროფესიულ წარმატებაში. მომიყევით, როგორ დაიწყო მათი ისტორია... - დედა პიანისტი გახლდათ. წარმოშობით ქუთაისიდან იყო, ნიჭიერი და პერსპექტიული მუსიკოსი, მაგრამ ჯანსუღ კახიძეს გადაეყარა... მამამ გვიან დაიწყო მუსიკის პროფესიულად შესწავლა. 13 წლის იყო, როცა მუსიკალურ ათწლედში მიიღეს, ამიტომ ექსტერნად დაამთავრა და მაშინვე დასვეს საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის მეორე კურსზე. დედაჩემი ვანდა კაკაბაძეც მეორე კურსზე იყო. ჰოდა, გადაირია მამა, არ მოეშვა და მეხუთე კურსზე, 22 წლისები გაიპარნენ, რადგან მოქეიფე ვერელი ბიჭი ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. კი იყო ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული, მაგრამ მისი მომავალი ჯერ არ ჩანდა. მიშელ ლეგრანთან ერთად კახიძეების ოჯახში დედა დიდი სიყვარულით მიიღეს, მალე ბებიაც შეურიგდათ... ძალიან მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ. დედაჩემმა მართლაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მამას წარმატებაში. მან პედაგოგიური მოღვაწეობა არჩია და დიდხანს ასწავლიდა კონსერვატორიაში. მამას ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ მისი დიდი ნიჭი განვითარებულიყო. ყველაფერში მხარში ედგნენ ერთმანეთს. მამამ უამრავი წინააღმდეგობა გაიარა, მტრობა, შუღლი, ნერვიულობა... თუმცა ყველაფერს გაუძლო...

- გოგონების გათხოვება მამებისთვის დიდი ამბავია... თქვენთან როგორ იყო?

- მშვიდად მოხდა ყველაფერი, ეჭვიანობისა და სცენების გარეშე. მეგობრულად მივედი და ვუთხარი, შემხვდა ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს და ვფიქრობთ, ერთად ცხოვრება გამოგვივა-მეთქი. მერე ოჯახშიც მოვიყვანე და ძალიან მოეწონათ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ერთად ყოფნას მამა ვერ მოესწრო - 2002 წლის 7 მარტს, როცა ოფიციალური ნიშნობა უნდა გვქონოდა, გარდაიცვალა. თუმცა იცოდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თან ძალიან უხაროდა და ეგ დარდი არ გაჰყოლია.

იხილეთ ასევე: ობჩის უბნის მელოდიები - რეპორტაჟი სოფლიდან, სადაც ორი დიდი მაესტრო გაიზარდა