პოსტკორონული ფსიქოფაქტორი და სოციალური დებულება... - კვირის პალიტრა

პოსტკორონული ფსიქოფაქტორი და სოციალური დებულება...

"რა ეტაპებს მოიცავს მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა..."

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაზე და რა სიძნელეებმა შეიძლება იჩინოს თავი პოსტპანდემიურ პერიოდში? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "კვირის პალიტრასთან" ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე ისაუბრებს:

- ბოლოს როდის იცინეთ გულიანად? როდის აკეთეთ დიდი ენთუზიაზმით საკუთარი საქმე? როდის ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს? როდის მიხვდით, რომ თბილისში უთქვენოდ აყვავდა აკაციები და უხმოდ ჩაიარა გაზაფხულმა?

მე მგონი, თვალსაჩინო ცვლილებების გარდა, პანდემიამ შეგრძნებების დეფიციტი და ემოციების სიღარიბე დაგვიტოვა და ეს ისე ნელ-ნელა მოხდა, ვერც მივხვდით. ვინც მოახერხა და ქალაქგარეთ წავიდა, ან ვინც ისედაც ცხოვრობს სოფლად, ვერ იგრძნობდა იმ სიცარიელეს, რამაც ქალაქში დარჩენილები, აგურებსა და ბლოკებში გამოკეტილები შეგვაწუხა. ახლა პანდემია, ასე თუ ისე, მიილია, ყოველ შემთხვევაში - ეს ეტაპი მაინც. გვეუბნებიან, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება. ჩვენ ბევრ ქვეყანასთან შედარებით უპირატესობა გვაქვს - საქართველოში ინფიცირების შემთხვევა ძალიან ცოტაა, ამიტომ უფრო მშვიდად და იმედიანად ვართ, თუმცა შიში დარჩა. პანდემიის პირველი ეტაპი მართლაც ძალიან მძიმე იყო. ახლა თითქოს შევეჩვიეთ. ბევრისგან გავიგე, რომ სახლში ჯდომა და პასიური ცხოვრების წესი გაითავისა კიდეც.

- თუმცა ბვერი იმასაც ამბობს, რომც არ მოგეცათ გარეთ გასვლის უფლება, შინ მაინც ვეღარ გავძლებდითო. - ასე გვეგონა, მაგრამ მგონი, სულ სხვა სურათი მივიღეთ. ბევრისგან მესმის სიტყვა "მეზარება". ჩემს თავსაც შევატყვე, რომ ახლა სხვა ტემპი მაქვს - შედარებით ნელა ვაკეთებ იმას, რაც მანამდე უნდა მომესწრო, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. ახლა შემიძლია, რა ღაცები დინჯად ვაკეთო. ამას თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც.

- პლუსი რა არის?

- საკუთარ თავთან დავრჩით, რაც ფუფუნებაა და რისი საშუალებაც, წლებია, არ გვქონია. არის ადამიანთა კატეგორია, რომელმაც ეს პერიოდი კარგად გამოიყენა თვითგანვითარებისთვის - მხატვრული ლიტერატურის კითხვით დაწყებული, ახალი პროფესიის შესწავლით დამთავრებული. ასეთი ხალხი მშვიდად არის, მაგრამ უმრავლესობამ მძიმედ გადაიტანა ეს პერიოდი.

ჩვენს ინტერვიუმდე ამ სტატიისთვის გამოკითხვა ჩავატარეთ. მკითხველს რამდენიმე დებულება შევთავაზეთ. კითხვაზე: "პოსტპანდემიურ პერიოდში რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს?" ერთ-ერთი პასუხი იყო: "ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი და შეიძლება ეს პრობლემა მეც შემეხოს" და ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამ პასუხმა მიიღო. რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით, რომ სოციალური პრობლემები იქნება არანაკლებ მძიმე, ვიდრე პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

- რაც შფოთვას ზრდის.

- რა თქმა უნდა! ვეღარ ვხვდებით, რისი უფრო უნდა გვეშინოდეს - პანდემიის თუ იმ მდგომარეობის, რომელშიც ცოტა ხანში შეიძლება აღმოვჩნდეთ და ეს უფრო სანერვიულოა, ვიდრე პანდემია. უმუშევრობა უფრო მძიმე გადასატანია.

მეორე პასუხი, რომელმაც პირველზე ნაკლები ხმა მიიღო, არის: "გამიჭირდება უწინდელ რიტმზე გადაწყობა". ტემპი მართლაც შენელდა.

უფრო ნაკლები ხმა აქვს პასუხს: "მოვერიდები ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას და საქმეს ისევ დისტანციურად გავაკეთებ". ეს, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიას არ ეხება, თუმცა მსოფლიოში მართლაც გაჩნდება კატეგორია, რომელიც მუშაობის ამ ფორმას აირჩევს. გაჩნდებიან მენეჯერები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც მიხვდებიან, რომ დიდი ოფისები აუცილებელი აღარ არის და შეიძლება თანამშრომლების ნაწილმა დისტანციურად იმუშაოს.

მნიშვნელოვანი იყო ერთი ადამიანის მოსაზრება, რომელმაც მითხრა, მე ისეთი პროფესია მაქვს, არ გამომდის ამ სიტუაციაში მუშაობა, რადგან ფიზიკურად მიხდება ადამიანებთან შეხება, ამიტომ ალბათ, სხვა პროფესიის დაუფლებაზე ვიფიქრებ, რომ სხვა დროს კრიტიკულ სიტუაციაში იმავე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეო. ეს მოსაზრებაც დებულებად ვაქციე და მასაც ბევრი გამოეხმაურა. ეს აქტუალური თემაა. გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მიხვდებიან, რომ სხვა პროფესიაც უნდა აითვისონ, რათა კრიტიკულ სიტუაციაში ერთი საქმის იმედად არ დარჩნენ.

არც ერთი ხმა არ ერგო დებულებას: "კიდევ დიდხანს გამყვება დაინფიცირების შიში". ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა.

- მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ეს ეტაპი თითქმის გადავიარეთ, ცხადია, ურთიერთობის ფორმები შეგვეცვლება. - დიახ, შეგვეცვლება. მოგეხსენებათ, ქართველებს ერთმანეთთან ახლოს ყოფნა გვიყვარს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ პირადი სივრცე არის 50 სმ. ჩვენ და ევროპელებს ეს მანძილი დაახლოებით ერთნაირად გვაქვს, ამერიკელებს მეტი - 80 სანტიმეტრამდე, აზიელებს კი - უფრო ნაკლები. პანდემიამ ესეც მოაწესრიგა - ადამიანს თუ მიუახლოვდი, ისე გიყურებს, ხვდები, რომ უკან უნდა დაიხიო. ეს ცუდი არ არის. იქნებ ჩვევად დაგვრჩეს და ერთმანეთის პირად სივრცეს პატივი ვცეთ.

აუცილებლად დარჩება სენსორული შიმშილი. გაჩნდა შეხების ნაკლებობა და ეს ბევრისთვის პრობლემად იქცა. ადამიანი ყოველთვის ვერ მიხვდება, რომ სენსორული შიმშილის გამოა ცუდად, მაგრამ ხვდება, რომ ამის სიცარიელის სხვა რაღაცებით შევსება უნდა დაიწყოს და ბევრმა დაიწყო ხატვა, კერვა, ქსოვა, საჭმლის მომზადება. ეს სწორედ სენსორული შიმშილის გამოძახილია. დაიწყეს ხელით შეხება, სუნის, გემოს შეგრძნება. ეს ყველაფერი კინესთეტიკურ ინტელექტთან არის დაკავშირებული და ბევრმა ეს ისე დაიწყო, თვითონაც ვერ მიხვდა. ეს თერაპიაა.

- კიდევ რა კვალს დაგვიტოვებს ეს პერიოდი?

- ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, რომლებიც ნელ-ნელა იჩენს თავს და შემოდგომაზე უკიდურესად საგრძნობი იქნება. გაჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დარჩება შემოსავლის გარეშე, რადგან, ერთი მხრივ, მისი პროფესია შეიძლება აღარ იყოს მოთხოვნადი, მეორე მხრივ კი, ბევრი მენეჯერი, თანხის დაზოგვის მიზნით, სამიდან ერთ თანამშრომელს დატოვებს, რომ კრიზისიდან გამოიყვანოს კომპანია. არ მაქვს იმედი, რომ ასეთ პირობებში ადამიანის მდგომარეობას გაითვალისწინებენ, რადგან პრობლემის გაჩენისას ადამიანები საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ოჯახის გადარჩენისთვის ზრუნვას იწყებენ.

ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაამ მასლოუმ შექმნა ადამიანის მოთხოვნილებათა პირამიდა. ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. პირველ ორ მოთხოვნილებას მასლოუ პირველად მოთხოვნილებებს უწოდებს, ხოლო მესამეს და ყველა მომდევნოს - შეძენილს. ადამიანს უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როცა დაბალი საფეხურის მოთხოვნილება მეტ-ნაკლებად მაინც აქვს დაკმაყოფილებული. მასლოუ მოთხოვნილებათა ხუთ კლასს გამოყოფს: 1. ფიზიოლოგიურს; 2. უსაფრთხოებას; 3. სოციალურს (მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული); 4. აღიარებასა და 5. თვითრეალიზაციას. თუ ადამიანს არა აქვს საკვები და უსაფრთხოება, თვითრეალიზაცია, აღიარება და მაღალი ღირებულებები აღარ აინტერესებს, ამიტომ ცოტა ხანს უფრო მეტ ადამიანს მოგვიწევს მასლოუს პირამიდის ქვედა საფეხურზე ჩამოცოცება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კრიზისი ცვლილების სათავეა. თუ ჩვენ შემოდგომის პერიოდიც ღირსეულად გავიარეთ, ღირსება მოგვემატება, თვითშეფასება აგვიმაღლდება, როგორც პანდემიის დროს, როცა პირველ კვირებში კი შეგვეშინდა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თავდაჯერება მოგვემატა. მე ვიყავი ამაყი, რომ აღმოგვაჩნდნენ ისეთი პროფესიონალები, რომლებმაც გადაგვარჩინეს.

- რომელი თვისებების წინ წამოწევა გვჭირდება?

- ნებისმიერი ასეთი ცვლილების დროს ქვეყანაში იმარჯვებენ ისინი, ვისაც ადაპტირების სწრაფი უნარი აქვთ და კრიზისიდან ადვილად გამოდიან. ეს ყველას არ შეუძლია. ვიღაცას ამისთვის მეტი დრო სჭირდება, ვიღაცას - ნაკლები.

- მგონია, ბევრი სოფელს დაუბრუნდება.

- ახლა ქალაქიდან ბევრი წავიდა. ნიშანდობლივი იყო ჩემთვის ერთი მეწარმის პოსტი, რომელიც სეზონზე ყიდის სხვადასხვა მცენარის ჩითილებს. წელს თურმე ჩვეულებრივზე დიდი მოთხოვნა იყო, ადამიანები უთენია დგებოდნენ რიგში ჩითილის შესაძენად, ანუ ვისაც სოფელი აქვს, ბევრი მიხვდა, რომ ეს იყო გადარჩენის საუკეთესო გზა. თუმცა ეს ჩვენთვის ახალი არ ყოფილა - 90-იან წლებში ბევრს ეს გავლილი გვაქვს, ამიტომ უცბად მივხვდით, რა უნდა გვეკეთებინა. ჩვენ მიჩვეული ვართ მძიმე პერიოდებს, ისტორიული მეხსიერება მოგვყვება, ამიტომ სწრაფად ვახერხებთ კრიტიკულ ვითარებასთან ადაპტირებას.

- ამბობენ, რომ გველის მეორე, მესამე ტალღა... ამან ხალხი უფრო შეაშფოთა... - რატომღაც ესეც სახლში ჯდომას დაუკავშირეს, მაგრამ ახლა ზუსტად ვერავინ გვეტყვის, ისევ დაგვჭირდება თუ არა შინ ჯდომა. ჯერ ვაქცინა და წამალიც არ გვაქვს... მთელი ზაფხული გვაქვს შემოდგომამდე მოსამზადებლად - ახალი საქმიანობის დასაწყებად ან ძველის გასამტკიცებლად... თუ ყველაფერი თავიდან დაიწყო, ადამიანები ისევ გადავლენ იზოლაციაში, რადგან სიკვდილის შიში ძლიერია. თანაც გააჩნია, როგორ შეგვაშინებენ... როცა კუბოებით შეგვაშინეს, კი აღშფოთდა მოსახლეობა, მაგრამ ამან თავისი საქმე მაინც გააკეთა.

ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გაძლოს სრულ იზოლაციაში. ადამიანს სვამდნენ კაფსულაში, სადაც ჟანგბადი ჰქონდა და ღრმად უშვებდნენ წყალში. მას შეხება არ ჰქონდა გარემოსთან. იყო უძრავ მდგომარეობაში და აკვირდებოდნენ, რამდენ ხანს შეეძლო გაძლება. მაქსიმალური დრო იყო 48 საათი. ადამიანთა უმრავლესობას ასეთ გარემოში ორ-სამ საათზე მეტხანს არ შეუძლია გაჩერება. ბევრს მალე ჰალუცინაციები დაეწყო. ცხადია, ასეთ იზოლაციას ჩვენი სახლში დარჩენა ვერ შეედრება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული იზოლაცია ადამიანისთვის მომაკვდინებელია. მას სჭირდება გარე სამყაროსთან ურთიერთობა, რომ გადარჩეს და ჯანსაღად იცხოვროს.

ბევრი ავტორი სენსორულ შიმშილს ამსგავსებს ფიზიოლოგიურ შიმშილს. როგორც ფიზიოლოგიური შიმშილის ატანა არ შეუძლია ადამიანს და ცუდად ხდება, დაახლოებით ასე ემართება სხეულსაც. ცუდად ყოფნისას ადამიანის ჩახუტება მდგომარეობიდან გამოსვლის უმოკლესი გზაა. ჩვილობის პერიოდში ბავშვისთვის აუცილებელია გამზრდელთან შეხება, ანუ ფიზიკური შეხებით ურთიერთობს გარემოსთან. ბავშვს თუ არ შეეხე, განვითარებაშიც ჩამორჩება და შეიძლება კიდევ უამრავი პრობლემა გამოიწვიოს. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ერიკ ბერნი ამბობს, რომ როდესაც ჩვენ ვიზრდებით, ასეთი შეხება გარემოსთან ნაკლები გვაქვს, რადგან სოციალური ნორმების გამო თავს ვიკავებთ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისგან. ბერნის აზრით, ამას აღიარების მოთხოვნილება ანაცვლებს - თუ ადამიანი სხვა ადამიანებისგან იღებს აღიარებას, სენსორული შიმშილი კმაყოფილდება, ანუ რაც უფრო აღიარებულია ადამიანი, მით უფრო კარგად გრძნობს თავს და უბრუნდება ბავშვობის მდგომარეობას. ამიტომ გვიჭირს ახლო ურთიერთობის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ოდესმე ყველაფერი მთავრდება, ესეც გაივლის, მანამდე კი თუ გიჩნდებათ შეგრძნებები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი მოძებნეთ: ხშირად ჩაეხუტეთ ახლობლებს, მოეფერეთ შინაურ ცხოველებს, იპოვეთ საყვარელი საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ და შეეცადეთ, გაამდიდროთ გარემო, საიდანაც უამრავი ფერის, სუნისა თუ გემოს შეგრძნება შეგვიძლია.